როგორ გაარჩიოს აბიტურიენტმა, ცნობარში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა 3-წლიანია თუ 4-წლიანი? – მინისტრის მოადგილის პასუხი
2026 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გასავლელად რამდენიმე დღე აქვთ დარჩენილი. აპლიკანტებმა საგნების არჩევისა და მათი საფასურის გადახდის გარდა, საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამებიც უნდა აირჩიონ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) განმარტავს, სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება, რადგან ჩარიცხვის დროს, უპირატესობა სარეგისტრაციო განაცხადში პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას ენიჭება.
აბიტურიენტებმა ასევე იციან, რომ პროგრამების არჩევა, შეცვლა ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. თუმცა, ის, რაც ამ დრომდე გამოსაცდელებისა და მათი მშობლებისთვისაც უცნობია, საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობაა.
როგორ უნდა მიხვდეს აბიტურიენტი, ცნობარში მითითებული პროგრამა 3-წლიანია თუ 4-წლიანი – ეს შეკითხვა EDU.ARIS.GE-მ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას დაუსვა და სთხოვა, დახმარებოდა აპლიკანტებს პროგრამების ხანგრძლივობის მარტივად დადგენასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
როგორც ზვიად გაბისონიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, აბიტურიენტმა, რადგან NAEC-ის მიერ გამოქვეყნებულ ცნობარში საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა მითითებული არ არის, უნდა იხელმძღვანელოს იმ დოკუმენტებით, სადაც თითოეული პროგრამისთვის კრედიტების რაოდენობაა განსაზღვრული.
„როგორ უნდა შევარჩიოთ 3-წლიანი და 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამები – ამის შემოწმება მარტივად შეიძლება, რადგან არის გამოქვეყნებული პროგრამების ჩამონათვალი და მითითებულია წლოვანება. ანკეტა-კითხვარში 3 და 4 წელი ვერ იქნება მითითებული იმიტომ, რომ დადგენილი ფორმა არსებობს. აბიტურიენტს, რომელსაც აქვს ამის სურვილი, თავისუფლად შეუძლია გადაამოწმოს კრედიტების მიხედვით. ოთხწლიანი პროგრამები ფიზიკურად ცოტაა. სტატისტიკურად რომ გითხრათ, დაახლოებით, 80%-ზე ცოტა მეტი არის სამწლიანი, დანარჩენი საგამონაკლისო წესით არის ოთხწლიანი, ხოლო მედიცინა ევროპაშიც და ჩვენთანაც არის გრძელვადიანი.
შესაძლებელია ამასთან [3 და 4-წლიანი პროგრამები] დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაც. გავივლი და დავაზუსტებ, როგორ შეიძლება, უფრო უკეთ მივაწოდოთ საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილიც. პროგრამების ჩამონათვალი, რომელი პროგრამა რომელ უნივერსიტეტში ხორციელდება, არის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, ხოლო კრედიტების რაოდენობა მინისტრის ბრძანებით დადგინდა“, – განაცხადა ზვიად გაბიოსონიამ 17 აპრილს, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
ასევე იხილეთ:
აბიტურიენტებმა ეს მნიშვნლოვანი ინფორმაცა ისევ არ იციან – „სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ“
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ორი მაგისტრატურა – ჯერ უცნობია, შეეძლება თუ არა სტუდენტს, ერთწლიანი მაგისტრატურის შემდეგ მეორე წელი სხვაგან გაიაროს
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტს რეგისტრაციისას გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება ამ შემთხვევებში – გარემოებათა ჩამონათვალი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმას 50 ლარად იყიდის და მშობლებს 100-150 ლარად შესთავაზებს?
by ARIS.GE-განათლება