GE

სახალხო დამცველი არასრულწლოვანი პატიმრების მიმართ დეესკალაციის ოთახის გამოყენებას აკრიტიკებს

ომბუდსმენის აპარატი სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ანგარიშში გაანალიზდა სისტემური და თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

როგორც სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, განხორციელებული ვიზიტების დროს N2 დაწესებულებაში 7 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, ხოლო N8 დაწესებულებაში – 26 არასრულწლოვანი. ორივე დაწესებულებაში არასრულწლოვანთა სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი შეჩერებულია, სარეაბილიტაციო აქტივობები კი მწირი სახითაა წარმოდგენილი. N2 და N8 დაწესებულებებში სკოლა არ ფუნქციონირებს, თუმცა კვირის სამუშაო დღეებში ტარდება გაკვეთილები რამდენიმე საგანში.

ასევე 2019 წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით N2 დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში არასრულწლოვნის მოთავსების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე შემთხვევაში არასრულწლოვნები 3 დღით იყვნენ მოთავსებული დეესკალაციის ოთახში.

„დეესკალაციის ოთახში არ არის საწოლი ან მოსასვენებელი სკამი და იატაკზე დევს მხოლოდ ერთი მყარი ტყავის მატრასი. დეესკალაციის ოთახში უზრუნველყოფილი არაა სათანადო სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა, ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაცია, ოთახში დგას ნესტის სუნი. დეესკალაციის ოთახებში მყოფ პატიმრებს არ ეძლევათ მაღაზიით, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი თვლის, რომ დაუშვებელია არასრულწლოვნის მოთავსება დეესკალაციის ოთახში არსებულ პირობებში, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს იუსტიციის სამინისტროს მიმართ:

• უზრუნველყოს N2 და N8 დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელება;

• უზრუნველყოს არასრულწლოვნების დეესკალაციის ოთახში მოთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა და კრიზისულ სიტუაციაში მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მყისიერი ჩართულობა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით;

• საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების (N388–N01-18/ნ) მე–4 მუხლის I პუნქტში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმად, არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამ კომპონენტიანი სადილი;

• არასრულწლოვნებისთვის ოთხჯერადი ჯანსაღი კვების უზრუნველყოფამდე განხორციელდეს N2 დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის საკვების მიწოდება დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური