უმაღლესი ქულები ორ ძირითად საგანში! – აბიტურიენტი გურჯაანიდან, რომელმაც ქართულსა და ინგლისურში 60 და 70 ქულა აიღო, ექიმობაზე ოცნებობს
„დღეს დენი არ გვქონდა და შედეგებს ვერ ვნახულობდი. დილიდან ვწვალობდი, რომ როგორმე სისტემაში შევსულიყავი. მერე, როგორც იქნა, ჩავრთე ტელეფონი და ქულები რომ ვნახე, ცრემლები წამომივიდა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 2025 წლის აბიტურიენტი ნანი იმერლიშვილი, რომელმაც 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ინგლისურში უმაღლესი ქულები აიღო.
“ჩვენი საამაყო გოგო – ქართული 60, უცხოური ენა 70” – დაწერა ბედნიერმა ნანის მამამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
ნანიმ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა დაამთავრა და ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობს. გამოცდის შედეგებს ქიმიასა და ბიოლოგიაშიც ელოდება, იმედი აქვს, შრომა დაუფასდება და ოცნებას აიხდენს.
როგორ ემზადებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რა სირთულეებს აწყდებოდა და რას გეგმავს მომავალში – EDU.ARIS.GE-მ ამ კითხვებზე ქართულსა და ინგლისურში უმაღლესქულიანი აბიტურიენტის პასუხები მოისმინა.
– ნანი, ორ ძირითად საგანში უმაღლესი ქულები აიღეთ – ელოდით თუ არა ასეთ შედეგს. რა ვითარებაში გაიგეთ ამის შესახებ და როგორი იყო თქვენი ემოცია?
ნანი იმერლიშვილი: მაღალ ქულებს ველოდი, მაგრამ მთლად მაქსიმალურს – ნამდვილად არა. ძალიან ბედნიერი ვარ. შედეგების შესახებ უცნაურ გარემოში შევიტყვე. დღეს დენი არ გვქონდა და ვერ ვნახულობდი შედეგებს. დილიდან ვწვალობდი, რომ როგორმე შევსულიყავი. მერე როგორც იქნა, ჩავრთე ტელეფონი, ინტერნეტი და რომ ვნახე ქულები, ცრემლები წამომივიდა. ძალიან მიხარია და მშობლებიც, რა თქმა უნდა, ბედნიერები არიან.
– მოგვიყევით, როგორ შეძელით უმაღლესი ქულების აღება – მხოლოდ შრომით მიაღწიეთ ამას თუ ცოტა იღბალიც დაგეხმარათ?
ნ.ი: პირველ რიგში, შრომით არის შესაძლებელი, რომ ასეთ შედეგს მივაღწიოთ. უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს მასწავლებლებს. ასევე, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩემს ოჯახის წევრებს, რომლებიც მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ – „მაინც ბედნიერები ვიქნებით, რა ქულაც არ უნდა აიღო“.
იღბალიც დამეხმარა, რადგან მაქსიმალური შედეგის დადება მთლად მარტივი არ არის. ბევრის შრომა არც ფასდება, ალბათ. მე ნამდვილად გამიმართლა და მივიღე ის შედეგი, რაც მინდოდა და რისთვისაც ამდენი ხანი ვწვალობდი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. ეროვნული გამოცდები შორიდან ცოტა საშიში ჩანს ხოლმე, მაგრამ როგორც კი საგამოცდო ცენტრში შევედი და დავჯექი, მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ერთი საათით ადრე შევედი, რომ მაქსიმალურად დავმშვიდებულიყავი.
– გვიამბეთ თქვენი აბიტურიენტობის პერიოდზეც – როგორ ემზადებოდით და რა სირთულეების წინაშე იდექით?
ნ.ი: ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორი წელი ვემზადებოდი, ინგლისურში – ბოლო ერთი წელი, ქიმიასა და ბიოლოგიაშიც – ორ-ორი წელი. ამ ყველაფერში ძალიან დიდი შრომა ჩავდე. ამის გამო, ალბათ, ბევრ რამეს ვაკლდებოდი კიდეც. მაგალითად, არ გავდიოდი მეგობრებთან ერთად სასეირნოდ, გამომიტოვებია მათი დაბადების დღეები და გული მწყდებოდა ხოლმე, თუმცა დანაკლისი ამ შედეგებად მიღირდა. მთავარი სირთულე იყო ის, რომ რადგან ოთხ საგანში ვემზადებდი, დროის მენეჯმენტი მიჭირდა. უმნიშვნელოვანესია, დროის სწორი გადანაწილება და ცოდნა იმის, თუ რომელ საგანს რამდენი ყურადღება დაუთმო. ვფიქრობ, მე გამომივიდა ეს – განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროს ისე ვანაწილებდი, შემიძლია ვთქვა, რომ სწავლისთვის ღამეც არ გამითენებია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
– სად ხედავთ თავს მომავალში და როგორია თქვენი გეგმები?
ნ.ი: სამედიცინო სფეროში ვაპირებ მოღვაწეობას. მინდა თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარება, ან ამერიკულ პროგრამაზე. ჯერ ქიმიისა და ბიოლოგიის ქულებსაც ველოდები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სფეროში საკუთარ თავს ნამდვილად ვიპოვი, რადგან ექიმობაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. სწორედ ამიტომ, ბევრს ვშრომობ და ვსწავლობ, რომ ჩემს პატარა თავს ეს ოცნება ავუსრულო.
– რას ეტყოდით 2026 წლის აბიტურიენტებს, როგორი იქნება თქვენი სამოტივაციო გზავნილი მათთვის?
ნ.ი: პირველ რიგში, რამდენადაც შაბლონურად არ უნდა ჟღერდეს, არ უნდა ინერვიულონ არაფერზე. ნერვიულობა მხოლოდ ხელს შეუშლით და სხვა არაფრის მომტანი არ იქნება. ასევე ვეტყოდი მათ, რომ აუცილებელია ბევრი შრომა და მონდომება. ყოველთვის უნდა შეარჩიონ ისეთი გარემო, სადაც ყველანაირად კომფორტულად იქნებიან და მასწავლებლებთანაც უნდა ითანამშრომლონ. ყველას წარმატებას ვუსურვებ!
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება