GE

მათემატიკის გაკვეთილი – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაში

ავტორი: ნინო სამხარაძე, ფსიქოლოგი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, სტატია განკუთვნილია EDU.ARIS.GE-ს პროექტისთვის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“.

გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს ეშინია შეცდომის დაშვების? ერთი შეცდომა და მაშინვე იწყებს ტირილს, შფოთვას, ნერვიულობას?

იქნებ ეს ვერსია გეცნობათ, როდესაც მოსწავლე მაღალი აკადემიური შედეგებით გამოირჩევა, მაგრამ სხვა მოსწავლეების მიმართ მხარდაჭერა და თანაგანცდა უჭირს….

კიდევ ბევრი მაგალითი შეიძლება გაგვახსენდეს სოციალურ-ემოციურ კომპეტენციებთან დაკავშირებით, რადგანაც უზომოდ ფართო ცნებაა და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

  • საკუთარი ემოციების ამოცნობა და განსაზღვრა;
  • საკუთარი ემოციების მართვა;
  • ემპათია, თანაგანცდა;
  • გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება გარშემომყოფებთან.

აღნიშნული კომპონენტები კი, თავის მხრივ, კონკრეტულ აქტივობებს მოიცავს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვეხმარება გარემოსთან ურთიერთობაში.

მაგრამ ვინ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს აღნიშნული უნარები?

როგორ მოვიქცე, თუ მათემატიკაში კონკრეტული მიზნები მაქვს მისაღწევი – სტანდარტს მივყვე თუ მოსწავლეების ემოციურ რეგულაციაზე ზრუნვას?

თუ ეს დილემა გაწუხებთ, კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს რამდენიმე კონკრეტულ აქტივობაზე ვისაუბრებთ, რომელიც უკავშირდება მათემატიკის სტანდარტსა და აღნიშნული უნარების ხელშეწყობას.

პირველი აქტივობა უკავშირდება მათემატიკის მესამე კლასის სტანდარტს: “მათ. III.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტირება.’’

აქტივობის აღწერა კი ასეთია:

მოსწავლეებს ვთავაზობთ დააკვირდნენ დღის მანძილზე საკუთარ ემოციებს, ეს არის შიში, სიხარული და ბრაზი.

ჩაინიშნონ დღის მანძილზე თითოეული მათგანის რაოდენობა, 1 კვირის დაკვირვების შედეგები კი გამოსახონ გრაფიკულად.

 

აღნიშნული აქტივობა ერთდროულად რამდენიმე უნარს ავითარებს: საკუთარ ემოციებზე დაკვირვება, მათი აღწერა, დამოუკიდებლად მუშაობა, პასუხისმგებლობის გრძნობა.

ცხადია, მათემატიკურ უნარებსაც ავითარებს – ნაცვლად წიგნში მოყვანილი მონაცემებისა, საკუთარი გამოცდილება ხდება ნედლი მასალა, რომელსაც შემდეგ ასე საინტერესოდ გამოსახავს.

შესაძლებელია მოვაწყოთ პრეზენტაციაც, სადაც მოხალისე მოსწავლეები დეტალურად აღწერენ საკუთარ გამოცდილებას, რაც სხვა მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მოვლენებს სხვისი პოზიციიდან შეხედონ და გამოიჩინონ ემპათია, რაც შეიძლება, მასწავლებელმა ასე წაახალისოს:

  • „ვინ არის მოხალისე რომ მისცეს რჩევა მაგალითად ნინოს თავისი ემოციების მართვასთან დაკავშირებით?’’
  • „ვინ არის მოხალისე რომ გაამხნევოს ნიკოლოზი თავის შიშებთან დაკავშირებით?’’

მსგავსი ინტერპეტაციები მოსწავლეებს უბიძგებს ერთმანეთის მხარდაჭერისაკენ და კლასში ქმნის მეგობრულ და მხარდამჭერ ატმოსფეროს.

მეორე აქტივობა

წავახალისოთ დიალოგი მოსწავლეებს შორის.

მაგალითად, თუ სტანდარტის მიხედვით მოსწავლეები მესამე კლასში უნდა აცნობიერებდნენ: „მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება“.

ჩვენ კი ვამჩნევთ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ძალიან უძნელდება გამრავლებისა და გაყოფის მოქმედებების გააზრება და დაკავშირება შეკრება- გამოკლებასთან, შეგვიძლია ეს აქტივობა წყვილებში დავგეგმოთ ისე, რომ დიალოგის სახე და მონაცემთა შეგოვების მიზანი დავისახოთ.

მაგალითად: ერთი მოსწავლე მეორე მოსწავლეს უტარებს ინტერვიუს ზემოთქმულ საკითხზე:

მოსწავლეები ასეთ დროს გაიუმჯობესებენ დიალოგის უნარებს, რაც ხელს უწყობს მხარდაჭერის, კომუნიკაციის, შეკითხვის ფორმულირების უნარების გაუმჯობესებას. ხოლო მოსწავლე, რომელსაც აქვს სირთულეები გამრავლებასა და გაყოფასთან, გაცილებით მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც მას თანატოლი ესაუბრება და უხსნის. შესაძლოა, ერთად დაისახონ გეგმა, თუ როგორ შეიძლება შედეგების გაუმჯობესება.

ცხადია, ზემოთქმული აქტივობები შეიძლება მასწავლებელმა შეცვალოს თავისი გამოცდილებისა და კლასის მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავარი და საგულისხმო არის შემდეგი: თითოეულ მოსწავლეს აქვს პოტენციალი, რომელიც შეიძლება მარტივი წახალისებითა და გამხნევებით აღმოაჩინოს ისე, რომ თვითონაც გაოცებული დარჩეს.

გაიხსენეთ, ჩვენ რამდენი ნიჭი აღმოგვიჩენია საკუთარ თავში დიდი ხნის შემდეგ?

=

რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ:

რატომ გვჭირდება სკოლა?

„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე

რას უნდა აკეთებდეს მათემატიკის „კარგი“ პედაგოგი საკლასო ოთახში – მენტორი მასწავლებლის ექსკურსი მათემატიკაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური