GE

სულხან-საბას ნაკვალევზე – გამოფენა საკრებულოში

ამონარიდი პროფესორ პაატა ნაცვლიშვილის ტექსტიდან:

,,…მოგზაურობა სულხან-საბას ნაკვალევზე 2014 წლის 4 ივნისს დაიწყო, როცა მწერლის სახლში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  1714 წელს საქართველოდან წასული, სულხან-საბა სამშობლოში სამი წლის შემდეგ, 1716 წელს დაბრუნდა. მეც სამი წელი მოვანდომე საბას გზის ძირითადი პუნქტების გავლას, იმ განსხვავებით, რომ არც ორ თვეს დავრჩენილვარ რომში, არც 17 თვე გამიტარებია სტამბულში და არც არავის დავუყაჩაღებივარ ხოფასთან თუ არტაანთან.

და აი, მწერლის სახლში გამართული პრეზენტაციიდან ზუსტად 3 წლისა და 2 დღის შემდეგ თბილისის საკრებულოში ჩვენი მოგზაურობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო სულ რამდენიმე ათეული ფოტო და ერთი დაუმუშავებელი ვიდეორგოლი იმ აურაცხელი ფოტო თუ ვიდეომასალიდან, რაც მოგზაურობის განმავლობაში დამიგროვდა. წარმოდგენილი ფოტოების უმეტესობას თავის დროზე უკვე გაეცნო ჩვენი პეიჯის მკითხველი.

IMG_2109გამოფენა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თაოსნობით მოეწყო და მანვე გახსნა შესავალი სიტყვით. შემდეგ სიტყვებით გამოვიდნენ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ნანა ბოლაშვილი, თსუ-ის პროფესორი ია ხუბაშვილი, ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე კობა ხარაძე, საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის „გიორგის“ თავმჯდომარე გვანჯი მანია, მწერალი როსტომ ჩხეიძე, კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე, თსუ-ის ემიგრაციის მუზეუმის გამგე რუსუდან კობახიძე, მწერალი და რეჟისორი მიხეილ ანთაძე და სხვები.

ფოტოგამოფენა მშვენიერი ფონი გამოდგა პროექტის ერთგვარი ანგარიშისათვის, რომლის დროსაც, აუტანელი სიცხისა და საშინელი აკუსტიკის მიუხედავად, მე შევეცადე, მოკლედ გამეცნო საზოგადოებისათვის მოგზაურობის ძირითადი ეტაპები და ის წვლილი, რომელიც მის წარმატებაში ცალკეულმა ორგანიზაციებმა თუ პიროვნებებმა შეიტანეს. მათ შორის უპირველესი, რა თქმა უნდა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და მისი რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძეა. სწორედ მისი მეოხებით გახდა შესაძლებელი ჩემი მრავალი წლის ნაოცნებარი ამ პროექტის განხორციელება. მის როლს სრულად ვერც ჩემი მადლიერების სიტყვები ასახავს და ვერც სულხან-საბას მოგზაურობის საიუბილეო მოქროვილი მედალი, რომელიც იმ საღამოს მე მას გადავეცი.

მოგზაურობის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს ელჩებმა მარშრუტის ქვეყნებში.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური