GE

„თსუ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მეტად ფიგურირებს საერთაშორისო ასპარეზზე“ – პირველკურსელი სტუდენტი

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია და უნივერსიტეტები ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის შესახებ საუბრობენ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ 2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, ყველაზე მეტი გრანტის მფლობელი აბიტურიენტი მათ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თსუ აირჩია საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთმა საუკეთესო რეიტინგის მქონე აბიტურიენტმა დანიელ სტეპანენკომ, რომელიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის სპეციალობის სტუდენტი გახდა.

ის EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ უნივერსიტეტში მეგობრული გარემო და საინტერესო სასწავლო პროგრამები დახვდა.

„თბილისის 74-ე საჯარო სკოლა (რუსული სექტორი) დავამთავრე. ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის (75-დან 74 ქულა), მათემატიკის (59-დან 57ქულა) და ზოგადი უნარების გამოცდაში (80-დან 73 ქულა) პრობლემა არ მქონია, ადვილად მოვემზადე. უცხო ენად ჩემი მშობლიური რუსული ენა ჩავაბარე და 80-დან 80 ქულა ავიღე, ყველაზე მეტად ქართული ენის შესწავლა გამიჭირდა, ამიტომ მთელი წელი მას დავუთმე და 70-დან 60 ქულა მივიღე. თსუ-ში მომეწონა ძალიან, ის რომ ფიზიკის გაძლიერებულ ჯგუფში ვარ, ანუ ვისაც ეროვნულ გამოცდაზე მაღალი ქულები ჰქონდა, ფიზიკას განსხვავებული პროგრამით, წინმსწრებად ასწავლიან. სხვა ძალიან ბევრი სიახლეც იყო ჩემთვის. მომწონს სტუდენტები და მათი მეგობრული განწყობა, პროფესორებიც მეგობრულად არიან ჩვენთან“, – ამბობს დანიელ სტეპანენკო.

მისივე თქმით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ სასწავლებლის ავტორიტეტის გამო აირჩია და დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მეტად ფიგურირებს საერთაშორისო ასპარეზზე და ყველაზე მეტადაა პოპულარული. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე აქ ჩაბარება, ამასთანავე ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ჩემი ოჯახისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც ხელმისაწვდომია.

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მეათე კლასიდან დავინტერესდი. ავირჩიე ფიზიკა, თუმცა სხვა მეცნიერებებიც მომწონს. ძალიან მინდა, რომ მომავალში უცხოელ მეცნიერებთან ერთად ვიმუშაო და საერთო პროექტები განვახორციელოთ, ასევე ჩემი ოცნებაა კვანტური ბიოლოგიის (ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრების კვანტურ დონეზე ახსნა) განვითარება. თავისუფალ დროს სამეცნიერო წიგნების კითხვაში ვატარებ, მომწონს ავტორები: რიჩარდ დოკინსი, კარლ სეიგანი, სტივენ ჰოკინგი და სხვა, ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და მეც ვუკრავ პიანინოზე.

„მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ შრომა და სწავლა მნიშვნელოვანია, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობა არ უნდა დაივიწყონ, განსაკუთრებით ძილი, რასაც ბევრი აბიტურიენტი ყურადღებას არ აქცევს.,ეს დიდი შეცდომაა“,- ამბობს თსუ-ის სტუდენტი.

წელს თსუ-ში საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში 4946 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც გასულ წელთან შედარებით 514-ით მეტია. ჩარიცხული სტუდენტების 45%-მა სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრული ან ნაწილობრივი ოდენობით მოიპოვა. აქედან 397-მა სტუდენტმა 100% -იანი გრანტი მიიღო, 492-მა – 70% -იანი, 1358-მა კი -50%-იანი დაფინანსება მოიპოვა. 1200-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე. თსუ-ში მატებაა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისითაც. უნივერსიტეტში სწავლას აზერბაიჯანულ და სომხურენოვან სტუდენტებთან ერთად ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი სტუდენტებიც გააგრძელებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური