რა უნდა ჰქონდეს თან გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს და როგორ წარიმართება საგამოცდო პროცესი
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 ივლისის თვეში ჩატარდება. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას კი აბიტურიენტები 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით, EDU.ARIS.GE გიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო პროცესის შესახებ, რა ნივთები უნდა ჰქონდეს გამოცდაზე მისვლისას და როგორია მისი უფლებები, თუ ჩათვლის, რომ გამოცდის მიმდინარეობის პროცესში მის მიმართ წესები დაირღვა.
რა უნდა იქონიოთ გამოცდაზე (ის, რაც აუცილებელია)
- საგამოცდო ბარათი
- სურვილის შემთხვევაში, გელიანი, ე.წ. ტუშის შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ – ბურთულიანი წვერით
- პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება – ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი წერია.
რა შეგიძლიათ იქონიოთ საჭიროების მიხედვით – წყალი პლასტმასის ბოთლით, პირადი ჰიგიენის ნივთები, მედიკამენტი.
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო პროცესის შესახებ
გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
– აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს. • რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს.
– რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.
– აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
– ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომრები იდენტურია).
– განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).
– სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
– ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი.
– საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს.
– საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში
როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები
ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024