სტუდენტზე ორიენტირებული თბილისის სამედიცინო აკადემია
უმაღლესი სასწავლებელი, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, თავისი დაარსებისა და განვითარების ისტორიით, ტრადიციებით, მიდგომებით, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისადმი დამოკიდებულებით, გამორჩეულად საინტერესოა. საუბარია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაზე (თსა), რომლის ისტორია უკვე 30 წელს ითვლის და როგორც რექტორი აცხადებს, მის და თსა-ს მთავარ ამოცანას, დაარსებიდან დღემდე, ღირებულებების შენარჩუნება, ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება წარმოადგენს.
თბილისის სამედიცინო აკადემია 1992 წელს ქართველი ექიმის, პედიატრიული ქირურგის, პეტრე შოთაძის მიერ დაარსდა. გარდაცვალებამდე, (1999 წლამდე) აკადემიას თავადვე ხელმძღვანელობდა. მამის დაწყებული საქმე, მოგვიანებით, შვილმა, ირინე შოთაძემ განაგრძო. ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული კარიერის მიუხედავად, საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა და თსა-ს მართვა ცვლილებებით დაიწყო.
სტუდენტზე ორიენტირებული – ეს თბილისის სამედიცინო აკადემიის ერთგვარი დევიზია და უნდა ითქვას, რომ ამას, დაწესებულება და მისი გუნდი, თავისი ქმედებებით, მუდმივად ადასტურებს. თსა ალბათ, ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც პანდემიის გამო, სწავლის გადასახადი საგრძნობლად – 800 ლარით შემცირდა. ამავდროულად, თსა-ში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისთვის და ჩარიცხული სტუდენტებისთვის სხვადასხვა შეღავათი მოქმედებს, რომელთა შესახებ სასაუბროდ, ჩვენი რესპონდენტი, რამდენადაც გასაოცარიც არ უნდა იყოს, ძლივს დავითანხმეთ. ქალბატონ ირინეს მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი უხერხულად მიაჩნია.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე – მიღწევებზე, პრინციპებზე, სწავლების მეთოდებსა და სამომავლო გეგმებზე EDU.ARIS.GE-ს თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი, ირინე შოთაძე ესაუბრა.
ირინე შოთაძე: ჩემი საქართველოში ჩამოსვლისა და მამის საქმიანობის გაგრძელების შემდეგ, პირველ რიგში, საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მზადება დავიწყეთ, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი. დავიწყეთ ახალი კადრების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის განახლება, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის შექმნა, ლაბორატორიების აღჭურვა, რესურსების მოძიება და ა.შ. ამ პროცესში ჩართულებმა ახალი გამოწვევაც მივიღეთ – საქართველოში შემოღებულ იქნა ავტორიზაციის ახალი სტანდარტები. იმ წლებში არაჩვეულებრივი გუნდი შემოვიკრიბეთ – როგორც ადმინისტრაციული, ისე აკადემიური პერსონალი და 2018 წელს ავტორიზაცია, განახლებული სტანდარტების შესაბამისად, წარმატებით გავიარეთ. თუმცა, ყველაზე რთული პროცესი, განხორციელების ეტაპი, ავტორიზაციის შემდეგ დაიწყო. ახალმა გამოწვევებმაც არ დააყოვნა – 2020 წელს, ასევე განახლებული სტანდარტებით, საგანმანათლებლო პროგრამების შვიდ წლიანი აკრედიტაციაც მოვიპოვეთ. ჩვენი აკრედიტაციის პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ექსპერტი ხელმძღვანელობდა.
ამჟამად აკადემიაში სწავლება მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე ორ ენაზე მიმდინარეობს – ქართულად და ინგლისურად. პროგრამებისა და სასწავლო პროცესის დახვეწასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე თსა-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი სრული შემადგენლობით მუშაობს.
-ვიცით, რომ ამ წლების განმავლობაში სტუდენტთა რაოდენობა, თითქმის, გაოთხმაგდა…
-დიახ, 2015 წლიდან სტუდენტების რაოდენობამ მოიმატა. უკვე რამდენიმე წელია ჩვენი შიდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გვაქვს დაწესებული. ამჟამად, უცხოელი სტუდენტების ჩათვლით, 850-მდე სტუდენტი გვყავს. მეტის მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ამ გზას არ ვირჩევთ. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენი პრიორიტეტი ხარისხია და არა რაოდენობა.
-ჰყავს თუ არა აკადემიას პარტნიორი უნივერსიტეტები უცხოეთში? რომელი ქვეყნების სასწავლებლებთან ურთიერთობთ და რას გულისხმობს ეს პარტნიორობა?
-დღეისათვის ჩვენ 20-მდე უცხოურ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, ჩვენი პარტნიორების არასრული ჩამონათვალი მოიცავს: გრანადის უნივერსიტეტს (ესპანეთი); ვილნიუსის უნივერსიტეტს (ლიეტუვა); კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიეტუვა); რიგის სამედიცინო კოლეჯს (ლატვია); ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტს (თურქეთი); მასარიკის უნივერსიტეტს (ჩეხეთის რესპუბლიკა); ბიალისტოკის სამედიცინო უნივერსიტეტს (პოლონეთი); ლოძის უნივერსიტეტს (პოლონეთი); პავოლ ჯოზეფ საფარიკის უნივერსიტეტს კოშიცეში (სლოვაკეთი); ბარი ალდო მოროს უნივერსიტეტს (იტალია); ანტვერპენის უნივერსიტეტს (ბელგია).
თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთი სემესტრი პარტნიორ უნირესიტეტში გაატარონ. გარდა ამისა, უკვე მეხუთე წელია, ყოველ ზაფხულს, კლაიპედას უნივერსიტეტის კლინიკაში სტაჟირებაზე ჩვენს 20 სტუდენტს ვაგზავნით. ამას სრული ოდენობით აკადემია აფინანსებს. ვმონაწილეობთ “ერასმუსის +” პროგრამაში, გვაქვს ბილატერალური ხელშეკრულებები ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რაც ასევე შესაძლებლობას გვაძლევს თითო სემესტრით სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გავუშვათ. სამედიცინო სტუდენტების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის ფარგლებში (IFMSA), ევროპის ქვეყნების კლინიკებში ერთ თვიანი სტაჟირების პროგრამაც მოქმედებს. IFMSA-ის მოწოდებული ჩამონათვალიდან კლინიკას თავად სტუდენტები ირჩევენ. ზაფხულობით კი ამავე ქვეყნების სტუდენტები საქარველოში ჩამოდიან და პრაქტიკას ჩვენს აფილირებულ კლინიკებში გადიან.
ზემოაღწერილი გაცვლითი აქტივობებისთვის სტუდენტთა შერჩევის პროცესი ძალიან გამჭვირვალეა. ყველა სტუდენტს, ვისაც კარგი აკადემიური მოსწრება აქვს და ინგლისური ენა იცის, საშუალება ეძლევა ეს შესაძლებლობები გამოიყენოს. კლინიკური როტაციები, ძირითადად, მესამე-მეოთხე კურსიდან იწყება; სტუდენტს საბაზისო ცოდნა მიღებული აქვს და კლინიკაში პრაქტიკისთვის მზად არის. კლაიპედაში წასვლა კი პირველივე კურსიდან არის შესაძლებელი.
ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე ვსაუბრობთ, შესაბამისად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო „ერასმუს +“ პროექტები. 2020 წელს „ერასმუს +“ ინსტიტუციური თანამშრომლობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრანტი მოვიპოვეთ. თსა ხელმძღვანელობს პროექტის კონსორციუმს, რომელიც აერთიანებს მონაწილეებს საქართველოდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, აზიიდან და ევროკავშირიდან. მთლიანობაში, 9 უნივერსიტეტს. ზოგადად, ღია ვართ სხვადასხვა ინსტიტუციებთან კოლაბორაციებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
-რას გულისხმობს ეს გრანტი?
-ეს პროექტი სამედიცინო განათლებაში ინოვაციების დანერგვას და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას გულისხმობს. ევროკავშირის გრანტები, ზოგადად, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მოიაზრებს. ჩვენი პროექტი ექვს წლიან სასწავლო გეგმაში, კურიკულუმში, კლინიკური უნარების განვითარებისათვის საჭირო ქმედებების/აქტივობების განვითარებას ითვალისწინებს. ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც თანამედროვე მიდგომებით კლინიკური ხაზის გაძლიერებას ემსახურება. დამეთანხმებით, სტუდენტს, მომავალ ექიმს, პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა პირველივე კურსიდან უნდა ჰქონდეს. სწორედ ამას უწყობს ხელს სასწავლო პროგრამაში კლინიკური ხაზის გაძლიერება.
გაიმართება ტრენინგები/ვორკშოფები. პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის წევრი ევროპული უნივერსიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, უკრაინა, სომხეთი) გაუზიარებენ თავის საუკეთესო გამოცდილებას კლინიკური ხაზისა და ობიექტურად სრტუქტურირებული კლინიკური გამოცდის განვითარების კუთხით. ეს გრანტი სამ წლიანია და მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს, დისემინაციის ფარგლებში, სხვა ქართულ სამედიცინო უნივერსიტეტებს გავუზიარებთ.
-აღნიშნეთ, რომ პრაქტიკულ სწავლებას ახლაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. რა ეტაპიდან შემოდის იგი სტუდენტის ცხოვრებაში და რამდენად აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნია ამისთვის აკადემიას?
-სტუდენტს, პირველივე დღიდან უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავის მომავალ პროფესიას ასე ვთქვათ „შეეხოს“. ამიტომ, ჩვენ პირველივე წელს ვაძლევთ მათ შანსს, რომ ერთი კვირით, ჩვენს აფილირებულ კლინიკებში, ექიმის მეთვალყურეობით, კლინიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ. რეალურად, ამ გზით სტუდენტი პირველივე კურსიდან თავს ექიმად გრძნობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე კურსიდან ვცდილობთ სწავლება თანამედროვე სამედიცინო სწავლების მიდგომებით განვახორციელოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივად მიმდინარე ლექციების პარალელურად, სემინარებზე, სტუდენტები პრაქტიკულ დავალებებს ჯგუფურად ასრულებენ და კლინიკურ შემთხვევებს განიხილავენ. გარკვეული საგნები თავიდანვე გულისხმობს როგორც ლაბორატორიული, ასევე, კლინიკურ-პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას. კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში სტუდენტები „სტანდარტულ“ პაციენტებთან მუშაობენ; ესენი არიან მსახიობები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტს ასახიერებენ. შესაბამისად, სტუდენტი პირველივე დღიდან კლინიკურ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მუშაობს.
გარდა ამისა, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი სრულადაა აღჭურვილი ყველანაირი სახის მულაჟით, მანეკენით, სამედიცინო ინვენტარით და სხვადასხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი აუდიტორიებით. სტანდარტულ პაციენტებთან მუშაობის გარდა, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში სტუდენტები სხვადასხვა მანიპულაციის შესრულებასა და დაავადებების დიაგნოსტირებას სწავლობენ. ამასთან, დავნერგეთ უახლესი ტექნოლოგია „ანატონიური მაგიდა“ (Anatomage), რომლის გამოყენებითაც სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ადამიანების რეალური სხეულების დასკანერებული ვერსიები ანატომიურ, ჰისტოლოგიურ, პათოლოგიურ და რადიოლოგიურ ჭრილში განიხილოს.
სტუდენტი სამი წლის განმავლობაში აკადემიის ბაზაზე გადის აქტიურ პრაქტიკულ სწავლებას, მეოთხე კურსიდან კი – შესაბამისი მიმართულების აფილირებულ კლინიკებში. ამ ყველაფრის შედეგად, სწავლის დასრულების შემდეგ, იგი რეზიდენტურისთვის მზად არის. ჩვენ მას ამისთვის მაქსიმალურად ვამზადებთ.
-რას გულისხმობს „სტუდენტზე ორიენტირებული გარემო“, რაც, ფაქტობრივად, აკადემიის ერთგვარი დევიზია?
-სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, პირველ რიგში, ღიაობაა. მაქსიმალურად ვქმნით გარემოს, სადაც ყველას ყველაფერი შეუძლია. სტუდენტს, რომელსაც პრობლემა აქვს, თუნდაც აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, თავს მიტოვებულად არასოდეს ვაგრძნობინებთ. ინდივიდუალური მიდგომები გვაქვს, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. სტუდენტებს ხშირად ვხვდებით. პრობლემის შემთხვევაში აკადემიის გუნდი ღიაა განხილვისა და შესაბამისი ქმედებისთვის. ვქმნით სტუდენტის არასტრესულ გარემოში განვითარების პირობებს, იგივე მიდგომა გვაქვს გამოცდებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მკაფიოდ განსაზღვრული წესები და კრიტერიუმები მოქმედებს, თუმცა, ჩვენი მიდგომაა, რომ სტუდენტს გამოცდაზე გასვლის არ უნდა ეშინოდეს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათ მეორე შანსი მივცეთ.
რაც შეეხება წახალისებასა და მოტივაციას, ჩვენთან, აკადემიური მოსწრების შესაბამისად, სემესტრული დაფინანსება მოქმედებს. სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრება 90%-ს აღემატება, სემესტრული გადასახადისაგან თავისუფლდება. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს ინიციატივა წამოვიწყეთ, ასეთი აკადემიური მოსწრებით მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი გვყავდა. ახლა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად მომატებულია. ეს ინიციატივა მათ მოტივაციას ზრდის. გარდა ამისა, სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ფინანსურადაც ვეხმარებით.
აკადემიაში მოქნილი და თითოეულ სტუდენტზე ორიენტირებული გადახდის გრაფიკიც მოქმედებს. მათ შეუძლიათ გადახდის ინდივიდუალური გეგმა გაწერონ და სწავლის საფასური მათთვის მისაღები პერიოდულობით დაფარონ.
-როგორია სტუდენტური ცხოვრება, რა დამატებით აქტივობებში შეუძლიათ მათ ჩართვა?
-ჩვენთან არსებობს სტუდენტური აკადემია, რომელიც მიმართულებების მიხედვითაა დაყოფილი – კვლევითი დეპარტამენტი, სპორტი და კულტურა, სოციალური დეპარტამენტი და ა.შ. სულ ახლახან, ჩვენმა სტუდენტებმა, ძალიან საინტერესო სოციალური პროექტი განახორციელეს ეროვნულ სკრინინგ-ცენტრთან ერთად. სხვათა შორის ცენტრის დირექტორი ჩვენი კურსდამთავრებულია. აღნიშნული სოციალური პროექტი მოსახლეობაში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ცნობადობის შესახებ კვლევის ჩატარებას გულისხმობდა, გამოკითხვის გზით. პანდემიის პერიოდშიც კი მოვახერხეთ სტუდენტური დებატებისა და დისკუსიების გამართვა. აკადემიის თითოეულ დეპარტამენტში მართლაც ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტები ხორციელდება, რომლებშიც ჩართვა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. ეს ყველაფერი მათ საშუალებას აძლევთ, რომ ყველანაირი პროცესის მიმართ გლობალური ხედვა ჰქონდეთ.
-რა შეგიძლიათ გვითხრათ აკადემიის წარმატებულ კურსდამთავრებულებზე? რამდენად დიდია მათი რაოდენობა, ვინც დღეს წამყვან კლინიკებში, თავიანთი პროფესიით არიან დასაქმებულნი საქართველოში, ან თუნდაც, მის ფარგლებს გარეთ?
-90-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, რომლებიც დღეს წამყვან კლინიკებში, წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. ზოგი მათგანი ჩვენთან აკადემიურ პოზიციას იკავებს და სასწავლო პროცესსა და კვლევაში აქტიურად მონაწილეობს.
-როგორია თბილისის სამედიცინო აკადემიის სამომავლო გეგმები?
-ჩვენ გვაქვს შვიდ წლიანი სტრატეგიული, გრძელვადიანი და ასევე, სამ წლიანი საოპერაციო, მოკლევადიანი გეგმები. სტუდენტების რაოდენობის ზრდას არ ვგეგმავთ, მხოლოდ ხარისხის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, გამუდმებით. სამომავლოდ მისაღებ გამოცდებზე დაწესებული ბარიერის აწევასაც ვაპირებთ.
იგეგმება პროგრამების დამატებაც. უკვე, ფაქტობრივად, დამთავრებული გვაქვს და აკრედიტაციაზე შეგვაქვს სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით ვაკეთებთ. ეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაა“. ის ერთობლივი იქნება და ორმაგი დიპლომიც გაიცემა. ასეთი პროგრამის ანალოგი საქართველოში ბევრი არ არის. ამ პროგრამაზე მხოლოდ 20 სტუდენტს მივიღებთ. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კი რეგიონებში გასვლა და ცოდნის გაზიარებაც იგეგმება.
სულ მალე სადოქტორო პროგრამაც ამოქმედდება. ამისთვის უკვე რამდენიმე წელია ვემზადებით. აკადემიაში მოქმედებს შიდა გრანტები, რითაც აკადემიურ პერსონალს ვახალისებთ, რათა უფრო მეტი კვლევა ჰქონდეთ. სავალდებულოა, რომ თითოეულ კვლევაში, მინიმუმ, ორი სტუდენტი იყოს ჩართული და რა თქმა უნდა, კვლევა საერთაშორისო პუბლიკაციით უნდა დასრულდეს. ასევე, გამოცხადებული გვაქვს საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მკვლევართათვისაც.
განვითარება მუდმივია. არსებული გამოწვევების ფონზე განვითარების პროცესი რთულია, თუმცა გამოწვევებს ხომ ახალი შესაძლებლობებიც მოაქვს. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობების გამოყენების დიდი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, რომლებიც წინსვლასა და გაძლიერებაში ძალიან გვეხმარებიან.
(R)
-
„ამ კონცეფციით, სკოლის საშუალო საფეხურიდან არც არაფერი დარჩა, გაუქმებულია!“ – რა ვუქენით სრულ ზოგად განათლებას სკოლაში
by ARIS.GE-განათლება
-
რა სახით შესთავაზა თსუ-მ ქართულის სავალდებულო კურსი პირველკურსელებს – „ქართული ენა აკადემიური მიზნებისთვის“
by ARIS.GE-განათლება
-
ნინო დობორჯგინიძე: „ეს არის მართლაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი საუნივერსიტეტო ტრადიციის გაყიდვა“
by ARIS.GE-განათლება







