„სწავლის ძირი არა მწარე, არამედ ტკბილი იყოს“ – რა თხოვნები აქვს პირველკლასელის მშობელს შერჩეულ სკოლასთან
ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი სკოლებში 16 სექტემბერს დაიწყება. ამ დღეს განსაკუთრებულად ელიან პირველკლასელები და მათი მშობლები. უკვე გარკვეული აქვთ ან ახლა არკვევენ, თუ ვინ იქნებიან პირველი მასწავლებლები, როგორ მოამზადებენ შვილს პირველი სასწავლო დღისთვის და როგორ დაალაგებენ ოჯახის დღის რეჟიმს სწორად. EDU.ARIS.GE ბათუმში მცხოვრებ პირველკლასელის დედას, ირმა სურმანიძეს ესაუბრა.
პროფესიით ფსიქოლოგი მშობელი იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ქალბატონმა ირმამ ის მოთხოვნები და თხოვნები გაგვიზიარა, რაც შერჩეული სკოლის მიმართ აქვს.
„ჩემი უფროსი შვილი მეოთხე კლასშია, წელს პირველ კლასში მეორე შვილი შევა. ძალიან კარგია სკოლამდელისთვის, როცა უფროსკლასელი დედმამიშვილი ყავს. სწორედ მისი მაგალითით და გავლენით გამოუმუშავდა ის უნარები, რომლებიც გამოადგება წერა-კითხვისა და ანგარიშის შესწავლისას. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაზე, სადაც უფროსი სწავლობს და დედმამიშვილის პრივილეგიით, პატარაც მარტივად ჩაირიცხა ამავე სკოლაში. სკოლას ასე თუ ისე კარგად ვიცნობ და კმაყოფილი ვარ პედაგოგებით“, – ამბობს მშობელი.
რაც შეეხება სურვილებსა და მოთხოვნებს, ირმა სურმანიძე აღნიშნავს, რომ იცის, რა გამოწვევები აქვთ მოსწავლეებს და მოთხოვნებიც ამის მიხედვით განსაზღვრა.
პირველკლასელის მშობლის მოთხოვნა სკოლისადმი:
“ჩემი უპირველესი მოთხოვნა სკოლის მიმართ არის უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა არამხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ბავშვისათვის. ბავშვს უნდა უხაროდეს სკოლაში წასვლა, ამისთვის, ვფიქრობ, რომ პირველივე დღეებში კარგი და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით უნდა დაიხუნძლოს. ასევე, პირველ კლასში მოსწავლე არ უნდა იყოს დატვირთული ბევრი დავალებით, ზოგ მშობელს ამის მოთხოვნილება აქვს და კარგი მასწავლებლისა და სკოლის საზომიც ბევრი დავალებაა, რასაც არ მივესალმები, ეს არის ტანჯვა ბავშვისთვის.
“მთავარია, მიღწეული იყოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზანი, რომლის განსაზღვრაც მასწავლებლის კომპეტენციაა. ასევე, მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება თითოეული მოსწავლისადმი, კარგად უნდა იცნობდეს ყველას საჭიროებებს. მესმის, რომ მრავალკონტინგენტიან სკოლაში ამის მოხერხება ძალიან რთულია, მაგრამ მასწავლებელს, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები და გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა, ასევე არის კარგი პროფესიონალი, ვფიქრობ, ეს უნდა შეეძლოს. ცხადია, პასუხისმგებლობა მხოლოდ პედაგოგს არ უნდა დაეკისროს, სწავლა რომ შედეგიანი იყოს, უმთავრესია, მასწავლებელის, მოსწავლისა და მშობლის ერთობლივი მუშაობა, მონდომება და ძალისხმევა”.
პირველკლასელის მშობლის თხოვნა სკოლისადმი:
“ჩემი თხოვნა იქნება სკოლისადმი, პედაგოგებისადმი, რომ ჩვენს შვილებს თბილი, უსაფრთხო და კათილგანწყობილი გარემო შეუქმნან. ვფიქრობ, პირველი ნაბიჯები გადამწყვეტია პიროვნების სწორად ფორმირებისა და განვითარებისთვის, ამიტომაც ერთ-ერთი უმთავრესი როლი და პასუხისმგებლობა, მშობელთან ერთად, სკოლას აკისრია.
“მესმის, რომ დღევანდელ ცხოვრებაში რთულია და ზოგს საერთოდ არ აქვს დრო, დაუჯდეს და ამეცადინოს საკუთარი შვილი. მასწავლებლისთვისაც რთული გამონახოს დრო ყველა მოსწავლისთვის, რის გამოც მშობელი იძულებულია, რომ შვილი ინდივიდუალურად მოამზადოს მასწავლებელთან. ვფიქრობ, პირველი კლასიდანვე ეს არ დაგვჭირდება. მინდა, ყველა პირველკლასელს წარმატება ვუსურვო, მთავრი თხოვნა ალბათ ის არის, რომ სწავლის ძირი არა მწარე, არამედ ტკბილი იყოს”, – უთხრა EDU.ARIS.GE -ს ირმა სურმანიძემ.
ასევე იხილეთ:
როცა შვილი სასურველ სკოლაში დავარეგისტრირე – „დედა, ახლა ხომ წავალთ მთაწმინდაზე სასეირნოდ?!“
ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ
- „შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“ – ზოგადი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- როცა სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე საქმდებით – დამატებითი მოთხოვნა და გამოცდის ჩაბარების ვადები by ARIS.GE-განათლება
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება