„ტელესკოლა“ – ვინ და როდის გაზომავს ხარჯსა და სარგებელს
ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ქართულმა განათლების სისტემამ, გამოკეტილი საგანმანათლებლო სივრცეებისა და მასში შეჩერებული პროცესების სანაცვლოდ, დისტანციურ სწავლებას მიმართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის ,,ტელესკოლა“ ამოქმედდა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში წამოწყებული პროექტი, რომლის წარმატებულობით თავს იწონებს განათლების უწყებაცა და მთავრობაც, იაფი ვერანაირად ვერ იქნება, მისი დანახარჯებისა და ეფექტურობის პროპორციულობა მონიტორინგსა და შეფასებებს საჭიროებს. მით უფრო, რომ ,,ტელესკოლა“, როგორც იმთავითვე ითქვა, სოციალური დისტანცირების დასრულების შემდეგაც გააგრძელებს მოქმედებას.
გამოკეტილობის საწყის ეტაპზე, ვირუსის საფრთხით შეშინებულ, დაბნეულ საზოგადოებას დიდი სიცარიელის განცდა მოეძალა. „ტელესკოლის“ გადაცემებს ამ სიცარიელის კარი ყველამ თავისი მოტივით გაუღო: ვინ ბავშვები დააკავა ტელეეკრანთან, ვინ თავად მოიცალა გაეგო რას და როგორ ასწავლიან მის შვილებს, ვინ საკუთარი მოსწავლეობა გაიხსენა, ვინ შემეცნებითი გადაცემების ნოსტალგია გაიქარწყლა…
პროექტმა პოზიტიური გამოხმაურებები მრავლად მიიღო და იმ სიტუაციაში, მაყურებელთა ნაწილისთვის კიდეც შეასრულა ფსიქო-სოციალური დამაბალანსებლის როლი.
რაც შეეხება განათლებაში დასაქმებულ ადამიანებს მათი მოსაზრებები ტელესკოლაზე მაშინათვე გაიყო:
,,რამდენი უყურებს ტელესკოლის ვიდეოებს (გაკვეთილებს ვერ ვუწოდებ, რადგან არ არის გაკვეთილი)?“
,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტელესკოლის ორგანიზება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხერხდა, განათლების სამინისტროს თანამშრომლებისა და ჩართული მასწავლებლების დიდი შრომის შედეგად, ნამდვილად დასაფასებელია…“
,,მგონია, რომ ტელეგაკვეთილები ზუსტად ისაა, რაც უნდა ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ იმ დროსა და სიტუაციას, რა დროშიც პროექტი დაიგეგმა. ტელევიზორი ბევრად მეტი ბავშვისთვისაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ინტერნეტი და კომპიუტერი. პროექტის მასწავლებლები კი თავს არ ზოგავენ… ზოგს მეტად კარგად გამოსდის, ზოგს ნაკლებად, თუმცა საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე პროექტი წარმატებულია. განათლების სისტემა ჩვენთან არასდროს ყოფილა სრულყოფილი და იდეალური“.
,,ტელესკოლა რაღაც დოზით აკეთებს თავის საქმეს. ვიცი მშობლები, რაიონშიც, თბილისშიც, რომ აქტიურად უყურებენ შვილებთან ერთად. გვთხოვა დირექციამ და მეც დამხმარე რესურსად ვუზიარებ ჯგუფში, რომელი თემაც მომეწონება… აქტიურად ვიყენებ ხელოვნებას, მომწონს დაწყებითის ბუნება, მესამეს მათემატიკა. ზევით კლასებში არ ვიცი, ვერ ვუყურებ…“
,,მე ვიყენებ მე-7 კლასის ქართულს, რამდენიმე მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს და ტელესკოლას უყურებენ… მერვეკლასელებს ძალიან მოეწონათ ,,გიმნაზისტკა“.
,,ტელესკოლები, სადაც ნორმალურად კეთდება, გულისხმობს სატელევიზიო გადაცემის რომელიმე საგანმანათლებლო პროცესთან კომბინაციას“…
,,ეს გაკვეთილია? წიგნის ტექსტის კითხვა და მასწავლებლის ანფასი-პროფილი?“
ერთი თვის თავზე, როცა პანდემიის ეიფორია მეტ-ნაკლებად განელებულია და ცნობილია, რომ სასწავლო წლის დასრულება დისტანციური სწავლების პირობებში მოგვიწევს, მართებულია ჩატარდეს მოკვლევა და დასაბუთება, რამდენად ამართლებს მოლოდინებს ეს სპონტანური წამოწყება? რამდენი მოსწავლე სარგებლობს ამ პროდუქტით? შეამცირა თუ არა „ტელესკოლამ“ იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც დისტანციური სწავლების მიღმა დარჩნენ? ხელს უწყობს თუ არა მასწავლებლებს დისტანციურ სწავლებაში? და საერთოდ, შედეგები აბალანსებს თუ არა გაღებულ ხარჯებს? რა უნდა გაკეთდეს მისი ეფექტურობის გაზრდისთვის?
სხვანაირად, მცდელობა, შევაფასოთ „ტელესკოლის“ საგანმანათლებლო ღირებულება, მხოლოდ მცდელობად დარჩება, რადგან მტკიცებულებები საამისოდ არ მოგვეპოვება.
რაც რეალურად მოგვეპოვება, არის განათლების უწყებისგან გაცხადებული მოლოდინი, რომ „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ალტერნატიულ ფორმად, შემავსებელ კომპონენტად იქცევა.
ასევე მოგვეპოვება პირველადი რეკომენდაციები დისტანციური სწავლებისათვის. ამ დოკუმენტში, რომელიც სიცხადითა და თანმიმდევრულობით არ გამოირჩევა, ვკითხულობთ:
ამოცანის დონეზე: პრიორიტეტული ამოცანა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების, შესაძლებლობის ფარგლებში, გამდიდრებაა. რაც არა სოციალური ქსელების, არამედ უსაფრთხო პლატფორმების საშუალებით უნდა განხორციელდეს.
გაკვეთილის ორგანიზების დონეზე: კვირაში სულ 5-6 20-20-წუთიანი ონლაინგაკვეთილი დაწყებითი კლასებისთვის. შემდგომი კლასებისთვის ეს არჩევანი უფრო თავისუფალია გაკვეთილის სტრუქტურისა და ფორმატის შესაბამისად.
და მეთოდების დონეზე: ძირითადი დრო უნდა დაეთმოს მოსწავლეთაგან შინ შესრულებული დავალებებით მიღებული ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას. ამისათვის უნდა მომზადდეს მამოტივირებელი კომპლექსური დავალებები, რომელსაც ექნება ცხოვრებისეული კონტექსტი. მოსწავლეებს რომელიმე მოსახერხებელი არხით, უნდა მიეწოდოთ დავალების პირობა შესაბამისი რჩევებით, რა რესურსი გამოიყენონ, რა ნაბიჯები გადადგან მის შესასრულებლად. დავალება შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას უნდა ითვალისწინებდეს, რომლის გაზიარების საშუალება მოსწავლეებს ონლაინ შეხვედრებზე უნდა მიეცეთ. ისინი აღწერენ, ახსნიან რა და რატომ გააკეთეს, როგორ გამოუვიდათ, რას გააუმჯობესებდნენ,
უწყებამ ამ რეკომენდაციებში „ახალი სკოლის მოდელის“ გზამკვლევიდან ციტირებული რჩევები გაიმეორა და აქ უცნაური არაფერია, რადგანაც ეს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, რომელიც სექტემბრიდან (მშვიდობა გვქონდეს!) თანდათან ყველა საჯარო სკოლამ უნდა გაიზიაროს. სამინისტრომ ამით, სისტემური მიდგომა და გრძელვადიან მიზნისკენ მიმავალი გზის გაგრძელება დაადასტურა.
როგორ ეხმიანება ამ რეკომენდაციებს „ტელესკოლა“, დისტანციური სწავლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად წამოწყებული ალტერნატიული ფორმა, რომელიც 7-დღიან რეჟიმში საგანმანათლებლო სიუჟეტებს – ეგრთწოდებულ ,ტელეგაკვეთილებს სთავაზობს დაინტერესებულ მაყურებელს.
„ეგრეთწოდებული“ იმიტომ, რომ გაკვეთილი მონოლოგთან ვერ გაიგივდება, რადგან მის აუცილებელ კომპონენტთა შორის მოსწავლე-მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქცია მოიაზრება და სამართლებრივადაც, ეროვნული სასწავლო გეგმაში სწავლა-სწავლებაში კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებია აღიარებული.
,,ტელემასწავლებელთა“ მიმართ უღრმესი პატივისცემისა და გათითოებული წარმატებული შედეგების მიუხედავად, ერთი თვის თავზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პროექტი, შინაარსითა და ფორმატით, სისტემურად გააზრებულ მიზანსა და ამოცანებზე ორიენტირებულ აქტივობათა ერთობლიობად ვერ იკვრება. ის, ჯერჯერობით, ცალკეული მონაწილეების მიერ შერჩეული შინაარსისა და ფორმის პროდუქტების მექანიკური ერთობაა, სხვადასხვა მახასიათებლით: ,,ტელესკოლისთვის“ ექსპრომტად შექმნილი და კარგად გამოსული, სხვა მიზანზე მორგებით შექმნილი და დალაგებულ-გააზრებული, სხვაგან გამოყენებული და გადამღერებული, დონორისაგან სოციალურ რეკლამად მოწოდებული, „მოდი, მეც ვცდიზე“ და „ეს კარგად გამომდის“-ზე ორიენტირებული…
უბრალო სტატისტიკასაც რომ დავუფიქრდეთ, მაგალითად 1-ლ – მე-4 კლასებში საგნებისთვის კვირაში თითო 15 წუთია გათვალისწინებული, რომელიც ზოგჯერ საზიაროც (1-2 კლასი-ქართული; მე-3-მე-4 კლასი – მე და საზოგადოება) არის.
მოკლედ, როგორც ყველასთვის საყვარელი დაჩი მასწავლებელი იტყოდა, ამ „გაკვეთილების“ ერთობლიობას უჭირს სარგებლიან ჯამად ქცევა, რადგან მათ არ ეძებნებათ საერთო მნიშვნელი – სისტემურად გააზრებული ამოცანა, რომელსაც იქით მოირგებდა რესურსებსაც და გადაწყვეტასაც და პროექტს დისტაციური სწავლების, ან საერთოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ნაწილად აქცევდა.
თუ დისტანციურ სწავლებაში კომპლექსური დავალების კომპონენტი შემოვიტანეთ, რატომ არ უნდა იყოს ეს ,,ტელეგაკვეთილები“ ამ პრინციპით მუშაობის მოდელირება, რაც ერთეულ შემთხვევებში კრთება კიდეც, მაგრამ არა ხაზგასმულად და სრულფასოვნად – კომპლექსური დავალება თავისი რჩევებითა და რესურსების მითითებით, გეზისმიმცემი კითხვების შეშველებით. ასეთი ,,ტელეგაკვეთილი“ რესურსი იქნება ონლაინგაკვეთილებისთვისაც, შეღავათი მასწავლებლებისთვისაც, რომლებიც ახალი გამოწვევის პირობებში თან დისტანციური სწავლების უნარებს ივითარებენ და თან ამ უნარებს მყისიერად იყენებენ და სულაც არ არიან იოლ სიტუაციაში. თუ ,,ტელესკოლა“ ამ კომპლექსურეობის კომპონენტზე იმუშავებს, თავისი რესურსების (მინი-ლექცია, ვიზუალიზებული მასალა, საკითხავის მითითება…) შეშველებით, მაშინ მასწავლებლები უკვე კონსულტაციების გაწევაზე, დავალებების წარდგენა-მოსმენაზე, ინტერაქციაზე იმუშავებენ. გასაგებია, რომ ყველა სკოლა ერთნაირად არ მიდის მიზნისაკენ, მაგრამ „ვიდეოგაკვეთილების“ შექმნილი ბაზიდან მასწავლებლები ახლაც და მომავალშიც თავად შეარჩევენ და დაალაგებენ თანმიმდევრობას. რაც მთავარია, ეს იქნება სამომავლო რესურსიც და ახალი მიდგომების მოდელირებაც. ამით პროექტს ღირებულება და მდგრადობა შეემატება.
ასეთი „ტელეგაკვეთილების“ სცენარები საგნობრივი ექსპერტების ჯგუფებმა უნდა შექმნან, რომელშიც დღევანდელი ,,ტელემასწავლებლების“ უმრავლესობა თავის წვლილს შეიტანს. არსებულ სიტუაციაშიც, საქმე მათ პროფესიონალიზმში კი არა, არამედ ამოცანის ნათლად განსაზღვრასა და თავად საქმეშია – სცენარის მომზადება, კომპლექსურების მომზადება, მათ შესასრულებლად საჭირო რესურსების მოძიება და ნაბიჯების განსაზღვრა, საჭირო ინფორმაციის დოზისა და მიწოდების ფორმის განსაზღვრა დიდი სამუშაოა და უმრავლეს შემთხვევაში, ამას ინდივიდები ხარისხიანად ვერ გაართმევენ თავს, მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები სხვა მოვალეობებითაც არიან დატვირთულნი. „ტელეგაკვეთილები“ ისე უნდა იყოს გააზრებული, თანმიმდევრული, რომ მოსწავლეს სწავლა-სწავლებაში მხარდამჭერად გამოადგეს, მასწავლებელს კი რესურსად და პროფესიულ მოდელად. ეს ერთი ალტერნატივაა, და კვლევამ შეიძლება სხვა საჭიროებები და უკეთესი ალტერნატივები გამოკვეთოს.
რადგან პროექტი გრძელდება, საჭიროა სპონტანური ეტაპიდან გააზრებულ, სისტემურ და გრძელვადიანი სარგებლის შემცველ ეტაპზე გადასვლა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება