GE

„თუ გინდა, რომ გიყვარდეს შენი საქმე და თან სამუშაო გრაფიკი შენს გემოზე მოირგო, ციფრული სამყარო შენთვისაა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მიერ საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“ განხორციელდა. პროექტი განკუთვნილი იყო მე-8-მე-12- კლასელებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღია ლექციების ფორმატით გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოეპოვებინათ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაევლოთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • Front-end და დიზაინის საწყისები
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯები სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ანი მერაბიშვილი თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა და ერთ-ერთია იმ მოსწავლეებს შორის, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსები „უნილაბი სკოლაში“-ს ფარგლებში.

– როდის და რატომ დაინტერესდით ტექნოლოგებითა და მომავლის პროფესიებით?

– ტექნოლოგიებით 11 წლის ასაკში დავინტერესდი, იმიტომ, რომ გავაცნობიერე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს სფერო და რომ უფრო და უფრო ვითარდებოდა. ყოველთვის მინდოდა რაიმე საინტერესო და კრეატიულის შექმნა შემძლებოდა, ან ლამაზი და დახვეწილი საიტი ამეწყო და ანიმაციები შემექმნა. ეს სურვილი გახდა ამ სფეროში განვითარების საფუძველი. და მართლაც, საჭირო დროს გამოჩნდა ყოველი კურსი, რაც ამ მიმართულებით გავიარე და რაც საშუალებას მაძლევს ბევრი საინტერესო და ახალი რამ შევისწავლო.

– რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?

– 11 წლის რომ ვიყავი, ტექნოპარკში გავიარე 3D დიზაინის კურსი და როდესაც კურსის ბოლოს ჩემი გაკეთებული დიზაინით 3D პრინტერზე ყელსაბამი ამოვბეჭდე, ამან გამიათასმაგა მოტივაცია, რომ ტექნოლოგიების სფეროში უფრო განვვითარებულიყავი. შემდეგ, ჯეოლაბში გრაფიკული დიზაინის კურსები გავიარე და მივხვდი, როგორი საინტერესოა ეს სფერო და რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი!

– საიდან და როგორ შეიტყვეთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ?

– ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის შესახებ სოციალური ქსელებიდან მივიღე ინფორმაცია.

– რა ისწავლეთ კურსის ფარგლებში?

– კურსის ფარგლებში, შევისწავლე Front-end და Xd. Html da css-თან ერთად, ბოლოს js-თანაც გვქონდა შეხება, რაც მიბიძგებს ჯავა სკრიპტის საფუძვლიანად შესწავლისკენ. ბოლო ოთხ ტრენინგზე კი Xd-თან ერთად მივიღე UX უნარებიც.

– რამდენად სასარგებლო იყო მიღებული ცოდნა?

– მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მაძლევს, რომ პრაქტიკაში გამოვიყენო და ეს სფერო განვავითარო, როგორც ჩემი პროფესია. ამ რამდენიმე თვეში კი ამისთვის საკმარისი საფუძველი მივიღე.

– რაზეა თქვენი ფინალური პროექტი?

– მე და ჩემს ტყუპისცალს ბავშვობიდან გვქონდა იდეა კომპანია „Smart Twins”-ის შესახებ. ამ კომპანიის სახელი არ შეცვლილა, მაგრამ ბევრჯერ შეიცვალა კომპანიის საქმიანობის სფერო. თავიდან იყო არქიტექტურული კომპანია, მერე სარეკლამო, ახლა უკვე ვებსტუდიო გახდა. სწორედ „Smart Twins“-ის საიტს ვაკეთებ ჩემს საფინალო პროექტად, რაც რეალურ მიზნებს ემსახურება.

– რაში აპირებთ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?

– ვფიქრობ, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო, ავიღო შეკვეთები და რეალური პროექტებით უფრო განვვითარდე. ეს კი, თავისთავად ჩემს პროფესიად აქცევს ამ სფეროს.

– რას ურჩევთ თანატოლებს – რატომ არის მსგავსი ცოდნა მნიშვნელოვანი 21- საუკუნეში?

– დღესდღეობით, თითქმის ყველაფერი ონლაინზეა გადასული. თუ ერთი-ორი წლის წინ მაღაზიაში შევდიოდით რამის შესაძენად, ახლა შეიძლება საიტს ვესტუმროთ და ონლაინ შოპინგით ვისარგებლოთ. ასე რომ, როგორც მაღაზიის ინტერიერი იქცევდა დიდ ყურადღებას, ასევე საიტის ვიზუალი პირველ შთაბეჭდილებას გვიქმნის. თუ ეს სფერო ასე ვითარდება, ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და შემოსავლიანია ისეთი პროფესიები, როგორიცაა დეველოპერობა, გრაფიკული დიზაინი, სოც-მედია, მარკეტინგი და ზოგადად ციფრული პროფესიები.

ალბათ გაინტერესებს, სად იშოვო შეკვეთები შენს პროფესიაში. ამისთვის გეტყვი, რომ:

  • კომპანიებს შესთავაზე შენი პროდუქტი
  • დაესწარი გაყიდვების კურსებს

ასე რომ, თუ გინდა, რომ შენი ნებისმიერი მიზანი განახორციელო, იმუშაო ისე, რომ თან გსიამოვნებდეს, გიყვარდეს შენი საქმე და თან შესაძლებლობა გქონდეს სამუშაო გრაფიკი შენს გემოზე მოირგო, თან იმოგზაურო, სახლიდან იმუშაო ან ოფისის გარემოში განვითარდე, მაშინ ციფრული სამყარო შენთვისაა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური