GE

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოყვანილი 20 არასრულწლოვნიდან 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობას აგრძელებს, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პანსიონატიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე 3 დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობს. ისინი არასრულწლოვანების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ.

ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის: ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა. აღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობით განხორციელდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას“, – აცხადებენ სააგენტოში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან, ჯამში, 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ერთი ბავშვია.

დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ, 5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

PHR-მა 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ ყველა ბავშვის გამოყვანა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ; რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე – იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 4 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამავე განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.

წყარო: tv იმედი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური