სკანდალი ამერიკული განათლების სისტემაში – ათობით მშობელი შვილების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უკანონოდ ჩარიცხვისთვის დააკავეს
აშშ-ში ფედერალურმა აგენტებმა ათობით მშობელი, მათ შორის ცნობილი მსახიობები ფელისიტი ჰაფმენი და ლორი ლაფლინი დააკავეს, რომლებსაც შვილების უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტების გაყალბება და პრესტიჟული უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების ადმინისტრაციის მოქრთამვა ედებათ ბრალად. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მათ დიდი ოდენობით თანხა გადაუხადეს ე.წ. კონსულტანტებს, ადამიანებს, რომლებიც აყალბებდნენ მოსწავლეების ქულებს და მათი რჩეული უნივერსიტეტისთვის შესაფერისი იმიჯის ილუზიას უქმნიდნენ.
საქმის განხილვა სამშაბათს ლოს-ანჯელესის სასამართლოში მიმდინარეობდა. მოსამართლემ ჰაფმენს გირაოს სახით 250 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა, ლაფლინის მეუღლეს, დიზაინერ მოსიმო ჯიანულის გათავისუფლების სანაცვლოდ მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ლაფლინი ჯერჯერობით დაკავებული არაა.
ბოსტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა ადვოკატმა ენდრიუ ლილინგმა:
„საქმე გვაქვს ტყუილსა და თაღლითობასთან – გამოცდის ყალბი ქულები, ყალბი დიპლომები, ფოტოები, კოლეჯების მოსყიდვა“, – ამბობს ლელინგი.
მისივე თქმით, საქმეში 33 მშობელია, რომლებმაც შვილების ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად როგორებიცაა: იელი, სტენფორდი, კემბრიჯი ფინანსები არ დაიშურეს. სკოლის ტესტირებების, ამერიკის უნივერსიტეტში ჩასარიცხი და საატესტატო გამოცდების გაყალბებული შედეგებისა თუ სხვა დოკუმენტების გაყალბებისთვის თანხას კალიფორნიელ უილიამ რიკ სინგერს უხდიდნენ. ლელინგის თქმით, ის ბავშვებს ისეთი ფოტოების გადაღებაშიც ეხმარებოდა, სადაც ისინი ათლეტებისა და სხვდასხვა სპორტის მოთამაშეების მსგავსად გამოიყურებოდნენ:
„ხშირად ის ბავშვებს რომელიმე კონკრეტული სპორტის მოთამაშისთვის შესაფერის ფოტოებს უღებდა, ზოგჯერ კი სხვის სურათებს ინტერნეტიდან იწერდა და ფოტოშოპით ბავშვების სახეებს სვამდა“,- აღნიშნავს ის.
ფოტოებს კი სასურველ კოლეჯში გზავნიდნენ. ამ სერვისში სინგერს კლიენტები $200 000 -დან 6.5 მილიონ დოლარამდე უხდიდნენ. საბოლოოდ კი, ძირითად შემთხვევაში, თითო სტუდენტიდან 250,000 და $ 400,000-ს იღებდა.
საქმე მასშტაბური სახისაა, რომელშიც სულ 50-მდე ბრალდებული ფიგურირებს. გაყალბების სქემა 2011 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე აქტიურად მუშაობდა.
FBI-ის ფედერალური აგენტი ჯოზეფ ბონავოლანტა გაყალბების სქემაში მონაწილე გავლენიან დამნაშავეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი პრესტიჟი სამართლის აღსრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს:
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამშაბათს 30-ზე მეტი ბრალდებული დააკავეს. ეს მშობლები ქმნიან სიმდიდრისა და პრივილეგიების კატალოგს. ისინი კერძო და საჯარო დიდი კომპანიების წარმომადგენლები, წარმატებული ინვესტორები არიან. ორი მათგანი კი ცნობილი მსახიობია. მათ შორისაა, ცნობილი დიზაინერი და გლობალური იურიდიული ფირმის თავმჯდომარე.
მათ შეეძლოთ შვილებისთვის ყველა ლეგიტიმური უპირატესობა მიეცათ, მაგრამ კორუფციული და უკანონო საქმიანობა აირჩიეს.
მდიდრებისთვის არ იქნება ცალკეული დაშვებები არც სისტემაში და არც სისხლის სამართალში“, – ამბობს ის.
მშობლებისა და სინგერის გარდა თანამონაწილეობისთვის ბრალი წარედგინათ უნივერსიტეტის ათლეტურ მწვრთნელებსა და კოლეჯის ადმინისტრაციას.
მათ ბრალი გამოცდების შედეგების გაყალბების ხელშეწყობასა და ქრთამის აღებაში ედებათ. დანაშაული აღიარა სტენფორდის ყოფილმა მწვრთელმა ჯონ ვანდემორმა.
სინგერის მფლობელობაში იყო კომპანია Edge College & Career Network LLC, რომლის ოფიციალური მიზანი ბიზნესისა თუ პირადი კარიერული რჩევების მიმართულებით მუშაობა და კონსულტაციების გაწევა იყო. კორპორაცია საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელითაა დაფუძნებული. საკუთარ ვებგვერდზე ის მომხმარებელს „აკადემიურ, სოციალურ, კარიერულ და პირად ცხოვრებაში“ წარმატებას ჰპირდება.
სასამართლო დოკუმენტებში „სამიზნე“ სკოლებისა თუ უნივერსიტეტების ნუსხაცაა წარმოდგენილი: იელის უნივერსიტეტი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, UCLA, ვეიქ ფორესტით უნივერსიტეტი. ასევე, სტენფორდის, სან დიეგოს, ტეხასის აუსტინის უნივერსიტეტები.
სინგერისთვის მშობლებს 25 მლნ აქვთ გადახდილი, რომლის ნაწილიც მწვრთნელების და უნივერსიტეტის სპორტული განყოფილების ადმინისტრატორების მოქრთამვაზე დაიხარჯა. სამაგიეროდ, მოსწავლეები „ათლეტებად“ იყვნენ წარმოჩენილნი, რაც მათი ჩარიცხვის შანსებს ზრდიდა.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ „სინგერი თავის პარტნიორებთან ერთად კალიფორნიის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე $250 ათასი ჩარიცხა, რათა წყალბურთელთა გუნდი ჩამოეყალიბებინა, რომლის მწვრთნელი ვინმე ჯოან ვავიკი იქნებოდა. ამის შემდეგ ის თავისუფლად შეძლებდა მის კლიენტებს გამოეყენებინათ წყალბურთელთა გუნდის ახალწვეულის სტატუსი.
კალიფორნიის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ აწარმოებდნენ შიდა გამოძიებას ვავიკისა და იმ პირების გამოსააშკარავებლად, რომლებიც ახლა პასუხისგებაში არიან მიცემულნი.
იელის უნივერსიტეტის მწვრთნელმა რუდი მერიდიტმა კი 400 ათასი აშშ დოლარი მიიღო, რათა სტუდენტი ქალთა საფეხბურთო გუნდში დაერეგისტრირებინა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ამ სპორტში კონკურენტუნარიანი არ იყო და ეს მწვრთნელმა იცოდა. მერიდიტი თაღლითობაში კიდევ ერთხელ გამოააშკარავეს, როცა სასტუმროს ოთახში კაცმა მას თავისი ქალიშვილის გუნდში ჩარიცხვის სანაცვლოდ $450 ათასი დოლარი შესთავაზა. შეხვედრას ფარულად უსმენდა FBI. მერიდიტმა თანამდებობა ნოემბერში დატოვა.
იელის უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დაეხმარონ საქმის წინსვლაში.
სასამართლო დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი ტესტირებების შედეგების გაყალბების სქემა.
სინგერი გამოცდების დამკვირვებლების მოსყიდვით, მისი კლიენტებისთვის დროის დამატების თხოვნით, გამოცდების პასუხების მოპოვებითა თუ სხვა გზებით ბავშვებს გამოცდას წარმატებით აბარებინებდა.
თანხა კი, რომელსაც მას უხდიდნენ, საქველმოქმედო შემოწირულობის სახით ფორმდებოდა. სინგერის კომპანიის ვებგვერდზე იწერებოდა იმის შესახებ, თუ როგორ დაიხსნეს მოზარდები ქუჩის ცხოვრებისგან და დაეხმარნენ გარშემოხვეული ბანდისგან თავის დაღწევაში.
იუსტიციის დეპარტამენტი 50 ბრალდებულის ნუსხას და მათთან დაკავშირებულ მცირე ინფორმაციასაც აქვეყნებს.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება