ეფექტური თვითრეფლექსია, სწავლა-სწავლების გაუმჯობესების უმოკლესი გზაა – რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა
თვითრეფლექსიას პედაგოგები იყენებენ როგორც მეთოდს საკუთარი საქმიანობის შეფასებისა და სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისთვის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თვითრეფლექსია, თვითგანვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა მასწავლებლის პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა. წარმატებული მასწავლებლების თქმით კი, პროფესიული დახელოვნება სამ ძირითად ფუნდამენტზე დგას: 1. კარგი პრაქტიკის გაზიარება; 2. მუდმივი თვითრეფლექსია; 3. დაუღალავი შრომა.
როგორც წესი, თვითრეფლექსიას მასწავლებლები ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ მიმართავენ.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილი თვითრეფლექსია. რა კითხვებს უნდა პასუხობდეს და უნდა ჰქონდეს თუ არა სამომავლო გამოყენების პერსპექტივა.
სასაუბროდ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს ქრისტინე ცნობილაძეს მივმართეთ, რომელიც მაძიებელი მასწავლებლობის პერიოდიდან აქტიურად აწარმოებს თვითრეფლექსიის დოკუმენტაციას და ამაში სხვა, დამწყებ პედაგოგებსაც ეხმარება.
– პირველ რიგში გვითხარით, რატომ და ვისთვის არის საჭირო თვითრეფლექსია?
– როგორც დამწყებმა, ისე სტაჟის მქონე პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, რომ თვითრეფლექსიის წარმოება თითოეული მასწავლებლისთვის საჭირო და აუცილებელი პროცედურა უნდა იყოს. ის პედაგოგს ეხმარება შეაფასოს, რამდენად ეფექტურად გამოიყენა ცოდნა, კომპეტენცია და უნარ-ჩვევები კონკრეტული გაკვეთილის, პროექტისა თუ ღონისძიების ჩატარების დროს. ძირითადად, პედაგოგები გაკვეთილის გეგმას ურთავენ თვითრეფლექსიას, თუმცა, როგორც გითხარით, ეს სხვა აქტივობების ჩატარების დროსაც საჭიროა. მაგალითად, თვითრეფლექსიას ვიყენებთ, როცა ვატარებთ არასაკლასო აქტივობასაც. ვთქვათ, მოსწავლეები მიგვყავს ექსკურსიაზე. შესაძლოა, ამას არ ჰქონდეს წერილობითი სახე, მაგრამ პედაგოგმა საკუთარ თავთან საუბრით უნდა გაიაროს, რამდენად სრულყოფილად განახორციელა ესა თუ ის საქმიანობა.
– ძირითადად რა შემთხვევებში აწარმოებთ თვითრეფლექსიას?
ძირითადად, პედაგოგები თვითრეფლექსიას იმ შემთხვევებში აწარმოებენ, როდესაც:
- სურთ, დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები;
- სურთ, განსაზღვრონ რამდენად გავიდნენ მისაღწევი შედეგებსა და ინდიკატორებზე;
- სურთ, გამოკვეთონ ხარვეზები და მათზე რეაგირებისთვის ეფექტური მექანიზმი შეიმუშაონ;
- ჰქონდეთ უკუკავშირი სამიზნე აუდიტორიასთან;
- ახსნან, არის თუ არა საჭირო გეგმით გათვალისწინებული აქტივობის შეცვლა და თუ კი, რატომ;
- გამოკვეთონ პრობლემები, რომელზეც მუშაობას გააძლიერებენ;
- ეფექტურად დაგეგმონ სამომავლო საქმიანობა.
– რა უნდა გაითვალისწინონ პედაგოგებმა სანამ თვითრეფლექსიის დოკუმენტზე დაიწყებენ მუშაობას?
– მანამ, სანამ პედაგოგი თვითრეფლექსიის დოკუმენტზე დაიწყებს მუშაობას, კარგად უნდა დაგეგმოს თითოეული ნაბიჯი. თვითრეფლექსია უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი, მიზანმიმართული და სტრუქტურული. ასევე, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვითრეფლექსიის წარმოებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება და მზად იყოს მეტი მუშაობისთვის. პედაგოგებმა დარწმუნებით უნდა იცოდნენ, რატომ არის საჭირო და აუცილებელი თვითრეფლექსიის წარმოება როგორც მათთვის, ასევე მოსწავლეებისა და ზოგადად, სკოლისთვის.
– რა კითხვებს უნდა სვამდეს კარგი თვითრეფლექსია, გაგვაცანით მისი სტრუქტურა?
– გეტყვით, რომ თვითშეფასების კითხვარი ორი პუნქტისგან შედგება: სასწავლო პროცესის მართვა და პროფესიული პასუხისმგებლობები.
შეკითხვების კლასიფიკაცია მრავალნაირად შეიძლება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით შედგენილი კლასიფიკაციაა. მასწავლებლის კითხვები უნდა კლასიფიცირდეს შემდეგნაირად:
- ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები;
- დამაზუსტებელი შეკითხვები;
- ახსნითი შეკითხვები;
- შეფასებითი შეკითხვები;
- პრაქტიკული შეკითხვები;
- შემოქმედებითი ხასიათის შეკითხვები.
– რას ურჩევდით იმ პედაგოგებს, რომლებიც ხშირად წუწუნებენ, რომ თვითშეფასებაზე მუშაობა დიდ ძალისხმევას საჭიროებს?
– ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თვითშეფასების წარმოება გარკვეულ დროს, ენერგიას, მოთმინებას საჭიროებს. განსაკუთრებით კი მაძიებლებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი, სამუშაო… მაგრამ ეს არ არის ტყუილად დახარჯული დრო. თუ პედაგოგი სისტემატურად ახორციელებს თვითრეფლექსიას, ყოველ მომდევნო ჯერზე უფო ნაკლები ძალისხმევა სჭირდება მასზე მუშაობას. რაც შეეხება სამომავლო გამოყენების საკითხს, თვითრეფლექსიას ყოველთვის ექნება სამომავლო გამოყენების პერსპექტივა, თუ ის ადეკვატურადაა შესრულებული და ყველა საკვანძო შეკითხვას პასუხობს. პედაგოგი მომავალს გეგმავს სწორედ თვითრეფლექსიაზე დაყრდნობით, რადგან მასში იკვეთება რამდენად მზადაა ის, გაუმკლავდეს შესაძლო გამოწვევებს და რიგი ბარიერები გადალახოს.
ასევე იხილეთ:
როგორ შევასწავლოთ მოსწავლეს კოსმოსი – „ეს შესანიშნავი საშუალებაა მზის ორბიტის სწავლებისთვის“
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება