ტერაბანკი ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამას იწყებს
ტერაბანკი ათასწლეულის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სტუდენტებს სწავლის დაფინანსების გრძელვადიან პროგრამას შესთავაზებს. ერთობლივი საბანკო პროდუქტის მიზანია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მდგრადობის უზრუნველყოფა.
სტუდენტური სესხის მოდელი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით და განკუთვნილია საქართველოში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის.
„მოხარული ვართ, რომ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერით ვიწყებთ სტუდენტური სესხების პროგრამას, საერთაშორისო ტენდერით გამოვლენილ კომერციულ ბანკთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სწავლის დაფინანსების ახალი მოდელი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის მდგრადობას შეუწყობს ხელს და ჩვენ მიერ ინიცირებულ პროგრამებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, – აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
ტერაბანკის სტუდენტური სესხის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ხოლო პრიორიტეტი მიენიჭებათ საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობების სტუდენტებს. მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ დაფინანსების მოდელი სრულად პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სწავლის დასრულებიდან 12-თვიან საშეღავათო პერიოდს.
„ტერაბანკი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში სტუდენტის საჭიროებაზე მორგებული სესხის განხორციელებას იწყებს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების სისტემის განვითარებაში და ხელი შევუწყოთ სტუდენტებს განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“, – აცხადებენ ტერაბანკში.
გრძელვადიანი სტუდენტური სესხი ტერაბანკსა და ათასწლეულის ფონდს შორის არსებული კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ინერგება. აღნიშნული უნიკალური პარტნიორობა შესაძლებელი გახდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. ტერაბანკსა და ათასწლეულის ფონდს შორის საპარტნიორო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტი ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
(R)
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია