სასკოლო სახელმძღვანელოების არჩევისას დირექტორები გადაწყვეტილებას, ზოგიერთ შემთხვევაში, სუბიექტურად იღებენ – კვლევის შედეგები
“თუ სახელმძღვანელო ასარჩევი გვაქვს, კათედრაზე ვირჩევთ, მაგრამ რაც ვიცი, ძირითადად დირექტორები არჩევენ თვითონ” – ეს გახლავთ ერთ-ერთი პედაგოგის ფრაზა, რომელიც მან სკოლაში გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
სახელმძღვანელოების შერჩევასა და შეფასებაში ერთ-ერთ საკვანძო გამოწვევად სკოლების როლი და რიგ შემთხვევაში, მასწავლებლების მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა გამოიკვეთა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით მომზადებულ კვლევაში, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თანასწორობის პოლიტიკას ეხება. დოკუმენტში სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, მე-9 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოები და მათი შერჩევის საკითხებიცაა განხილული.
კვლევის თანახმად, სკოლის დონეზე სახელმძღვანელოს შერჩევის პროცესში გამოწვევები უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას და სახელმძღვანელოს შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციისა და კომპეტენციების ნაკლებობას.
სახელმძღვანელო სკოლის დონეზე უნდა შეირჩეს კათედრაზე, ყველა ალტერნატივის შეფასების განხილვისა და შეფასების შემდეგ (იმ შემთხვევაში, თუ არის არჩევანის საშუალება), თუმცა, რესპონდენტების თქმით, გადაწყვეტილება სკოლის დონეზე ზოგიერთ შემთხვევაში დირექტორის მიერ სუბიექტურად მიიღება და პროცესში კათედრა საერთოდ არ მონაწილეობს.
„ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ყველა სახელმძღვანელოს. მე უფრო მაქვს ცოდნა იმისა, რა როგორ შევაფასო და მასწავლებლებს ვეუბნები, რატომ არის ცუდი ან კარგი ეს ავტორი, მაგრამ ტრენინგზე ჩემ გვერდით მჯდარა მასწავლებელი და უთქვამს, რა ვიცი, რა წიგნი ავიღეთ, დირექტორმა მონიშნაო“, – ამბობს კვლევაში მონაწილე დირექტორი.
„თუ ასარჩევი გვაქვს რამე, კათედრაზე ვირჩევთ, მაგრამ რაც ვიცი, ძირითადად დირექტორები არჩევენ თვითონ“, – აცხადებს კვლევაში მონაწილე მასწავლებელი.
არჩევანის არსებობის შემთხვევაში საინტერესოა ისიც, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მასწავლებელზე. მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. მოქმედ ფაქტორებს შორის დასახელდა:
- სახელმძღვანელო ნაცნობ (ძველი) ავტორთა ჯგუფით;
- მასწავლებლებისთვის დამატებითი რესურსების არსებობა, მაგალითად, დისკი, სავარჯიშოების კრებული;
- სახელმძღვანელოს შემუშავებაში მათთვის ნაცნობი მასწავლებლების მონაწილეობა;
- კოლეგების რეკომენდაციები სკოლაში და სკოლის მიღმა;
- სახელმძღვანელოში ნაკლები სინტაქსური და ტექნიკური შეცდომა;
- სახელმძღვანელოს მეთოდიკა.
მასწავლებლები, რომლებიც სახელმძღვანელოების შერჩევის დროს უფრო მეტ აქცენტს მეთოდურ ნაწილზე აკეთებდნენ, აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში პედაგოგების უმრავლესობას ეს კომპეტენცია არ აქვს და ამიტომ უმჯობესია წიგნების შესახებ მეტი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი.
კვლევის ავტორების თქმით, სახელმძღვანელოების თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ მსჯელობისას გამოიკვეთა მასწავლებლების კომპეტენციების მიმართულებით არსებული გამოწვევები. რესპონდენტი მასწავლებლები იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ თანასწორობისა და ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება ყველა პედაგოგსა და დირექტორს არ შეუძლია არც სახელმძღვანელოს შერჩევის და არც შემდგომ სწავლების პროცესში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა სახელმძღვანელოს შერჩევის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად დაასახელეს სამოქალაქო განათლებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა. ასევე მათ, ვისაც სხვადასხვა დროს ამ მიმართულებით ჰქონდა ტრენინგი გავლილი.
მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების შეფასებით, სკოლებში შერჩევის პროცესი დღესდღეობით სრულფასოვნად არ ხორციელდება, რაც მათი დაბალი მოტივაციით და სახელმძღვანელოებზე არასაკმარისი ინფორმაციით არის განპირობებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ წიგნების შერჩევის პროცესში სკოლის როლის გაზრდა და მასწავლებლების კომპეტენციების გაძლიერება სახელმძღვანელოების პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ვექტორს უნდა წარმოადგენდეს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება