GE

თსუ-ის ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა

3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ-ის ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის ლადო ჭანტურიას ხელშეწყობით, თსუ-ის ბიბლიოთეკას გერმანელი არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა. კოლექციაში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორია, მხატვრული კრიტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, თეატრმცოდნეობა) მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი.

„ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკაა, უნიკალური და რთულად შესადგენი. ბიბლიოთეკა, სადაც უამრავი ალბომი, უამრავი ძველი წიგნი, ახალი გამოცემა არის შესული. ბიბლიოთეკა მართლაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა სერიოზული კვლევა ჩაატაროს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით“,- აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, 2017 წელს თსუ ბიბლიოთეკას გადმოეცა. „ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. იმედი მაქვს, კლაუს შვაგერის ბიბლიოთეკას ხშირად გამოიყენებენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები“,- განაცხადა თსუ-ის საპატიო დოქტორმა, კლაუს შვაგერის მეგობარმა, პროფესორმა კლაუს ჰოპტმა.

თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 3500-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის, უძვირფასესი საჩუქარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნადი ფონდისათვის: „შინაარსობრივად ეს ლიტერატურა არის სახელოვნებათმცოდნეო. აქ წარმოდგენილია ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება იტალიურ რენესანსს, გერმანულ მაროკოს და ა.შ. ამ მიმართულებით ვისაც აინტერესებს კვლევა, ეს არის უძვირფასესი კოლექცია.“

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში კეთილმოეწყო სივრცე, სადაც განთავსდა კლაუს შვაგერის პირადი კოლექცია. თსუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკას ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნადი ფონდი აქვს, იგი 4 მილიონამდე წიგნს მოიცავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი