GE

თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ემერიტუსი პროფესორი დამანა მელიქიშვილი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. „ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც მთელი თაობები აღზარდა. ის არის სახელგანთქმული მეცნიერი, ძალიან კარგი აღმზრდელი და გარდა ამისა, ენერგიული და დადებითი ადამიანი, რომელიც აფრქვევს პოზიტიურ ენერგიას. ასეთი ხალხი არის სახე ჩვენი უნივერსიტეტის. ვუსურვებ ქალბატონ დამანას დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის კიდევ ბევრი საქმის კეთებას,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის თქმით, „დამანა მელიქიშვილი საქვეყნოდ ცნობილი ენათმეცნიერია, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი შექმნა და რომელშიც მან გამოიკვლია ქართულ ენასთან დაკავშირებული ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხები. მისი ნაშრომები ცნობილია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთშიც, რომლითაც ძალიან ბევრი ქართველოლოგი ხელმძღვანელობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალბატონი დამანა მომავალშიც მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომით გაამდიდრებს ჩვენს ენათმეცნიერებას.“

საიუბილეო საღამოს დამანა მელიქიშვილის სტუდენტები, თანაკურსელები, თსუ პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ. „ჩემი სტუდენტები , რომლებიც დღეს სიტყვით გამოდიოდნენ ძალიან დიდი სიყვარულით შემხვდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ისინი დაადგენენ იმ გზას, რომელიც ალბათ მე გავუკვალე,“- განაცხადა დამანა მელიქიშვილმა. მისი თქმით, „სტუდენტისთვის მთავარია, რომ სწორედ მასწავლებელმა იპოვოს მისი ინტერესები, დააყენოს გზაზე და გაუკვალოს ეს გზა. ჩემი ძველი სტუდენტები, როდესაც სწავლობდნენ მაშინ ურთულესი პერიოდი იყო. თუმცა, იყვნენ ძალიან ძლიერი სტუდენტები კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებიდან და ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობის სფეროში მუშაობდნენ ხელნაწერთა ინსტიტუტში, შემდეგ საზღვარგარეთ კითხულობდნენ ლექციებს და დღეს ცნობილი მეცნიერები არიან. მე ძალიან მიხარია, რომ მოვესწარი იმას, რომ ჩემი სტუდენტები იმ საქმეს მისდევენ, რომელიც ალბათ მე შევაყვარე.“

საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური