GE

თსუ-მ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები საღამო გამართა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაგისტრატურის 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების საზეიმო გადაცემის ღონისძიება კლუბ-ლაუნჯ „ოტიუმში“ გამართა. უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით წელს მაგისტრატურა 1000-მდე სტუდენტმა დაასრულა.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით, მან მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ისინი მომავალშიც არ შეწყვეტენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.

„წელს 1000-მდე მაგისტრანტმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტი. ეს არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი გამოშვება, რაც გვაქვს წელს, თუმცა მიღება უფრო დიდი გვქონდა, სულ 5000 სტუდენტი მივიღეთ ბაკალავრის საფეხურზე. დღეს გვაქვს მაგისტრანტებთან გამოსამშვიდობებელი საღამო, მივულოცავ მათ კურსის დამთავრებას, ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში და ვულოცავ, რომ ისინი ნამდვილად შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მრავალრიცხოვან არმიას. ვიმედოვნებ, რომ ისინი მომავალშიც აქტიურად იქნებიან დაკავშირებული უნივერსიტეტთან, ზოგიერთი მათგანი გააგრძელებს სწავლებას სადოქტორო საფეხურზეც, ამის დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები კი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათთვის უნივერსიტეტში გატარებული წლები არა მარტო სწავლასთან, არამედ სამომავლო პერსპექტივებთან და წარმატებებთან ასოცირდება.

ნათია ასანიძე, მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ წლებს ერთ-ერთ განსაკუთრებულ პერიოდად შევაფასებ. ბაკალავრიც აქ დავამთავრე და მაგისტრატურის დასრულების შემდგომაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ. უნივერისტეტს კი მომავალშიც ისეთივე წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ, როგორიც აქვს“.

თამარ მელაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 6 წელია რაც ვსწავლობ, ამ წლების განმავლობაში ცოდნის გარდა, შევიძინე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩემს ცხოვრებაში. პროფესორები ძალიან დიდ მადლობას იმსახურებენ ჩემგან და თითოეული სტუდენტისგან იმ მომავლის პერსპექტივებისთვის, რომელიც გადმოგვცეს. ჩემთვის თსუ-ის სტუდენტობა დიდი პატივია და ეს პატივი ბოლომდე შევინარჩუნო“.

მაგისტრატურის გამოშვების ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით და კონცერტით დასრულდა. კურსდამთავრებულთათვის ბენდი „New One“ და DJ Machaidze უკრავდნენ.

ცნობისთვის, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წლიდან დაიწყო. მაგისტრატურის პირველი გამოშვება თსუ-ს 1998 წელს ჰყავდა. მაგისტრის ხარისხი ამ ხნის განმავლობაში 15 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიენიჭა.

დღეის მონაცემებით, თსუ-ის 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი