GE

უნივერსიტეტებს მეტი დრო მიეცათ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის, განაცხადის წარსადგენად – ბრძანება

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, დაემატა ახალი პუნქტები, რომელთაგან ერთ-ერთის თანახმად, თუ სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრს [განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი] წარედგინა ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

კიდევ ერთი დამატებითი პუნქტით კი ვადის გახანგრძლივება გაიწერა და განისაზღვრა, რომ თუ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელახალი აკრედიტაციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა, ნაცვლად დებულებით გათვალისწინებული ვადისა (მიმდინარე წლის პირველი მაისის ჩათვლით) 2026 წლის პირველი ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ძალაშია 1-ელი მაისიდან.

ასევე იხილეთ:

საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის, პროგრამებს კი აკრედიტაციის ვადის ამოწურვისთანავე ფუნქციონირება არ შეუწყდებათ – ცვლილება

უნივერსიტეტი ან მისი პროგრამა ჩაითვლება ავტორიზებულად/აკრედიტებულად ვადის ამოწურვის მიუხედავად – რა ცვლილება შედის კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური