„სკოლაში ქართული ენის სწავლება პრაქტიკულად ნულზეა დასული – სამინისტრომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა იზრუნოს“
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის უკვე დასრულდა, სხვა მონაწილეებისთვის კი ზაფხულის გამოცდები 27 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. გამოცდების მიმდინარეობისას, ხშირად გვესმოდა ფრაზები, რომ „ეროვნულმა გამოცდებმა თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა“, „სკოლებში განათლების ხარისხმა დაიკლო“, „განათლების სისტემაში ძირეული რეფორმებია გასატარებელი და ამაზე რეაგირება შესაბამის უწყებებს არ აქვთ“ და ა.შ.
სკოლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ მშობლიური ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებიც და აცხადებენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გრამატიკული ნაწილის სწავლება შემცირებულია. ენა ლიტერატურასთან არის გაერთიანებული და გრამატიკის ნაწილს ნაკლები ყურადღება ექცევა, რაც ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრამატიკის ჩაბარება აბიტურიენტებს ისევე მოეთხოვებათ, როგორც ლიტერატურის.
ლენჯერის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მრავალწლიანი გამოცდილებით, ლია შუკვანი, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სვანეთის იმ სკოლაში, სადაც თავად ასწავლის, თითქმის ყველა მოსწავლე იჩენს ინტერესს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის მიმართ. მაგრამ თითქმის ოცწლიანი დაკვირვების გათვალისწინებით, პედაგოგი ქართული ენის სწავლების პრობლემაზე მიუთითებს და ამბობს, რომ დღეს სკოლებში გრამატიკული ნაწილის სწავლება, პრაქტიკულად, ნულზეა დაყვანილი.
– ქალბატონო ლია, როგორ სწავლობენ მოსწავლეები სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორია მათი მაჩვენებლები?
– ვფიქრობ, ქართული ენა და ლიტერატურა ჩემი ყველა მოსწავლის უსაყვარლესი საგანია. ვერ ვიტყვი, რომ ერთნაირი მონდომებით სწავლობს ყველა ბავშვი, მაგრამ, პირადად მე, სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან ჩემი მოსწავლეები ასე თუ ისე სწავლობენ და ქართული ენისადმი დაინტერესებას იჩენენ.
– ეთანხმებით, რომ გრამატიკის სწავლება მართლაც მინიმალურად ხდება? რეპეტიტორები ამბობენ, რომ უფროსკლასელები, სკოლის შემდეგ, გრამატიკას მათთან სწავლობენ, რადგან არაფერი იციან. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია აღნიშნული?
– ცხადია, ვეთანხმები. გრამატიკის სწავლება, პრაქტიკულად, ნულზეა დასული, რადგან ლიტერატურის სახელმძღვანელოს შეერწყა გრამატიკა და უმნიშვნელო მასალაა შეტანილი, რაც, ცხადია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლემ გამართულად წერა და მეტყველება შეძლოს.
ტელევიზიიდანაც კი ისეთი დაუხვეწავი მეტყველება გვესმის, უამრავი გრამატიკული შეცდომით. ჩვენ, ფილოლოგებს, ყველა გრამატიკული შეცდომა გვხვდება ყურში. პირადად მე ყველა კლასში კვირაში ერთი საათი მაქვს გამოყოფილი გრამატიკისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც არ არის საკმარისი, რადგან თეორიულად დასწავლილი მასალა მხოლოდ პრაქტიკაში ხშირი გამოყენებით დაისწავლება, ეს გრამატიკის წესია.
ჩემი მოსწავლეობის პერიოდში არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოები გვქონდა შანიძე-კვაჭაძის ავტორობით და ძალიან კარგად ვსწავლობდით გრამატიკას. ვფიქრობ, ამ პრობლემას უნდა გადაეხედოს და მისი გადაჭრის გზებზე იზრუნოს განათლების სამინისტრომ.
– თუკი დღევანდელი მაღალკლასელების (აბიტურიენტების) ცოდნას მშობლიურ ენაში წინა თაობებს შევადარებთ, რა იქნება განმასხვავებელი? რაში სჯობნიან დღევანდელები მათ და პირიქით, რაში იყვნენ ისინი უკეთესები მშობლიური ენის სწავლის კუთხით?
– გარკვეული პლუს-მინუსები ორივე თაობის სწავლების ახლავს. ადრე, ძირითადად, ტექსტის დასწავლაზე, მოყოლასა და გაზეპირებაზე იყო აქცენტი, რასაც, ცხადია, ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. ტექსტის დასწავლა კარგია და თხრობაც უვითარებს მოსწავლეს გარკვეულ უნარებს, მაგრამ ტექსტის ანალიზი, პრაქტიკულად, არ ხდებოდა ისეთ დონეზე, როგორც ახლა. მაშინდელ სწავლებას, ჩემი აზრით, სიღრმე აკლდა და მოსწავლეს ვერ უყალიბებდა მაღალ სააზროვნო უნარებს.
– 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ასეთ ფრაზებსაც კი ვისმენთ – ინგლისური ქართულზე უკეთესად დავწერე. რას ფიქრობთ, რა ფენომენია ეს, რით აიხსნება?
– დიახ, ასეა, მოსწავლეთა უმეტესობა ინგლისურში უფრო მაღალ ქულებს იღებს, ვიდრე ქართულში. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია არა იმ მიზეზით, თითქოს ინგლისურისადმი მეტ დაინტერესებას იჩენდნენ, ვიდრე ქართულისადმი. ჩემი აზრით, ქართულის გამოცდა ბევრად რთულია, ვიდრე ინგლისურის. ქართულის გრამატიკა ზღვა მასალაა და ტექსტის მხატვრული ანალიზიც ძალიან რთულია, ძალიან ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი, როგორც ლიტერეტურის თეორია, ისე ტექსტის სიღრმისეული ანალიზი და პარალელების გავლება თანამედროვე ყოფასთან. ესეს ნაწილი შეერწყა ტექსტის ანალიზს და აბიტურიენტმა ასევე უნდა იმსჯელოს, როგორ დგას თეზისში წამოყენებული პრობლემა დღევანდელ ცხოვრებაში. ეს ყოველივე სიახლეა და საკმაოდ რთულია აბიტურიენტებისთვის.
– თქვენც ახსენეთ ცვლილება ქართულის საგამოცდო ტესტებში, რომელიც წელს აბიტურიენტებს ავალდებულებდა, ისეთი თემები ეწერათ, სადაც მათი მხრიდან უფრო მეტი ანალიზი, კრიტიკული აზროვნება გამომჟღავნდებოდა. როგორ ფიქრობთ, აყალიბებს სასკოლო განათლება მოსწავლეში კრიტიკულ აზროვნებას?
– დიახ, შეიცვალა გამოცდის ფორმატი და მრავალმხრივ ანალიზსა და აზროვნებას მოითხოვს აბიტურიენტის მხრიდან. ჩემი აზრით, სასკოლო სწავლა-სწავლება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარს უყალიბებს, მაგრამ არა იმდენად, რომ რეპეტიტორის გარეშე მაღალი ქულები მიიღონ, თუმცა იმდენ ცოდნას ნამდვილად აძლევს, რომ გამოცდა ჩააბარონ.
– რა განაპირობებს მოსწავლეში კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას – სკოლის როლია გადამწყვეტი თუ სკოლა არაა ვალდებული ამაზე იმუშაოს?
– ცხადია, სკოლაც ვალდებულია, ოჯახიც და, ალბათ, საზოგადოებაც, რომ მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების უნარი ჩამოუყალიბდეს, მაგრამ უპირატესი როლი, ცხადია, სკოლას ეკისრება, რადგან სწორედ სკოლაა პასუხისმგებელი მოსწავლის განათლებასა და მის სულიერ ჩამოყალიბებაზე. სკოლაა ის გზამკვლევი, რომელიც მოსწავლეს მხოლოდ საგნებს კი არა, ცხოვრებას, ადამიანობას, ურთიერთობებს და სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. კრიტიკული აზროვნების უნარიც, ცხადია, სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს. გადამწყვეტი როლი, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ეკისრებათ.
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს განათლების ხარისხი სკოლებში გაუარესებულია და რატომ? რამ განაპირობა ეს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლებში, მოსწავლეთა სწავლის მაჩვენებელმა აიწიოს? რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამინისტროს მხრიდან?
ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად გაუარესდა სწავლების ხარისხი, თუმცა, გარკვეულწილად, ალბათ, კი და ამას, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ალბათ, ის, რომ მოსწავლეები, განსაკუთრებით მეთორმეტე კლასელები, (აბიტურიენტები) ძალიან ბევრს აცდენენ. მოიხსნა გამოცდები, არა მხოლოდ კლასიდან კლასში გადასასვლელი, საატესტატოც კი, რაც, ვფიქრობ, მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მოდუნდეს და აქცენტი გააკეთოს მხოლოდ იმ საგნებზე, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს. ეს ყველაფერი, ცხადია, სერიოზული მიზეზია იმისა, რომ სწავლის დონემ დაიწიოს. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, თანამედროვე სწავლება ბევრად პერსპექტიულია.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა თამარ შუკვანი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება