GE

ტემპერატურა 41-გრადუსამდე – როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს საქართველოს მასშტაბით

2025 წლის ზაფხულის გამოცდები 3 ივლისს, აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 23 ივლისს, მასწავლებლის გამოცდით დასრულდება. სულ 2025 წლის ზაფხულის გამოცდებში 80 000-მდე აპლიკანტი იღებს მონაწილეობას.

ივლისი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით საკმაოდ ცხელი თვე იქნება აბიტურიენტების, მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველების, მომავალი მაგისტრებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის. გულშემატკივრებს კი სიცხესთან გამკლავება საგამოცდო ცენტრებთან, ღია ცის ქვეშ, ან ხეების ქვეშ შეფარებულებს მოუწევთ.

სინოპტიკოსები, ივლისში, საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში 19 ივნისს განუცხადეს, ივლისის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40-41 გრადუსს მიაღწევს, ნალექი კი, ნორმაზე ნაკლები იქნება.

მოგეხსენებათ, 2025 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გაიხსნება. იმის მიხედვით, თუ რომელი ქალაქისა და დაბის საგამოცდო ცენტრში აბარებთ გამოცდას, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოთ:

დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებისთვის ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა ივლისის თვისთვის 24-25 გრადუსია, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია;

24-26 გრადუსია მოსალოდნელი კოლხეთის დაბლობზე, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბარს, აქ, ქართლშიც და კახეთშიც, ჰაერი 23-25 გრადუსამდე გათბება – ეს მაჩვენებელიც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 22-24, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 18-19 გრადუსი იქნება, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, ასევე 1-2 გრადუსით მაღალია.

სინოპტიკოსები ასევე პროგნოზირებენ, რომ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება დასავლეთ საქართველოში – სანაპიროზე 36-38, კოლხეთის დაბლობზე – 37-40, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 38-41, მთიან რაიონებში – 35-38, მაღალ მთაში – 31-34 გრადუსამდე.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური