GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დოქტორანტთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით დოქტორანტთა მეოთხე ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ექვსი უნივერსიტეტის 40-ზე მეტი დოქტორანტი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე სადოქტორო განათლების განვითარების ტენდენციებს, კვლევის საზოგადოებრივ მნიშვნელობასა და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელების შესაძლებლობებს.

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი, მიდლსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი პოლ გიბსი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ გაგნიძე, რომლებმაც მოხსენებები წარმოადგინეს თემებზე: „სადოქტორო განათლების ტრანსფორმაცია: უნივერსიტეტი, მკვლევარი და საზოგადოება“; ინტერდისციპლინური კვლევების დაგეგმვის, განხორციელებისა და გამოქვეყნების მნიშვნელოვანი ასპექტები და კონკრეტული კვლევების მაგალითებზე დოქტორანტებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენცია ორ პარალელურ სექციად წარიმართა და განათლების, ბიზნესის, სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებს მოიცავდა. დოქტორანტებმა წარადგინეს საკუთარი კვლევები, მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო დისკუსიებში და მიიღეს დარგის ექსპერტთა უკუკავშირი, ხოლო საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება კონფერენციის სამეცნიერო კრებულში.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ 2025 წლის დოქტორანტთა ეროვნული კონფერენციის სამეცნიერო ნაშრომების კრებული, რომელიც ქართველი და უცხოელი მკვლევრების რედაქტორობით გამოიცა.

დოქტორანტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო კვლევითი კულტურის განვითარებასა და ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური