GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველო–აზერბაიჯანის რექტორთა პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და რექტორის მოადგილე ზურაბ ზურაბაშვილი მონაწილეობდნენ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მასშტაბურმა ღონისძიებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები საერთო აკადემიურ პლატფორმაზე გააერთიანა.

კონფერენციის მიზანს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური პარტნიორობის განვითარება და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ იდრის ისაევმა და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ულქარ სატაროვამ მონაწილეებს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემები, მიმდინარე რეფორმები და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი თემატური პანელური დისკუსია, რომლებშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ. განხილვის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის გაფართოება, უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპეტენციების განვითარება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და აზერბაიჯანის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კონფერენციის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი აზერბაიჯანის ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა (Baku State University) და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან (Azerbaijan State University of Economics – UNEC).

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის აზერბაიჯანის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გააძლიეროს საკუთარი საერთაშორისო აკადემიური კავშირები, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩართულობის ახალი პერსპექტივები შესთავაზოს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური