GE

შევქმნი ტაიმერს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს მეცადინეობისას დროის მენეჯმენტში – მოსწავლე რუსთავიდან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მიერ საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“ განხორციელდა. პროექტი განკუთვნილი იყო მე-8-მე-12- კლასელებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღია ლექციების ფორმატით გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოეპოვებინათ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაევლოთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • Front-end და დიზაინის საწყისები
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯები სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

სალომე გვარამაძე, რუსთავის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და ერთ-ერთია იმ მოსწავლეებს შორის, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსები „უნილაბი სკოლაში“-ს ფარგლებში.

– როდის და რატომ დაინტერესდით ტექნოლოგებითა და მომავლის
პროფესიებით?

– ეს სფერო ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ ვიტყოდი რომ აქტიურად ერთი წლის წინ დავინტერესდი, როდესაც სამომავლო კარიერებზე ფიქრი დავიწყე და აღმოვაჩინე, რამდენად მომწონდა ეს სფერო.

– რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?

– თითქმის არანაირი, გარდა სკოლაში IT-ს გაკვეთილებისა. კურსის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე python-ის დამოუკიდებლად სწავლას ვაპირებდი.

– საიდან და როგორ შეიტყვეთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის
საკვირაო სკოლის შესახებ?

– გავიგე facebookის საშუალებით, როდესაც ჩემმა დამ ამ პროექტზე პოსტი გამომიგზავნა.

– რა ისწავლეთ კურსის ფარგლებში?

– კურსის ფარგლებში ვისწავლე C#ის საფუძვლები, აგრეთვე ალგორითმები, ლოგიკა და ზოგადად პროგრამირების და კოდინგის შესახებ უამრავი საინტერესო ინფორმაცია მივიღე.

– რამდენად სასარგებლო იყო მიღებული ცოდნა?

– ძალიან სასარგებლო, რადგან ახლა უკვე შემიძლია С#ის დახმარებით მარტივი პროგრამების აწყობა და კოდის კითხვა.

– რაზეა თქვენი ფინალური პროექტი?

– ჩემს ფინალურ პროექტად ავირჩიე შემექმნა pomodoro ტექნიკის ტაიმერი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს მეცადინეობისას დროის მენეჯმენტში.

– რაში აპირებთ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?

– მინდა რომ ჩემი ცოდნა უფრო მეტად გავაღრმაო და მომავალში ჩემს კარიერულ სფეროში გამოვიყენო.

– რას ურჩევთ თანატოლებს – რატომ არის მსგავსი ცოდნა მნიშვნელოვანი 21-ე
საუკუნეში?

– 21-ე საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიამ თითქმის მთლიანი მსოფლიო მოიცვა, მნიშვნელოვანია გესმოდეს კომპიუტერების. ამისათვის საუკეთესო გზა კოდინგის და პროგრამირების შესწავლაა. ის ჩვენ აგრეთვე გვივითარებს ლოგიკას, გვასწავლის ალგორითმებს და ფიქრს. ვფიქრობ, დღევანდელ სამყაროში მისი ცოდნის გარეშე ყოფნა ნელ-ნელა უფრო გართულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური