GE

„ძვირფასო თოვლის ბაბუა, რაც გინდა მომიტანე ოღონდ მომიტანე“- მოსწავლეების წერილები თოვლის ბაბუს

ახალი წლის დადგომას ყველა განსაკუთრებით ელის, განსაკუთრებით კი ბავშვები. ისინი მოუთმენლად ელიან საჩუქრებს ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან, განსაკუთრებით თოვლის ბაბუსგან, რომელიც ახალი წლის ღამეს მოდის მათ გასახარებლად.
EDU.ARIS.GE-მ სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს სთხოვა დაეწერათ სურვილები თოვლის ბაბუისთვის, აეხსნათ რა სურთ და რატომ. პატარების წერილები ჩვენ ერთად შევაგროვეთ და დიდი სიყვარულით წარმოგიდგენთ:

-კატო: „ძვირფასო თოვლის ბაბუა, რაც გინდა მომიტანე ოღონდ მომიტანე“.

-ნინუცა, 9 წლის: „თოვლის ბაბუა, მე მინდა ლამაზი ჩანთა და კიდევ შენი სახის დანახვა“.

-„გამარჯობა თოვლის ბაბუა! მინდა რაღაც კონსტრუქტორი და კიდევ დრონი. კიდევ კითხვები მაქვს და აქ დაწერე პასუხები..
-რა გვარი ხარ?
-რამდენი წლის არიან შენი მშობლები?
კაი აბა ჰე! მალე მოდი თორემ ბუა მოვა’’.

-მარიამი: „თოვლის ბაბუა, მე მინდა საკანცელარიო ნივთები იმიტომ, რომ ხატვა ძალიან მიყვარს”.

-ქეთა: „ძვირფასო სანტა, არ გეგონოთ, რომ მორიდებული ვარ, იმის გამო, რომ არაფერი მინდა კონკრეტულად. მე მინდა სიურპრიზივით გამოვიდეს ეს საჩუქარი. კონკრეტულად არაფერი მინდა, რადგან ყველაფერი მაქვს რაც მინდა, ამიტომ მინდა გამოვიდეს სიურპრიზი. იმედია მიხვდით რაც ვიგულისხმე. გქონოდეთ მხიარული ახალი წელი, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!“

-„ფლეისთეიშენი, კალმიანი პლანშეტი, როლიკები, თუ გინდა აიფონ 13-ც გამოაყოლე”.

-„მე გულით მინდა, რომ დედა გავახარო. საჩუქარი არ მინდა. მე მინდა, რომ არ გავაბრაზო ჩემი დები და მამა’’.

-ირაკლი, 10 წლის: „ჩემი ბიძა გამიცოცხლდეს, ჩემი დედის დედა გამიცოცხლდეს, დედის მამა გამიცოცხლდეს“.

-ანამარია: „მე ძალიან მინდა, რომ ძაღლი მყავდეს, ასევე მინდა, რომ ძაღლს რა ნივთიც სჭირდება გასართობი სათამაშოები, დივანი თუ სხვა. მე იმიტომ მინდა ძაღლი, რომ მასთან ერთად მინდა თამაში და ალერსი. ჩემი საოცნებო ძაღლი ჰომერანული შპიცია, რადგან ფუმფულაა და უსაყვარლესი“.

-დაჩი, 8 წლის: „გამარჯობა თოვლის ბაბუა. მე მინდა კორონა მალე მორჩეს და გაჭირვება აღარ იყოს. მე მინდა მომიტანო სიკეთე, სიყვარული და სათამაშო, ანუ ლეგო. კარგად!“

ნუკი, 8 წლის: „ძვირფასო თოვლის ბაბუა, ვიცი რომ ბუნების დამცველი ხარ. მე მეცოდება ნაძვებს და ხეებს რომ ჭრიან, მაგრამ თუ მოხუცია ხე, უნდა მოვჭრათ. უბრალოდ ხის მოჭრა ცუდია. მინდა, რომ უთხრა იმ ცუდ ადამიანებს: ნუ ჭრი ნაძვის ხეებს, გაუფრთხილდი ბუნებას. კარგით თოვლის ბაბუუ?“.

-დაჩი, 9 წლის: „თოვლის ბაბუ, მე წელს შენ რაც მოგინდება ის წამომიღე. ვიცი, რომ კარგს აარჩევ და ვიცი, რომ კარგი გემოვნება გაქვს. ახლა უკვე ბევრ ადამიანს აქვს ხელოვნური ნაძვის ხე, მაგრამ სოფლებში მაინც ჭრიან ხეებს. მე ერთადერთი 2 სურვილი მაქვს, მე მინდა, ხეები რომ აღარ მოჭრან და კორონა რომ დამთავრდეს“.

-ნუცა, 8 წლის: „გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე ვარ ნუცა მე მინდა, რომ ამ ქვეყანაზე კორონა გაქრეს, რადგან აქ ბევრი ავადდება და ბევრი კვდება. ასევე მინდა, რომ ხეები არ მოიჭრას, რადგან ის ჰაერს ასუფთავებს. მინდა კარგად ვსწავლობდე ყველა საგანში, მით უმეტეს „მე და საზოგადოებაში“, რადგან მზეო მასწავლებელს უხარია, როცა ბავშვები კარგად ვსწავლობთ და ბევრ კარგ სიტყვებს გვეუბნება“.

-მაშო: „გამარჯობა სანტა, მე მინდა ლეკვი. თუ შეძლება და ლეკვს მომიყვან მეტი არაფერი მინდა და თუ ვერ მომიყვან რამეს მოვიფიქრებ! შენ ძალიან კეთილი ხარ და მადლობა წინასწარ!“.

როგორც ამ უსაყვარლესი და გულწრფელი წერილებიდან ჩანს, ბავშვების უმეტესობას საჩუქრად საყვარელი ცხოველი სურს, ტექნიკა და სასწავლო რესურსები, რომელსაც სწავლებისთვის გამოიყენებენ, უფროსებისა და მასწავლებლები გახარება, რომლებიც განსაკუთრებით უყვართ და კორონა ვირუსის სამუდამოდ გაქრობა. თუმცა ამასთან, აქვთ არამატერიალური სურვილებიც. მათ სურთ, იცხოვრონ საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად, ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, ასევე იგივეს უსურვებდნენ სხვა ადამიანებსაც. რაც მთავარია, არ ავიწყდებათ საყვარელი ადამიანები, რომლებიც ძალიან შორს წავიდნენ.

EDU.ARIS.GE იზიარებს ბავშვების კეთილ სურვილებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი წელი მათთვის ბედნიერებისა და მშვიდობის მომტანი იქნება.

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური