GE

„უკანა წინას სჯობია!“ – რა შეცვალა 2024-მა წელმა საქართველოში განათლების კუთხით?

ავტორი: ნათია მანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის, განათლებაში 2024 წლის შეჯამების მაგიერ:

2024-მა წელმა გვასწავლა, რომ განათლება და ცოდნა საქართველოში აღარაფერს ნიშნავს.

მთელი წელი აპროტესტებდნენ ადამიანები დირექტორების კონკურსს. ამტკიცებდნენ, რომ ეს კონკურსი ყალბია და კონკურსის შედეგი არანაირად არაა დამოკიდებული ტესტირებასა თუ გასაუბრებაზე გამოვლენილ კვალიფიკაციასთან.

რა თქმა უნდა, გამოძიება ამ კუთხით არაფერს აკეთებს, თუმცა ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს ნამდვილად ასეა.

სკოლებში უამრავი არაპროფესიონალი ხელმძღვანელია, რომლებიც შერჩეულები არიან და ადგილებს ინარჩუნებენ ერთადერთი – ხელისუფლების უყოყმანო მორჩილების ნიშნით.

2024-მა წელმა გვასწავლა, რომ მეტი ცოდნა და კვალიფიკაცია, ამ ცოდნისა და კვალიფიკაციის გამოცდებით თუ სხვა აქტივობებით დამტკიცება არც მასწავლებლებისთვის ყოფილა საჭირო.

მთავრობამ მათეს სახარების მეოცე თავში ნათქვამი – “ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა” – აღასრულა კი არა, ზოგ შემთხვევაში გადააჭარბა კიდეც და _- პედაგოგიკის “მეათერთმეტე ჟამის მუშაკებს” არათუ იგივე სასყიდელი, არამედ გაცილებით მეტი დაურიგა.

განთიადიდან ვენახში საშრომად გასულ მუშაკებს თუ ერგოთ “თითოჲ დრაჰკანი”, “მეათერთმეტე ჟამის მუშაკებმა” მიიღეს ორი “დრაჰკანი” და მეტი.

ანუ:

ვისაც მეტი სტატუსი ჰქონდა, ადრიდანვე ასრულებდა მასწავლებლის სქემით გათვალისწინებულ მითითებებს და საფეხურებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა, მან მიიღო ნაკლები – ხელფასის მატება 200 ლარით ან კიდევ უფრო ცოტა.

და ვინც გვიან ჩაერთო, ვერ მოახერხა ან არ მოინდომა ყველა საფეხურის გავლა, ყველა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, სქემით გათვალისწინებული ყველა ბრძანებისა და მითითების შესრულება, იმას 500 ლარით ან მეტით მოემატა ხელფასი.

გახშირდა მტკიცება, რომ: “მენტორზე უკეთეს გაკვეთილებს ატარებენ უფროსი მასწავლებლები, კაცო”.

ამ მტკიცებას არანაირი რეალური სტატისტიკური საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ხელისუფლებამ გააჩინა ზუსტად ასეთი მოლოდინი.

თუ ვინც წინაა, ის უარესი არაა და ვინც უკანაა, ის უკეთესი არაა, მაშინ რატომ მიიღო ნაკლები მან, ვინც წინაა და მეტი – ვინც უკანაა?

სწორედ იმიტომ, რომ უკანა წინას სჯობია!

„სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“

მენტორებსა და უფროსებს რას დავეძებთ და მასწავლებლის სქემით გათვალისწინებულ გამოცდებსა და საფეხურებს, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე უკვე ვისმენთ მტკიცებას:

“რომ უდიპლომო მასწავლებლები უკეთ ატარებდნენ გაკვეთილებს” და “უდიპლომო დიპლომიანს” სჯობია.

ასეთი მტკიცება კი პრეზიდენტის დანიშვნას მოჰყვა.

არაფერი მეშლება, პრეზიდენტის არჩევას კი არა, დანიშვნას. აბა გაებედათ და არ აერჩიათ მათთვის დანიშნული კანდიდატი, კაი ჩიტსაც დაიჭერდნენ!

ჰოდა, აღმოჩნდა, რომ “პრეზიდენტის დასანიშნად” არანაირი სწავლა-განათლება, სპეციალური ცოდნა და უნარები არაა საჭირო. საკმარისია, იყო ადვილად სამართავი, “ერთგული”, ბრძანებების უყოყმანოდ შემსრულებელი კადრი. ინაუგურაცია დამთავრებული არ იყო, რომ კაცმა იმდენ და ისეთ კანონს მოაწერა ხელი, მის განათლებას თუ გავითვალისწინებთ, ამ კანონების წაკითხვასაც ვერ მოასწრებდა.

2024-მა წელმა დაგვანახა, რომ ახალგაზრდობაზე ზრუნვა, მეწინავე საჯარო უნივერსიტეტებს შორის ყოფნა, მცოდნე ლექტორები, უამრავი პროექტის განხორციელება არაფერს ნიშნავს – იქ, სადღაც ზემოთ, თუ მოეხასიათათ, შეიძლება ხელახალი შემოწმება დაგიწყონ და გუშინ მოპოვებული ავტორიზაცია დღეს უკვე საფრთხეში აღმოჩნდეს.

ამა წლის სექტემბერში ავტორიზაციის საბჭომ ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა მიერ ილიას უნივერსიტეტისთვის მინიჭებული უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე ილიაუნს მისცა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

მართალია, სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიას უნივერსიტეტის საჩივარი, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი, მაგრამ რა მოხდება მომავალში და რას იზამს ავტორიზაციის საბჭო, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო უსამართლო და სუბიექტური გადაწყვეტილება, შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ.

2024-მა წელმა დაგვანახა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი მიმართულებით არაა პრიორიტეტული განათლების სფერო.

არსებობენ სკოლები, რომლებსაც წლებია, საკუთარი შენობა არ აქვთ და სხვა სკოლების შენობებს არიან შეფარებულნი, მეორე და მესამე ცვლებად.

მარნეულში ალგეთისა და თაზაქენდის სკოლების მოსწავლეები, მეორე-მესამე წელია, დაჰყავთ სხვა სოფლებში, რადგან მათი სკოლების აშენება-რეაბილიტაციას საშველი არ დაადგა!

ასევეა თბილისში.

თბილისის უზომოდ გაზრდილ და განაშენიანებულ გარეუბნებში (მაგალითად, დიდ დიღომში) არათუ ახალი სკოლები და ბაგა-ბაღები არ შენდება, არამედ ძველის აღდგენა და რემონტიც ვერ ხერხდება.

არადა, ზოგ სკოლაში 2000 ბავშვზე მეტი სწავლობს და შენობები ამდენ მოსწავლეზე სულ არაა გათვლილი.

სამაგიეროდ, ხელისუფლება, რომელიც ახალი სკოლების აშენებას კი არა, ძველის გარემონტებას ვერ ასწრებს, 21-ე საუკუნეში სოფლების სკოლებს შეშის ღუმელებით ათბობს, სკოლაში სასმელი წყლის შეყვანა და უბინძურესი ტუალეტებიდან გამოსული მოსწავლეებისთვის ხელის დაბანისთვის უელემენტარულესი პირობების შეთავაზება ვერ მოუხერხებია, ევროკავშირის მოცემულ ნახევარ მილიარდზე ამბობს უარს და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ისეთ კანონს ამტკიცებს, რომ უცხო ქვეყნები უარს ამბობენ უკვე საჯარო სკოლებში პროექტების განხორციელებაზე.

მაგალითად, USAID-მა საჯარო სკოლებისთვის ახალი პროექტების შექმნა და საჯარო სკოლების მასწავლებელთა გადამზადება შეწყვიტა.

ბევრს ეს უხარია, ასე ვთქვათ, “უცხო გავლენის შემცირების” იმედი აქვს. არადა, სულ ტყუილად. განათლებაში პროექტები კეთდება ადგილობრივი, პროფესიონალი კადრების მიერ. მხოლოდ ფულია უცხოური.

მაგალითად, მე, რიგითმა მასწავლებელმა, როგორ ვასწავლო უკეთ ქართული არაქართულენოვან რეგიონში, როგორ მივიღო უკეთესი შედეგი, ამაზე ვფიქრობთ ისევ ადგილობრივი ქართველი მასწავლებლები და სპეციალისტები, ჩვენ ვწერთ გეგმებსა და პროექტებს,

ხოლო USAID-ი გვაძლევდა ამისთვის ფულს, რომელიც ქვეყანაში საკმარისი არაა.

ახლა კი აღარ გვაძლევს.

ზოგადი განათლების სფეროს ფული მოაკლდა, შესაბამისად, სკოლებში კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა, რომელიც არც მანამდე იყო სახარბიელო.

მართალია, ზოგადი განათლების დაფინანსება მცირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, სკოლების ცენტრალიზაცია ძლიერდება.

უკანასკნელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სკოლებმა მიიღეს მითითება, რომ ყველა ღონისძიება რესურსცენტრთან იყოს შეთანხმებული.

ეს ყველაფერი იმხელა აბსურდამდე მივიდა, რომ სემესტრის ბოლოს სემესტრის დასაწყისში განხორციელებული პროექტის მონაწილე ბავშვები ბლოკნოტებით, ბრელოკებითა და სიგელებით რომ დაგვეჯილდოებინა, ამის ნებართვა რესურსცენტრიდან ვითხოვეთ.

და ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში კონკურსის წესით დანიშნული არაერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. არავის დაუწუნებია მათი კვალიფიკაცია და გამოცდილება. გათავისუფლების ბრძანებებში უაზრო მიზეზები ჩაუწერეს და სინამდვილეში კი საპროტესტო განცხადებებზე ხელის მოწერისთვის დასაჯეს.

2024-მა წელმა გვასწავლა, რომ საქართველოში არც სწავლას, არც განათლებას, არც გამოცდილებას, არც კანონს არ აქვს მნიშვნელობა.

დიდი იმედი მაქვს, რომ 2025 წელი ყველაფერს შეცვლის და ამდენი უსამართლობისა და აბსურდისგან გვიხსნის.

საახალწლო მზადების ნაცვლად, ადამიანებს თავში ერთადერთი ფიქრი გვიტრიალებს:
როგორ მოვახერხოთ ეს?

ასევე იხილეთ:

„განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური