სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასებისთვის ტესტირება ჩატარდება – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა
მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში IV-IX კლასების მოსწავლეებისთვის დიაგნოსტიკური შეფასება უნდა ჩატარდეს. ამ საკითხს ეხმიანება ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის 15 აპრილის განმარტება, რომელშიც სპეციალისტები ხსნიან, რომ დიაგნოსტიკური შეფასება არ ახდენს ზეგავლენას განმსაზღვრელ (ნიშნიან) შეფასებაზე და აქვს მხოლოდ განმავითარებელი შეფასების ფუნქცია. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გამოცდას, ან ტესტირებას, რომლის ფარგლებში მოსწავლე ნიშნით ფასდება.
“სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა გულისხმობს მოსწავლეების პროგრესის უზრუნველყოფას საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებთან მიმართებით. ამ მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიაგნოსტიკური შეფასება, რომლითაც ხდება მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად. დიაგნოსტიკურ შეფასებას ყველა სკოლა ინდივიდუალურად ახორციელებს და პროცესში ჩართული არიან მასწავლებლები და IV-IX კლასების მოსწავლეები”, – განმარტებულია რეფორმების ჯგუფის ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო წრეებში საკითხზე აქტიური მსჯელობა რამდენიმე დღეა დაიწყო. პედაგოგებისთვის საკუთარი პოზიცია გამოაქვეყნა მასწავლებელმა, ეროვნული სასწავლო გეგმის დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, როლანდ ხოჯანაშვილმა და განმარტა ამ პროცესის მნიშვნელობა:
“სადიაგნოსტიკო ტესტირებას, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება სკოლებში, მინდა შევეხო რამდენიმე სიტყვით:
- სკოლებს მიეწოდება ყველა საჭირო რესურსი და ინსტრუმენტი ამ მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად;
- ამ ყველაფერზე დაფუძნებით მასწავლებელი ძალიან მარტივად შეძლებს მოსწავლის მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით;
- ეს ტესტირება არ ზემოქმედებს არავის კარიერაზე, ხელფასზე, არც ვინმეს აკონტროლებენ;
- ტესტირებამ უნდა გვაჩვენოს ზოგადი სურათი, კიდევ რა გვაქვს გასაკეთებელი.;
- პრობლემების იდენტიფიცირებით იწყება პრობლემის მოგვარების გზის მოძიება და ეს ტესტირება დაგვეხმარება ამ საშურ საქმეში;
- ტესტირება გვაჩვენებს, თუ რა დანაკარგები გვაქვს პანდემიური პერიოდის დროს და მის ანაზღაურებას ვეცდებით ეფექტიანი მიდგომებით;
- რამდენად მენდობით სიტყვაზე, არ ვიცი, მაგრამ ეს არაა მასწავლებლებისა და მოსწავლეების რევიზია, ეს არის სიტუაციაში გარკვევის საშუალება;
- ამ ტესტირების შემდეგ დაწერილი უკუკავშირი ელექტრონულ ჟურნალში გადაგაქვთ და საქმე კეთდება ყველასთვის (მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის).
“სირთულე მართლა არაფერია, გექნებათ ტესტებიც, გექნებათ ყველა სანავიგაციო ინსტრუმენტიც. ეს საქმე ყველას წაგვადგება, სკოლის ავტორიზაციის პროცესშიც კი”, – წერს როლანდ ხოჯანაშვილი.
საკითხს ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, რომელიც დამატებით საუბრობს, რომ მოსწავლეთა დადებული შედეგებისგან მაღალი მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ამ შედეგების გამოყენებას არავინ და არავის წინააღმდეგ არ გეგმავს:
“სანერვიულო მართლაც არაფერია. მოსწავლეთა შედეგების გამოყენებას ვინმე რომ გეგმავდეს ან მასწავლებლის, ან დირექტორის წინააღმდეგ, მაშინ ტესტირება ასეთ თავისუფალ რეჟიმში და სკოლაზე მინდობით არ ჩატარდებოდა, არამედ ეროვნული გამოცდებივით განსაზღვრული დღე და დრო იქნებოდა თითოეული საგნისთვის დანიშნული თავისი ზედამხედველობით. მაგრამ ეს მიზანი არ აქვს სამინისტროს. ვიცით, რომ შედეგები არ იქნება სახარბიელო. ამ ბოლო დროს განვითარებულ ქვეყნებში თუკი რაიმე კვლევა ჩატარდა, ყველგან მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვთ მოსწავლეებს, მაგრამ კონკრეტულად რაში, რა კომპონენტში – ეს რომ მკაფიოდ დაინახოს მასწავლებელმა, ამისთვის გაწვდით ამ შეფასების ინსტრუმენტს.
“ტესტური დავალების გარდა, ხელთ გექნებათ: რა ითვლება სწორ პასუხად და, ასევე, – შეფასების ინსტრუმენტი (ანუ როგორ უნდა აღიწეროს მოსწავლის ნამუშევარი). ნიშანი არ იწერება. მასწავლებელი თავად ასწორებს თავისივე მოსწავლეების ნამუშევრებს. სკოლის გადასაწყვეტია, როგორი ფორმით აწერინებს: ელექტრონულად, თაბახის ფურცლებზე, რვეულებში… ასევე, ბავშვებს შეგიძლიათ მისცეთ სახელმძღვანელოების გამოყენების უფლება, რადგან არ მოვა ისეთი შეკითხვები, რომელიც დამახსოვრება-გახსენებაზეა ორიენტირებული. მოკლედ, თუ მასწავლებელი არ დაეხმარება მოსწავლეს დავალების დაწერაში, სრულ სურათს მიიღებს, თუ რა გამოსდით ბავშვებს კარგად, და რა ვერ გამოსდით.. მოკლედ, ჩათვალეთ, რომ სკოლა იკვლევს, კონკრეტული მასწავლებელი იკვლევს, რამდენად ინერგება ეროვნული სასწავლო გეგმა (თან პანდემიის გათვალისწინებით) და ეს არის მხოლოდ იმ კონკრეტული სკოლისთვის/მასწავლებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. და რა მიმართულებითაც გამოჩნდება ხარვეზები, ერთად დავგეგმოთ, რა გვჭირდება მის აღმოსაფხვრელად. უფრო სწორად, ჩვენი ქოუჩების დახმარებით დავგეგმავთ მერე სამუშაო შეხვედრებს/ტრენინგებს თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. ამის მერეც, კიდევ მივაწვდით სკოლებს მსგავს შეფასების ინსტრუმენტს და შეუძლიათ, თავად დამოუკიდებლად კვლავ გააკეთებინონ ბავშვებს”, – წერს მარიამ ჩიქობავა.
როგორც EDU.ARIS.GE-მ 15 აპრილს გაარკვია, კონკრეტული ვადები სადიაგნოსტიკო ტესტირების დაწყებისა და დასრულებისთვის დადგენილი არ არის, რადგან პროცესს თავად სკოლა გეგმავს.
რაც შეეხება მოსწავლის ან მშობლის სურვილს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ტესტირებაში, მოსწავლე ამაში შეზღუდული არ არის და აქვს უფლება უარი თქვას, მაგრამ სპეციალისტების განმარტებით, ეს მშობლებისთვისაც საინტერესო პროცესია და მათ ექნებათ უფლება შვილის შედეგი სკლისგან მოითხოვონ. ამით ისინიც გაერკვევიან სად უჭირს მოსწავლეს, როგორ და რატომ.
ასევე იხილეთ:
თუ თქვენი შვილი მე-4 კლასშია! – რა უნდა იცოდეთ სკოლაში მეორე უცხო ენის სწავლების შესახებ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება