GE

უმაღლესი სასწავლებლები ბალანსზე არსებულ ავტომობილებს არ იყენებენ – აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2015-2017 წლების აქტივების მართვის შესაბამისობა შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში წარმოადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, შესწავლილი სამი უმაღლესი სასწავლებლების ბალანსზე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ) რიცხულ182 ერთეულ ავტომობილზე საწვავის ხარჯი არ ფიქსირდება. ამიტომ აუდიტის სამსახურში ფიქრობენ, რომ შესაბამის პერიოდში ეს ავტომობილები არ გამოყენებულა.

„შესამოწმებელ პერიოდში სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხულ 182 ერთეულ ავტომობილზე საწვავის ხარჯი არ ფიქსირდება. სავარაუდოდ, აღნიშნულ პერიოდში ეს ავტომობილები არ გამოყენებულა. აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ 133 ერთეული ავტომობილის შეკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, 15 ერთეული მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი არსებობა არ დასტურდება. მოცემული დანაკლისების მიხედვით, მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებზე”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დიდი რაოდენობით ამორტიზებული და დაუტვირთავი ქონების არსებობაზე მიუთითებს. უფრო კონკრეტულად, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, უნივერსიტეტებს ბალანსზე ერიცხებათ 81 ერთეული 1 934 191 ლარის ღირებულების ფიზიკურად ამორტიზებული, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა-ნაგებობები, რომლებიც აღდგენას და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება და ქონება, რომელსაც ნივთობრივ-მატერიალური ფორმა აღარ გააჩნიათ, ასევე უნივერსიტეტების ბალანსზეა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული 9 ერთეული შენობა-ნაგებობა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურად ამორტიზებულ, ადმინისტრაციული და საოპერაციო მიზნებისათვის გამოუყენებელ ქონებას არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი, სახელმწიფო ქონება არაეფექტიანად იყო გამოყენებული. უწყება სახელმწიფოს და უმაღლეს სასწავლებლებს რეკომენდაციას აძლევს, აქტივების სტრუქტურის გაუმჯობესების და არამწარმოებლური ზედნადები ხარჯების შემცირების მიზნით, ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე განხორციელდეს ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური