GE

„თითოეული პროგრამა ეფუძნება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს“ – აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება

„პრიორიტეტად რჩება თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზება“ – ასე პასუხობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა კირთაძე EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისა და პირველკურსელების დასახვედრად.

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძველი და მდიდარი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში, ტრადიციულად, მაღალი მოლოდინებია, რაც გამოწვეულია წლიდან წლამდე აბიტურიენტთა მზარდი დაინტერესებითა და უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხის, საერთაშორისო კავშირების მიმართ საზოგადოების აგრეთვე მზარდი ნდობით.

რექტორი დეტალურად საუბრობს ყველა იმ სიახლეზე, რაც უნივერსიტეტს აქვს და იმ შესაძლებლობებზეც, რომლებითაც სტუდენტები სწავლის სამივე საფეხურზე სარგებლობენ.

შალვა კირთაძე: ახალ სასწავლო წელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პასუხისმგებლობითა და ოპტიმიზმით ხვდება. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზება.

ყველა სიახლე პროგრამულ, კვლევით, თუ სხვა დონეზე მიმართული იქნება იმისკენ, რომ სტუდენტი გახდეს კონკურენტუნარიანი პროფესიონალი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. 2025-2026 სასწავლო წელს პირველად ველოდებით სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიან საბაკალავრო პროგრამაზე. ჩავატარეთ ღია კარის დღე და დაახლოებით 1000-ზე მეტი აბიტურიენტი გვყავდა სტუმრად, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება ჩვენი პროგრამების მიმართ, მაღალია.

– რამდენად მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობთ აბიტურიენტებს?

– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განათლების ცენტრია დასავლეთ საქართველოში, რომელიც აბიტურიენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე. გვაქვს ცხრა ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, პედაგოგიური, მედიცინის, საინჟინრო-ტექნიკური, საინჟინრო-ტექნოლოგიური, აგრარული და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი. 44 საბაკალავრო, 3 ერთსაფეხურიანი, 43 სამაგისტრო და 8 სადოქტორო პროგრამა გვაქვს, რაც აბიტურუიენტებსა თუ უმაღესი განათლების შემდგომი საფეხურებით დაინტერესებულებს საშუალებას აძლევს, სასურველი მიმართულებით ისწავლონ. ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების პოტენციალის განვითარება და მათთვის ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი განათლების უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროგრამა ეფუძნება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს და მორგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. ამასთან, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამეცნიერო პროექტებში, გაიარონ პრაქტიკული სწავლება საჯარო და კერძო სექტორში, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში.

– სტიპენდიების მიღების რა შესაძლებლობები ეძლევათ თქვენთან ჩაბარების მსურველებს?

– მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტუდენტს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო სტიპენდია და საუნივერსიტეტო სტიპენდია უკვე გაორმაგებული ოდენობით. ამასთანავე, ცალკეულ ფაკულტეტებზე მოქმედებს სახელობითი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სტიპენდიები. ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი მოტივაციაა მათთვის, უკეთესად ისწავლონ. ამასთანავე, ჩვენთან აუცილებელია, რომ სტიპენდიანტები, გარდა აკადემიური მოსწრებისა, აქტიურად იყვნენ ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, კონფერენციებში. ეს ყველაფერი ეხმარება მათ როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ წინსვლაში.

ძირითადად რა აინტერესებთ ახალგაზრდებს ღია კარის დღეზე, ან მსგავს ღონისძიებებზე?
ახალგაზრდები ინტერესდებიან არა მხოლოდ ადგილობრივი სასწავლო პროგრამებით, არამედ გაცვლითი პროგრამებით, დასაქმების შესაძლებლობებით. დღეს ახალგაზრდები უფრო ხშირად ინტერესდებიან კონკრეტული პროგრამების შინაარსით, უნარებითა და კომპეტენციებით, რომელთაც სწავლის შედეგად მიიღებენ. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, დაინტერესებულ, მოტივირებულ სტუდენტებს კიდევ უფრო მეტად განვითარებაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

– რამდენად მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას სთავაზობთ პირველკურსელებს?

– ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული სტუდენტები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. არიან როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონები. ყოველ წელს შიდა საუნივერსიტეტო „უნივერსიადაში“ 1000-ზე მეტი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ „უნვერსიადაშიც“ წარმატებით ასპარეზობენ. ფუნქციონირებს ორი არაჩვეულებრივი ანსამბლი: ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“ – 30 წლიანი ისტორიითა და ფოლკლორული ანსამბლი „ადილა“ – 25 წლიანი ისტორიით. ორივე ანსამბლი ნამდვილად გამორჩეული და არაერთი პრიზის მფლობელია. მონაწილეობენ საერთაშორისო ფესტივალებში. პირველკურსელებს სპორტული მონაცემებით, ცეკვისა და სიმღერის უნარებით არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ უნივერსიტეტისა და ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.

უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება კულტურულ-შემოქმედებითი, სახელოვნებო მრავალსპექტრიანი საქმიანობა. ფაკულტეტებზე ფუნქციონირებს სტუდენტთა სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეები, უცხო ენათა, მთარგმნელობითი, კინო, დრამა, დებატ-კლუბები, ლაბორატორიები. ასევე, თეატრალური დასი „ლიბერტა,“ რომელიც ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანებაა და ხელს უწყობს მხატვრული თვითგამოხატვის განვითარებას, კულტურული ცხოვრების გამდიდრებას უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტში სტუდენტური თანაცხოვრება კულტურათა დიალოგის უნიკალურ სივრცეს ქმნის – სადაც ტრადიცია და სიახლე ჰარმონიულად ერთიანდება. უნივერსიტეტი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტები, სხვადასხვა კულტურის მქონე ახალგაზრდები ერთმანეთს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გამოცდილებას, ტრადიციებს და ღირებულებებსაც უზიარებენ.

– რა ტიპის თანამშრომლობა გაქვთ უცხოურ უნივერსიტეტებთან და რას აძლევს ეს თქვენს სტუდენტებსა და პერსონალს? რამდენად ეძლევათ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა?

– უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას და მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტებს შესთავაზოს გლობალურად კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო გარემო. პარტნიორული ურთიერთობები მრავალ წამყვან ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ჩვენს სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ ორმაგი დიპლომი და გაიღრმავონ ცოდნა უცხოურ აკადემიურ სივრცეში. ამჟამად წარმატებით ხორციელდება ორმაგი დიპლომის პროგრამები ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: ლაქვილას უნივერსიტეტი (იტალია), პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რენის გამოყენებითი მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი).

განსაკუთრებით აღსანიშნავია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა გააგრძელონ მათთვის სასურველ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში, რაც მთავარია სწავლის საფასურის 100%-იანი დაფარვით.

ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც ქმნის ფართო საერთაშორისო ქსელს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა Erasmus+ გაცვლითი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სარგებლობენ მოკლევადიანი სწავლების, კვლევისა და სტაჟირების შესაძლებლობებით, ევროპის მრავალ ქვეყანაში.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამებში, რომლებიც დაფინანსებულია სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთია ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა, ფულბრაიტის აკადემიური გაცვლის პროგრამები პროფესორებისა და სპეციალისტებისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) – საინფორმაციო და საგანმანათლებლო სტიპენდიები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ა.შ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვთანამშრომლობთ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF), ჩვენი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები სხვადასხვა პროექტებში არინ ჩართული. გამოვყოფ ჩინეთის სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც მედიცინის მიმართულებით სტუდენტებისთვის ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენთან შესაძლებელია ჩინური ენის უფასოდ შესწავლაც.
შეჯამების სახით ვიტყვი, რომ საერთაშორისო კავშირები, რაც გვაქვს როგორც ევროპის, ისე აზიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, მნიშვნელოვნად ამდიდრებს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო და კვლევით გამოცდილებას.

– რას აკეთებს უნივერსიტეტი იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი მუდმივად მზარდ ინტერესს?

– ამის კარგი მაგალითია ,,სამეცნიერო ფესტივალი“, რომლის ჩატარებაც უკვე ჩვენი უნივერსიტეტისთვის ტრადიციად იქცა. ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება. უნივერსიტეტი იმერეთის მასშტაბით და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს. მათ ვთავაზობთ სხვადასხვა შემეცნებით, სახალისო აქტივობებს. ათასზე მეტი ბავშვი გვსტუმრობს. მათ შესაძლებლობა აქვთ, თავად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში. ნახონ, როგორ მუშაობენ სტუდენტები პროექტებზე. ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი მოტივაციაა, თავადაც იფიქრონ ინოვაციურ იდეებზე. ჩვენი მხრივ, ვპირდებით, რომ შემდეგში, როცა ჩვენი სტუდენტები გახდებიან, ხელს შევუწყობთ მათი იდეების რეალობად ქცევას.

უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც მოიცავს ინოვაციურ პროექტებს, აკადემიურ კვლევებსა და ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას. სტუდენტებს ვთავაზობთ მრავალფეროვან კვლევით აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. ეს შეიძლება იყოს: ექსპედიციებში მონაწილება; კვლევით პროექტებში ჩართულობა; ლაბორატორიული სამუშაოები; სამეცნიერო/სტუდენტური კონფერენციები; ინდივიდუალურ კვლევებზე მუშაობა; სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ჩართულობა.

რეგულარულად ვატარებთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს სხვადასხვა დარგში, ყოველწლიურად გამოვცემთ სამეცნიერო კრებულებსა და სალიტერატურო ჟუნალებს.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი კრიტერიუმი/კრიტერიუმები, რაც უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის სასურველს ხდის?

– ტრადიციები, მდიდარი ისტორია, საერთაშორისო პროექტები, მეგობრული გარემო, ლიდერობის თვისებების გამომუშავების შესაძლებლობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი, მრავალფეროვანი პროგრამები და ა.შ.

ყველაზე ხშირად, რასაც ჩვენთან მოსული მოსწავლეები, აბიტურიენტები გვეკითხებიან, არის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა, რაზეც უკვე გესაუბრეთ და კვლავ ვიტყვი – მაღალი აკადემიური დონის საგანმანათლებლო პროგრამები, გაცვლითი პროექტების მრავალფეროვნება და ორმაგი დიპლომების აღების შესაძლებლობა, ალბათ, მთავარი კრიტერიუმებია არჩევანის გასაკეთებლად. ასევე, კარიერული განვითარების შესაძლებლობა, სტაჟირებები, დასაქმების პოტენციალი… მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ნაწილში, სტუდენტებს ხელი შევუწყოთ.

– რა მიგაჩნიათ თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარ დანიშნულებად, რა ტიპის ცოდნა უნდა მისცეს მან ახალგაზრდას, რომელსაც სწავლის დასრულების შემდეგ მუდმივად ცვალებად და მზარდ კონკურენტულ გარემოში უწევს თავის დამკვიდრება? რა ტიპის მხარდაჭერას მიიღებს თითოეული კურსდამთავრებული თქვენგან, ამ რთულ გზაზე?

– დღეს, როცა კონკურენცია ყველა სფეროში იზრდება, უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ აღჭურვოს იმ უნარებით, რომლებიც მათ რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, არამედ საზღვარგარეთ – წამყვან დაწესებელებებში. ვცდილობთ, საჭიროების შემთხვევაში, ვიყოთ მათი მხარდამჭერები. უნივერსიტეტი მათთვის არის არა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც ყოველთვის შეუძლიათ დაბრუნება, როგორც პარტნიორებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური