GE

თსუ-ის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები ორმაგი ხარისხის დიპლომის აღებას შეძლებენ

კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სრული უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.

სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ პირველი აკრედიტებული პროგრამაა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით დაარსებულ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში და კურსდამთავრებულს ანიჭებს ორმაგ ხარისხს: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან-ტურიზმის მაგისტრი, ხოლო ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის მხრიდან – ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრი.

პროგრამა ითვალისწინებს ორწლიან სწავლებას, რაც გულისხმობს 120 კრედიტის დაგროვებას 4 სემესტრის განმავლობაში. სწავლება იწარმოება ქართულ ენაზე, ფრანგული ენის კომპონენტებით. პირველი სამი სემესტრი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის მიერ განხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ხოლო მეოთხე სემესტრში,  სტუდენტები სწავლას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში, ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტში გააგრძელებენ, სადაც დაიცავენ სამაგისტრო ნაშრომს. პროგრამა ითვალისწინებს ფრანგული ენის გაძლიერებულ სწავლებასაც, რათა სტუდენტები მოემზადონ საფრანგეთის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლებისა და 4-5-თვიანი სტაჟირებისთვის მოქმედ ტურისტულ კომპანიაში. ამასთან, პროგრამის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ   საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული მუშაობის ნებართვა საფრანგეთში.

სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ მიზნად ისახავს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მატარებელი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

პროგრამაზე მიღების წინაპირობებია: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მისაღები გამოცდა საგანში „ტურიზმი“ და ფრანგული ენა B1.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სტუდენტთა დაფინანსებას, ფრანგული მხარე კი უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას საფრანგეთში და ფრანგი პროფესორების ვიზიტს საქართველოში. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური