GE

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი – უნიკალური ინფრასტრუქტურა და პროგრამები მოსწავლეებისთვის

მიღებული აზრია, რომ მოსწავლემ, სკოლაში სწავლის პარალელურად, ზაფხულის არდადეგებიც პროდუქტიულად და ნაყოფიერად უნდა გაატაროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქტიურ რეჟიმში იმეცადინოს, თუმცა შემეცნებითი აქტივობები ახალი სემესტრისთვის მომზადებაში უდავოდ დაეხმარება.

ასეთი აქტივობებისთვის კი საუკეთესო საშუალება საზაფხულო ბანაკია, სადაც ბავშვები, არაფორმალური განათლების გზით, ისეთ სახალისო და საინტერესო უნარ-ჩვევებს იძენენ, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდებათ.

საუკეთესო ბანაკის ალტერნატივა ქართულ რეალობაში სქულბუქის საერთაშორისო ბანაკია. მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნასთან ერთად, მისმა სულის ჩამდგმელებმა ლიკა აბრამიშვილმა და ავთო აბდუშელიშვილმა მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინტერესებიც გაითვალისწინეს და, შესაბამისად, შექმნეს თითოეულ მონაწილეზე მორგებული ორი პროგრამა – ინგლისურენოვანი და პიროვნული განვითარების.

პროგრამები

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკში ბავშვებს, ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასა და სალაპარაკო უნარების დახვეწასთან ერთად, პიროვნული განვითარების პროგრამაზე დასწრებაც შეეძლებათ.

ინგლისურენოვან მიმართულებას უცხოელი, ე.წ. Native Speaker ტრენერები და ქართველი გამოცდილი სპიკერები გაუძღვებიან.

15-დან 17 წლამდე მოსწავლეები კი პიროვნული განვითარების შესახებ ცოდნას ისეთი წარმატებული ტრენერებისგან მიიღებენ, როგორებიც არიან ალექსანდრე ჯეჯელავა, ია ბერსენაძე, გია მურღულია, დათო ტურაშვილი, ნინო მარგველაშვილი და თამარ ჩიჩუა.

„წარმატებული ადამიანი საქმიანობას საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის. 15-17 წლის მოზარდები – ეს ის ხალხია, ვინც ცდილობს, პროფესიულ მომავალზე ჩამოყალიბდეს. და აი, აქ შემოდის სერიოზული პრობლემები, რადგან გვყავს მონაწილეების ორი თაობა. მათ შორის კი ძალიან დიდი უფსკრულია. ჩვენ შევეცდებით, ეს სიცარიელე შევავსოთ. ბანაკი კი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნავს ალექსანდრე ჯეჯელავა.

ინფრასტრუქტურა

რაც შეეხება ბანაკის ინფრასტრუქტურას, ის ცივილიზაციისგან საკმაოდ შორს, აწყურში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ორ ჰექტარზე გაშლილი საბანაკე სივრცე კეთილმოწყობილია უსაფრთხოების პარამეტრების მიხედვით.

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში კერძო ტიპის ბანაკისთვის ამაზე შესაფერისი სივრცე არ მოიძებნება. უნიკალურობა, დაცული ტერიტორია, კორპუსების განთავსება, ყველაფერი კონკრეტულად ბანაკის კონცეფციაზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ გაგვიმარტივდა ნამდვილი ბანაკის ორგანიზება. ისეთის, როგორიც ფილმებში გვხვდება ხოლმე“, – ამბობს ავთო აბდუშელიშვილი, სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის ორგანიზატორი.

საერთო ჯამში, სქულბუქის ბანაკის 7 ნაკადი იქნება, აქედან 5 – ინგლისურენოვანი, ხოლო 2 – ქართულენოვანი. თითოეულ ნაკადზე დარეგისტრირება, მაქსიმუმ, 60 ბავშვს შეეძლება.

საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თითოეულ ოთახში ზუსტად 4 მონაწილე გადანაწილდება. ეს ციფრი ყველაზე ოპტიმალური ნიშნულია ბავშვებს შორის ჯანსაღი დამოკიდებულებისა და მეგობრობის ჩამოსაყალიბებლად.

აუცილებელი დეტალები

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკში მოხვედრამდე, თითოეული მონაწილე სწრაფი ტესტით შემოწმდება კოვიდზე და მასზე უარყოფითი პასუხი გამგზავრებისთვის საბოლოო დასტური იქნება. რაც შეეხება პერსონალს, მათ კვირის დასაწყისში ჩაუტარდებათ ტესტირება.
ბანაკს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ექიმი, რომელსაც მარაგში ექნება როგორც სწრაფი ტესტები, ისე ყველა საჭირო მედიკამენტი.

რაც შეეხება კვებას, სქულბუქის ბანაკში პროფესიონალი მზარეულები იქნებიან წარმოდგენილი. მენიუ კი ინდივიდუალურად ბანაკისთვის, ექიმმა დიეტოლოგმა შეადგინა. შესაბამისად, მასში გათვალისწინებული იქნება ის აუცილებელი რაციონი, რაც მოსწავლემ უნდა მიიღოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აპლიკაციის შევსების დროს ბავშვს შეუძლია მიუთითოს, არის თუ არა ვეგეტარიანელი და ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალურ მენიუს მიიღებს.

„მონაწილეებზე პირველადი ინფორმაცია კითხვარში გროვდება. შესაბამისად, ვიგებთ, არის თუ არა ის ვეგეტარიანელი, აქვს თუ არა რაიმე თანმხლები დაავადება, სჭირდება თუ არა მედიკამენტების კონტროლი ექიმის მხრიდან და ა.შ. როდესაც ბავშვი ან მშობელი ასახელებს ნებისმიერი ტიპის ინდივიდუალურ საჭიროებას, ბანაკში არსებულ პროგრამას მის სურვილებსა და ინტერესებს ვარგებთ“, – აღნიშნავს სქულბუქის ბანაკის ორგანიზატორი ლიკა აბრამიშვილი.

სქულბუქის ბანაკის შინაგანაწესი

სქულბუქის ბანაკის შინაგანაწესი ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებსა და მონაწილეებისა თუ მათი მშობლების ინტერესებს.

მაგალითად, ლიმიტირებულია სმარტფონებისა და გაჯეტების მოხმარება დღის მანძილზე. მათი გამოყენება ბავშვებს მხოლოდ თავისუფალ დროს შეეძლებათ. ბანაკის მესვეურთა აზრით, თუ მონაწილეს ინტერნეტთან აქვს წვდომა, ის სხვა რაღაცებით ერთობა და პასიურობს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბანაკშია.

სქულბუქი ტექნოლოგიური კომპანიაა და თანაც ამ ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირებაზე მუშაობს, თუმცა ბანაკის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ზომიერება და ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, შინაგანაწესის ეს პუნქტი ემსახურება იმას, რომ მონაწილეები ისეთი გამოცდილებების მიღებაზე იყვნენ ორიენტირებულები, რასაც სმარტფონებში ვერ ნახავენ.
მშობლებს ბავშვთან დაკავშირება ნებისმიერ დროს შეეძლებათ ბანაკის ცხელ ხაზზე, რომელიც მუდმივად, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთი პუნქტი შინაგანაწესიდან უცხო პირების ბანაკის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რეკომენდებულია, მშობლებმა ვიზიტისგან თავი შეიკავონ. თუმცა, თუ აწყურში მაინც ჩავლენ, კოვიდრეგულაციების დაცვით, შვილების ნახვის საშუალება მიეცემათ.

დაბოლოს

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი თითოეულ ნაკადზე 60 მოსწავლეს მიიღებს, თუმცა ბავშვები კიდევ ოცკაციან ჯგუფებად გაიყოფიან. ბანაკში დაცულია გენდერული ბალანსი და ჯგუფს ჰყავს როგორც გოგო, ისე ბიჭი ლიდერი. ჯგუფებიც ასე იქნება დაყოფილი ასაკობრივი და გენდერული ინტერესების დასაბალანსებლად.

მონაწილეების პირველი ნაკადი ბანაკში 3 ივლისს გაემგზავრება. რეგისტრაციის გავლა კი დაინტერესებულ მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm