GE

სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა და დადასტურება სპეციალური QR-კოდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი

საქართველოში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა და დადასტურება სპეციალური QR-კოდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი უნდა განხორციელდეს.

სამინისტროს ცნობით, პროექტი გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება.

„დღეს გვსტუმრობდნენ ამერიკელი ექსპერტები, ამ სფეროს სპეციალისტები „კარდანო ჯგუფიდან“, რომლებიც ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ და სექტემბერში უკვე წარმოადგენენ კონკრეტულ სისტემას. სისტემა გულისხმობს სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დიპლომებისა და სახელმწიფო სერთიფიკატების გადაყვანას ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. აქტიურად მიდის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე დავასრულებთ სამუშაოებს, შესაბამისად, მთელი განათლების სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადაყვანა სრულად განხორციელდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას”, – განაცხადა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური