სკოლის დამლაგებლების, ექიმებისა და ბაღის აღმზრდელთა ხელფასის მატება პარლამენტში დეპუტატებმა მოითხოვეს – ფინანსთა მინისტრის დამაიმედებელი პასუხი
12 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, არაერთმა დეპუტატმა დააყენა სკოლის ტექპერსონალის, დამლაგებლების, სკოლის ექიმებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელთა სახელფასო მატების საკითხი.
მცირე ხელფასებისა და ამ მიზეზით კადრების პრობლემაზე ისაუბრეს როგორც სხვა დეპუტატებმა, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც ფინანსთა მინისტრს საკითხის მოგვარების პროცესში კომიტეტის დახმარებაც შესთავაზა.
„სკოლის ექიმებს ხელფასი 20%-ით მოვუმატოთ“ – დეპუტატი
ლაშა ხუციშვილმა სკოლის ექიმების საკითხი ცალკე არ გამოყო, თუმცა დასახელებული კადრების ანაზღაურების კუთხით დამაიმედებელი განცხადება გააკეთა:
“ზოგადად, საბავშვო ბაღებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ერთიანი მიდგომა, როდესაც ერთის მხრივ, იზრდება ხელფასები გარკვეული პროცენტული ოდენობით. იცით, რომ ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ზოგან არის საკმაოდ მაღალი ხელფასი, ზოგან შედარებით დაბალი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დისბალანსი [ხელფასის ოდენობის თვალსაზრისით] რეგიონებს შორის არის საკმაოდ მაღალი, ჩვენ, გარდა ამ სტანდარტული ზრდისა, ინდივიდუალურად ვეხმარებით იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ამის გამოსწორებაა საჭირო. ბუნებრივია, ვეცდებით, რომ ეს ტემპი კიდევ უფრო დავაჩქაროთ იმ მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში, სადაც შედარებით გაცილებით დაბალია ხელფასების ოდენობა საბავშვო ბაღებში და მომდევნო წელიც არ იქნება გამონაკლისი, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო წარმოდგენილ ვარიანტში, უკვე ასახული იყოს ყველა ეს თანხები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში, ზრდის მიმართულებით”.
რაც შეეხება სკოლის პერსონალის საკითხს, ლაშა ხუციშვილმა სურვილი გამოთქვა, ითანამშრომლოს როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის შესაბამის – განათლების კომიტეტთან.
“სკოლის პერსონალთან დაკავშირებით დამლაგებლებზე იყო საკითხი დაყენებული, რომ ხომ არ არის შესაძლებელი, აუთსორსზე გავიდეს, ანუ [კადრების] გარე მომწოდებელი იყოს. ამასთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდით კომიტეტთან ერთად და შესაბამის სამინისტროსთან ერთად, თუ ეს მოგვცემს ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას. ბუნებრივია, ამ ნაწილში ხარჯების შემცირებაზე არ გვაქვს საუბარი, თუმცა ზრდის ნაწილში ოპტიმიზაციის და ამავდროულად ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა და ამ მიმართულებითაც, საბოლოოდ წარმოდგენილ ბიუჯეტში, ვეცდებით, რომ სრულად იყოს ასახული ზრდის მაქსიმალური შესაძლებლობა”, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს ფინანსთა სამინისტროში განიხილავენ და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე თვის ბოლომდე იქნება წარდგენილი.
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება