GE

სახელმწიფო აუდიტი საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაკლოვანებებზე წერს – ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ 2019-2022 წლების შესაბამისობის აუდიტი, რის შედეგად გამოვლინდა არაერთი ნაკლოვანება და ხარვეზი.

ამის შესახებ იმ სქელტანიანი ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც აუდიტის სამსახურმა 30 მაისს გაასაჯაროვა.

ვიდრე ნაკლოვანებებს გაგაცნობთ, წარმოგიდგენთ ჩამონათვალს რა შეისწავლა და რა პრობლემური მიგნებები გამოავლინა სახელმწიფო აუდიტმა:

შესყიდვის პროცესში ბაზრის კვლევა: ფონდი სკოლების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის დროს სათანადოდ არ ახორციელებდა ბაზრის კვლევას, რაც ქმნის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად განკარგვის რისკს.

წინასწარი ანგარიშსწორება: ზოგიერთ შემთხვევაში არ არის დაცული ხელშეკრულებების მოთხოვნა კონტრაქტორების მიერ ავანსების არგუმენტირებული მოთხოვნის შესახებ. ამასთანავე, ფონდს არ გააჩნია ავანსების დაქვითვის პროპორციასთან დაკავშირებით, დოკუმენტის სახით შექმნილი მეთოდოლოგია. ერთ შემთხვევაში ავანსი გაცემულია არასათანადო გარანტიის საფუძველზე

რეაბილიტაციის პროექტების შედგენის მდგომარეობა: სკოლების რეაბილიტაციის პროექტები, ხშირ შემთხვევაში, შედგენილია ფაქტობრივად შესასრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობებით. შედეგად, საჭირო გახდა ხელშეკრულებებში არაერთჯერადი ცვლილებების განხორციელება, შესაბამისად, სახელშეკრულებო ღირებულებების და სამუშაოების დასრულების ვადების მნიშვნელოვნად გაზრდა, რამაც გამოიწვია ბენეფიციარებისთვის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების − რეაბილიტირებული სკოლების დაგვიანებით მიწოდება.

კონტროლის მექანიზმები ხელშეკრულებებში: ხელშეკრულებების პირობები არ ითვალისწინებს: – სკოლების რეაბილიტაციის პროცესში დემონტირებული, ვარგისი მასალების აღრიცხვას, დასაწყობებას და ბენეფიციარზე გადაცემას, რაც წარმოქმნის დემონტირებული, ვარგისი მასალების, დადგენილი ნორმების შეუსაბამოდ განკარგვის რისკს. – ანგარიშსწორების დროს, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დადასტურებას აკრედიტებული პირის მიერ, რაც მოქმედ კონტროლის მექანიზმებში ნაკლოვანებების არსებობის გამო, ზრდის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვის რისკს.

შესყიდვის პროცესში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების მდგომარეობა: ერთ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმდა არასათანადო გარანტიის საფუძველზე.

ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მდგომარეობა: ხელშეკრულების პირობების არსებითი დარღვევის გამო ფონდმა კონტრაქტორებზე დასარიცხი ჯარიმის დაკისრების მიზნით სასამართლოს მიმართა ხელშეკრულებების შეწყვეტიდან 13-18 თვის შემდგომ, რაც თანხვედრაში არ არის საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის პრინციპთან.

ობიექტების დაზღვევა: ზოგიერთ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისი. რაც არ შეესაბამება ხელშეკრულებების მოთხოვნებს.

საბანკო გარანტიების წარმოდგენის მდგომარეობა: ზოგიერთ შემთხვევაში, ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების გამო, წარმოდგენილი გარანტიების მოქმედების ვადა და მათი მოცულობა არ შეესაბამება ხელშეკრულებით და ტენდერის პირობებით დადგენილ ვადას და მოცულობას.

სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და შესრულებული სამუშაოს ანგარიშები: ზოგიერთ შემთხვევაში, ფონდმა სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. კონტრაქტორების მიერ ფონდში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების ანგარიშები არ მოიცავს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს.

პროექტების ექსპერტიზის მდგომარეობა: იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობდა შესაბამისი სატენდერო მოთხოვნა, სკოლების რეაბილიტაციის პროექტების კონსტრუქციული ნაწილის მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობა დამოწმებულია აკრედიტებული პირის მიერ, თუმცა იმავე სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა კონსტრუქციული ნაწილის ცვლილებების აკრედიტებული პირის მიერ დამოწმებას.

ხელშეკრულებების შეწყვეტის პროცესი: სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ხელშეკრულებების შეწყვეტის დროს, ფონდის მიერ სათანადო ინვენტარიზაციები არ ჩატარებულა; ასევე ახალ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაფორმებამდე პერიოდში, აქტივების მოვლა-შენახვაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირები არ განისაზღვრა. აღნიშნული გარემოებები წარმოქმნის აქტივების დაზიანებისა და მითვისების რისკებს.

მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი: რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების რეაბილიტაციაზე ახალი კონტრაქტორების მიერ შედგენილი შესრულებული სამუშაოების ანგარიშებში, ზოგიერთ შემთხვევაში ასახული მოცულობები და მათზე ბიუჯეტიდან ანაზღაურებული თანხები ფონდის მიერ ერთხელ უკვე დადასტურებული და ანაზღაურებული იყო პირველი კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ანგარიშების საფუძველზე. შედეგად, შეწყვეტილი კონტრაქტების ფარგლებში, ქალაქ რუსთავის N25 და N26, სოფლების: ნორიოს და გამარჯვების სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხელმეორედ განხორციელებულ 89 სახის სამუშაოზე ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 847,187 ლარი (მათ შორის, რუსთავის N25 და N26 სკოლებზე − 592,722 ლარი). რუსთავის N25 სკოლის ბრტყელი გადახურვის სამუშაოებისთვის ფონდმა 189,055 ლარი არაეკონომიურად გაწია.

საბიუჯეტო რესურსების დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება: სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები წლების განმავლობაში არ დგებოდა პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რამაც ოთხივე წელს განაპირობა პროგრამისთვის დამტკიცებული ასიგნებების დაუსაბუთებლობა. შესაბამისად, წლიურ ბიუჯეტებში დამტკიცებული მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსების მიუხედავად, ცალკეულ წლებში ვერ განხორციელდა დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება.

როგორც სახელმწიფო აუდიტი წერს, გაიცა რეკომენდაციები, რომლის განხორციელების შედეგადაც: მოწესრიგდება რეაბილიტაციის პროცესში დემონტირებული, ვარგისი მასალების აღრიცხვის მდგომარეობა; შემცირდება საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივად განკარგვის რისკი; დაიხვეწება პროექტების კონსტრუქციულ ნაწილში ცვლილებების განხორციელების პროცესი.

იხილეთ დეტალურად გამოვლენილი ნაკლოვანებები და რეკომენდაციები ანგარიშის დოკუმენტში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური