„სკოლაში გრძელი ცხვირის გამო დამცინოდნენ“ (ცხვირის ოპერაცია) – ნამდვილი ამბავი როგორც გაკვეთილის თემა
ავტორები: მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე. წიგნი – მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!
წიგნი ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ რეალურ ისტორიებს.
სკოლაში გრძელი ცხვირის გამო დამცინოდნენ. „სტაფილო!“ „პინოქიო!“ „სახეზე ხე ამოგივიდა?“ ახალ-ახალ, დამამცირებელ ზედმეტსახელებს მიგონებდნენ, რადგან, მათთან შედარებით, სულ რაღაც რამდენიმე მილიმეტრით გრძელი ცხვირი მქონდა. ამ რამდენიმე მილიმეტრმა თითქოს ჩემი ხასიათიც კი განსაზღვრა, ყოველ შემთხვევაში, თვითშეფასება კატასტროფულად შემიმცირა.
ერთი თანაკლასელი ბიჭი განსაკუთრებით ენამწარე იყო. თვითონ წონის პრობლემა ჰქონდა და, ალბათ, ამ კომპლექსის გადასაფარად იყო ასეთი სასტიკი. დაქალების „სასტავი“ ჰყავდა გამორჩეული. კლასის ყველაზე გაპრანჭული გოგოები იყვნენ და სულ იმათ აცინებდა. ერთხელ ამ გოგოებს რაღაც ვკითხე და ამ ბიჭმა ვითომ იუმორით მიპასუხა: „მესმის, რომ გრძელი ცხვირი გაქვს, მაგრამ იქნებ სხვის საქმეში მაინც არ ჩაყოო“. სულ მინდოდა დედაჩემს ჩემთვის ეთქვა: „რა ლამაზი ხარო!“ ან მამას. სახლში დედის ტანსაცმლით და კოსმეტიკით მიყვარდა თამაში. გამოვეწყობოდი და მაკიაჟის გაკეთებას ვცდილობდი. დედა ამაზე მეჩხუბებოდა: „სწავლაზე იფიქრე, სულ გარეგნობაზე ნუ ფიქრობო“. რომ ვკითხე: „ლამაზი ვარ თუ არა-მეთქი?“ დედამ მითხრა: „ანჯელინა ჯოლი არ ხარ, მაგრამ შენი საკმარისი გარეგნობა კი გაქვსო“.
მას შემდეგ ანჯელინა ჯოლი მინდოდა ვყოფილიყავი. მინდოდა დედაჩემს ეამაყა. კარგად ვსწავლობდი სკოლაში. ყველა საგანში უმაღლესი ქულები მქონდა. დედა ამბობდა: „მთავარია ნასწავლი და განათლებული იყოო“. მე სულ მეგონა, დედა დარდობდა, რომ მხოლოდ განათლებული ვიყავი და ლამაზი – არა. არასოდეს მომიყოლია სახლში, რომ სკოლაში
დამცინოდნენ.
კიდევ კარგი უახლოესი მეგობარი მყავდა. ისიც ძალიან კარგად სწავლობდა. სულ ერთად ვიყავით და ეს ორივეს გვიხალისებდა სკოლის ნაცრისფერ ცხოვრებას, სადაც ჩვენნაირების ადგილი თითქოს არ იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ გარიყულები ვყოფილიყავით, მაგრამ ასე გამოდიოდა. პიონერები შეგვარქვეს.
ჩვენს კლასში ერთი ბიჭი სწავლობდა, რომელსაც მამა არ ჰყავდა. ამბობდნენ, რომ მამამისი ,,ქურდი’’ იყო. თვითონაც ამ გზის გაგრძელება სურდა. როცა მერხთან ვიჯექი ხოლმე, დაკითხვას მიწყობდა: „რა წიგნი გიდევს წინ? მომიყევი, რა, მაგრად მაინტერესებს. შენ ხომ მაგარი ჭკვიანი ხარ, ყველაფერს სწავლობო“. მე რომ ვეტყოდი: „თავი გამანებე-მეთქი“, ის მშვიდი, აუღელვებელი და ირონიული ტონით და კევის ღეჭვით კითხვებს დასმას აგრძელებდა: „მებაზრე, მაინტერესებსო!“ სინამდვილეში ჩვენს კლასელებს აცინებდა. ამ დროს მინდოდა მიწა გამსკდომოდა. ვგრძნობდი, როგორ მასხამდა ოფლი და როგორ მიწვავდა კანს კლასელების დამცინავი გამომეტყველებები. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვეჩხუბებოდი, გავჩუმდებოდი თუ რა, ის მაინც ჯიუტად აგრძელებდა. მასწავლებლები კი თითქოს ვერაფერს ამჩნევდნენ – რეაქცია არ ჰქონდათ.
ახლა პირველ კურსზე ვარ. სრულწლოვანი გავხდი თუ არა, ცხვირის ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. როცა ერთიანად და ემოციურად ამოვთქვი, როგორ მჭირდებოდა ეს, მშობლები სახტად დარჩნენ და ხმა არ ამოუღიათ. იმავე კვირაში აიღეს კრედიტი ჩემი ოპერაციისთვის.
უნივერსიტეტში ნახევარი წელი დავდიოდი გრძელი ცხვირით და სპეციალურად არავინ გამიცნია. მინდოდა არავის დავმახსოვრებოდი, სანამ ოპერაციას არ გავიკეთებდი. ახლა როცა სარკეში ვიყურები, ჩემი თავი ძალიან მომწონს. სულ მეგონა, ოპერაციას რომ გავიკეთებდი, კლასელებს ბედნიერი და თავაწეული შევხვდებოდი. ათასჯერ მაინც მაქვს ეს სცენა წარმოდგენილი, როგორ მივდივარ და ვისმენ მათ აღფრთოვანებულ კომპლიმენტებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისე მძულს იმ დროის გახსენება, ეხლაც სასტიკად არ მინდა რომელიმე კლასელი ვნახო.
წიგნი მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) პროექტის „ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / „მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
ასევე იხილეთ:
„ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
„დედა არაა მხატვარი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
„წერილი ვენერა მასწავლებელს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
- როგორ შევადგინოთ საგნის სასწავლო კურიკულუმი მარტივად? – მაგალითი by განათლებული ბლოგი
- როცა მაძიებელი მასწავლებელი ან სკოლის დირექტორი ხართ – განსახორციელებელი აქტივობების განმარტებები და შეფასების ინსტრუქცია by ARIS.GE-განათლება
- რამდენმა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია ორი წლის განმავლობაში და რა სამუშაოები შეასრულა განათლების ხარისხის ცენტრმა 2024 წელს – დეტალები by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი