„სკოლა არ არის მარტო საგნები, ჩვენთან ურთიერთობები ყველაზე მაღლა იდგა“ – კურსდამთავრებულები ბოლო ზარიდან
დღეს თუ თბილისის ქუჩებში გაივლიდით, აუცილებლად შეამჩნევდით სახეგაბადრულ, თეთრპერანგიან ახალგაზრდებს, რომლებსაც სამოსი ალაგ-ალაგ ფერადი მარკერებით აქვთ აჭრელებული.
ეს იმიტომ, რომ 20 მაისს თბილისის და არა მხოლოდ თბილისის საჯარო სკოლების უმეტესობაში ბოლო ზარი დაირეკა. წლევანდელმა სკოლადამთავრებულებმა ბოლო ზარი ერთად, სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს.
EDU.ARIS.GE თბილისის სკოლებს ეწვია და ამ დღის მთავარ გმირებს გაესაუბრა.
რა გახსენდება სიტყვა სკოლაზე და რა დაგიტოვა ამ ადგილმა 12 წლის შემდეგ?
თორნიკე თხელაძე, 51-ე საჯარო სკოლა: სკოლა პირველ რიგში ჩემთან მეგობრობასთან და ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება. აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათთან ბევრი რაღაც მაკავშირებს. კი ვამბობთ, რომ ვითომ ძლივს სკოლა დავამთავრეთ და ვერ ვიტანთ აქაურობას, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ აქაურობა მოგვენატრება.
სალომე მაისურაძე: სკოლა არ არის მარტო საგნები და ქართული ან მათემატიკა. ურთიერთობები ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა ჩვენს სკოლაში. მასწავლებლებთანაც არასდროს გვქონდა რაღაც იერარქიული წყობები და ყოველთვის ერთ დონეზე ვიყავით. რა თქმა უნდა, ჩემი სკოლა ძალიან აქტიურია, აქ ძალიან ბევრი პროექტი ტარდებოდა და ამ ყველაფრის ორგანიზება ხშირად მოსწავლეებსაც გვევალებოდა. ეს გამოცდილება დამიტოვა და შემიძლია ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტირება, უცებ რაღაცების ორგანიზება.
ნინი კიკვაძე: ერთი რამ, რაც სკოლამ მომცა ეს არის კარგი სოციალიზაციის უნარი. მეორე კი ჩქარა სირბილის ნიჭი, გაკვეთილებიდან სწრაფად რომ გავრბოდი.
თუ შეგიძლიათ, სკოლის პერიოდიდან ორი ფრაზა გაიხსენოთ, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ, ერთი ნეგატიური და ერთი პოზიტიური
თორნიკე თხელაძე: ნეგატიურად ყველაზე უფრო ერთი მასწავლებლის ფრაზა დამამახსოვრდა: „სხვა მასწავლებლები ფეხებზე დაიკიდე, არ მაინტერესებს და ჩემი საგანი ისწავლე“.
პოზიტიურს რაც შეეხება, ცოტა მიჭირს გახსენება. ალბათ ყველაზე კარგი მოსწავლეების ყიჟინა იყო: „ზარი ირეკებააააა“.
ქრისტი რცხილაძე: ყველაზე ნეგატიური ფრაზა რაც სკოლაში გამიგია, ალბათ არის მასწავლებლის სიტყვები: „წადი წაეთრიე მანდატურთან“, ან „წიგნი თუ დაგრჩა თავი რატომ არ დაგრჩა“ და ა.შ. აი დადებითი, არაფერი მახსენდება.
სალომე მაისურაძე: ყველაზე დადებითი ალბათ, ბავშვების ყვირილი იყო ხოლმე, რითაც ისინი გაკვეთილის მალე დასრულებას მახსენებდნენ.
რაც შეეხება ნეგატიურს, ამის გახსენება ცოტა რთულია. ალბათ ეს ფრაზა – „დღეს ოქმი დაგეწერება“, ნეგატიურად იმიტომ, რომ ოქმები საკმაოდ ბევრი მქონდა.
ნინი კიკვაძე: „ქიმიის მასწავლებელი მოდის“ – არის ის ფრაზა, რომელიც პირველი მახსენდება ნეგატიურ გამოთქმაზე. რაც შეეხება დადებითს, სულ მახარებდა როცა შესვენების მოახლოვებას მამცნობდნენ ხოლმე კლასელები.
რატომ გადაწყვიტე ამ ნახატის შერჩევა ბოლო ზარის პერანგზე?
თორნიკე თხელაძე, რომელსაც ზურგზე მორიელი ჰქონდა დახატული: ამ ნახატით ერთგვარ ტრადიციას ვაგრძელებ, მამაჩემმა ბოლო ზარზე დაიხატა ლომი, იმიტომ რომ ლომის თვეშია დაბადებული. მე მორიელი დავიხატე, რადგან მორიელის თვეში ვარ დაბადებული.
ქრისტი რცხილაძე: მე მახატია კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდიას სიტყვებია, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან და მე ხუმრობით, ჩემებურად დავაწერე, რომ დინებას მკვდარი თევზივით მივყვები.
სალომე მაისურაძე, რომელსაც ქართული ფილმის მოტივებზე შექმნილი მიმი ეხატა: პირველ რიგში, ქართული ფილმები მიყვარს, ამიტომ ავარჩიე ეს კადრი და ჩემი პირველი კლასის ფოტოსთან გავაერთიანე, რადგან ერთ დღეს „ფეისბუკმა“ შემახსენა ეს ფოტო და ასე მომივიდა თავში ამ ნახატის იდეაც.
ნინი კიკვაძე, რომელსაც პერანგზე „ჰარი პოტერის“ პერსონაჟი ჰქონდა გამოსახული: ჩემი ნახატი სიმბოლურიც არის, რადგან პატარაობაში ძალიან მიყვარდა ჰარი პოტერი და დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე გარდატეხის ასაკში. თან წარწერა რომელიც მაწერია, 12 წლიან ლოდინთან დაკავშირებით, სკოლას ძალიან უხდება.
თქვენ რა დაიხატეთ ბოლო ზარის მაისურებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
EDU.ARIS.GE თითოეულ სკოლადამთავრებულს ულოცავს ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს უსურვებს.
ამავე თემაზე:
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
- სავალდებულოა თუ არა მოსწავლის სემესტრული განმავითარებელი შეფასება დაწყებით საფეხურზე და რა მოცულობის უნდა იყოს ის – EMIS-ის განმარტება by ARIS.GE-განათლება
- ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში 1400 ლარის ოდენობით განისაზღვრა – ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- სკოლებს, სადაც ექიმის ხელფასი 800, ხოლო ექთანის 650 ლარი იქნება, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს by ARIS.GE-განათლება