ვფიქრობდი, 2019 წელს, ეს ,,კრედიტებისადმი ლტოლვა“ დასრულდებოდა – ბერიკა შუკაკიძე გასულ წელს აჯამებს
განათლების რეფორმის ახალი, ფართომასშტაბიანი ტალღა, რომელიც 2019 წლის მაისში დაანონსდა, წლის ბოლოს სხვადასხვა რაკურსით ფასდება. ამჯერად EDU.ARIS.GE-ის მიწურული წლის შედეგებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესაუბრება:
– თუ შევაჯამებთ, ჩემი აზრით, 2019 წელი იყო უნიკალური საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ისტორიაში, რადგან სისტემაში პირველად განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგითაც მომსვლელი მასწავლებელიც კმაყოფილი დარჩა და წამსვლელიც. რაც მთავარია, პირველად გაჩნდა იმის განცდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა. 2 400-მა ადამიანმა, რომლებიც ახლა შევიდნენ სკოლაში, ირწმუნა, რომ შერჩევა მოხდა მათი დამსახურების, ღირსების, განათლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
6 100 საპენსიო ასაკის პედაგოგმა გადაწყვიტა სისტემიდან გასვლა და თითოეულმა მიიღო დამსახურებული ჯილდო სახელმწიფოსგან, პირველად მოხდა, რომ ადამიანები დააფასეს მათი გაწეული შრომისათვის. რაც ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. არ ყოფილა ხაზგასმა არც ასაკზე, არც სქესზე, არც რაიმე სხვა მახასიათებელზე, გარდა პროფესიონალიზმისა და სტატუსისა. დასაქმებულებს, რომელთაც არ ჰქონდათ მოპოვებული სათანადო სტატუსი, ორჯერ მიეცათ შესაძლებლობა პროფესიული წინსვლისთვის. ეს არ იყო მარტივი საქმე. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლის თანამშრომლებმაც, ზეადამიანური დატვირთვის ფასად შეძლეს ეს. ეს რეფორმა, ჩემი აზრით, იყო სრულიად წარმატებული და რაც მთავარია, ადამიანზე ორიენტირებული, ჰუმანური.
-რას იტყვით ,,ახალი სკოლის მოდელზე“, რომელიც წელს დაიწყო?
– ეს პროექტი ზოგადი განათლების რეფორმის მეორე დიდ წარმატებად მიმაჩნია. ის ჩვენი ცენტრის ფარგლებში ხორციელდება, თუმცა მთლიანად გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული და გააზრებული. ,,ახალი სკოლის მოდელის“ ფუდამენტური კვლევითი შეფასება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ნებისმიერი სკოლაში, სადაც ვყოფილვარ და ასეთი დაახლოვებით 40 სკოლაა, პირველად, საქართველოს განათლების ისტორიაში, გაკვეთილებზე ვნახე ხალისიანი ბავშვები მომღიმარი სახეებით, ვნახე რუტინას მოცილებული მოტივირებული პედაგოგები, რომლისვისაც საგაკვეთილო პროცესი დინამიურად და საინტერესოდ გადის. განათლების რეფორმაც ხომ ეს არის? 20 საკითხს რომ გამატარებს მასწავლებელი მათემატიკასა თუ ქართულში და ამ 20 საკითხიდან მაღალ სააზროვნო უნარებზე ვერც ერთში ვერ ავდივარ, მაგას ხომ სჯობს, 7 საკითხი გავიაროთ და შვიდივე გავიცნობიერო და გავიაზრო, იმ დონეზე, რომ აღარასდროს დამავიწყდეს. სხვაგვარად საკუთარი თავის რწმენაც მეკარგება, როცა თითქოს ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ წლის ბოლოს აღარაფერი მახსოვს, რადგან ჩემი ცოდნა ზედაპირულია. ჩემთვის ნაცნობთან ახალი ცოდნის გააზრებული დაკავშირება, ამ ცოდნის გამოყენებაში მიწყობს ხელს. თან ჩემს გადადგმულ ნაბიჯებს ვიაზრებ. ამგვარად ვივითარებ უნარებს, რაც განათლების რეფორმის ერთი მთავარი მიზანია. ამ მიზნისკენ სვლას ზუსტად ეს პროექტი უწყობს ხელს და ძალიან მეამაყება მასში ჩვენი ჩართულობა. პროექტს ჩვენი ცენტრი უწევს კოორდინაციას, რასაც ჩვენმა ჯგუფმა შესანიშნავად გაართვა თავი.
–ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლებაში საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა…
– 2019 წლის საინტერესო წამოწყებაა პროექტი ,,ჩხირკედელა“, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. იგი ორიენტირებულია საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციაზე საქართველოში. აქცენტი გავაკეთეთ არა კერძო სკოლებზე და შესაბამისად, მაღალი შემოსავლების მქონე სეგმენტზე, არამედ იმ სეგმენტზე, რომელსაც არ აქვთ სკოლაში ასეთი ლაბორატორია, რადგან ამას ვერ შესწვდებიან. მოდიან ეს ბავშვები ჩვენთან და შექმნილი აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ თანამედროვე, ინოვაციური იდეების განხორციელებაზე. მე-9 კლასელმა გოგონებმა შექმნეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც სენსორულად იმართება. დღეს ფაქტია, რომ მოსწავლეები ტექნოლოგიებს უფრო ადვილად უღებენ ალღოს, ვიდრე უფროსები. ამ მოცემულობაში, მასწავლებლები მათ თეორიულად აძლიერებენ, ხოლო ტექნიკურად თავად მოსწავლეები დგამენ თამამ ნაბიჯებს, ასე ყალიბდება მათი თანამშრომლობა, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს შედეგებს. გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი გაკვეთილზე. ისინი განივითარებენ 21-ე საუკუნის უნარებს.
ასევე, ჩვენი ახალი ინიციატივა არის დისტანციური სკოლა, რომლის იდეაც ქალბატონ მანანა რატიანს ეკუთვნის. მიზანი გახლავთ, რომ შორ სოფლებში, სადაც მასწავლებლის დეფიციტი გვექნება, წარიმართოს დისტანციური სწავლება და ამაში ჩაერთონ მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონიდან. ბავშვებს დისტანციური სწავლების მეთოდი ძალიან მოსწონთ. დავით სონღულაშვილმა შემოგვთავზა იდეა, რომ დისტანციურად, ელექტრონულ დაფაზე აუხსნას გაკვეთილი ასეთი სკოლების მოსწავლეებს.
– ფაქტობრივად, 2019 წელი მილევადი სქემის წლადაც იქცა და სქემის შეფასებაც გვიწევს, თუმცა ეს პროცესი კიდევ გახანგრძლივდა.
-როცა მოვედი ცენტრში და სქემის შესახებ ვისმენდით სხვადასხვაგვარ შეფასებებს, საკითხზე უფრო ობიექტური მონაცემების მოკრების მიზნით, 19 ფოკუს-ჯგუფი ჩავატარეთ და ცხრამეტივეში ერთნაირი ტენდენციები გამოიკვეთა. მაგალითად, არანაირი ეფექტი არ აქვს თვითშეფასების კითხვარს და ეს დროის კარგვაა – გავაუქმეთ ეს მოთხოვნა. კრედიტების დაგროვებაზე ვართ გადასული და საკლასო ოთახი დაგვავიწყდაო; კვლევა, არავის უსწავლებია და რატომ გვთხოვენო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე გაუქმდება მომავალი წლიდან, ამოქმედდება ახალი რეგულაციები, თუმცა არ იქნებოდა სამართლიანი, რომ ადამიანები, რომელთაც ამ ეტაპზე ერთი კრედიტი აკლიათ ბარიერამდე, სახლში გაუშვა. ამიტომ მომავალი სემესტრი კიდევ იქნება გარდამავალი ეტაპი. კრედიტები აღარ იქნება, მაგრამ რაც დაგროვილი აქვთ, იმას არ დავუკარგავთ და ზაფხულში კიდევ მივცემთ გამოცდაზე გასვლის საშუალებას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება განათლების რეფორმის პრინციპს, არ დავაზარალოთ არავინ.
ამიტომაც იანვარში არავის დაითხოვენ სამსახურიდან, ეს მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას. ზაფხულში გამოცდა ერთნაირად ჩატარდება პრაქტიკოსებისა და მაძიებლებისათვის, ყველა თანაბარ პირობებშია ჩაყენებული. თუ ადამიანმა ზაფხულშიც ვერ დაადასტურა კომპეტენცია, ემშვიდობება სკოლას და სასაყვედუროც აღარაფერი უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება სქემის შეჯამებას, მან თავისი როლი შეასრულა და ამოწურა თავი, ანუ მორალურად გაცვდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც თავის დროზე პროგრესული იყო, დროთა განმავლობაში, შეიძლება შემაფერხებლად იქცეს, ასე მოხდა სკოლებში გამოცდებთან დაკავშირებითაც.
-თქვენი რა მოლოდინები არ გამართლდა 2019 წელს?
–მეგონა, რომ ორი გადამზადების, ორი გამოცდის შემდეგ უფრო მეტი მასწავლებელი შეიცვლიდა სტატუსს. ეს მოლოდინი ნამდვილად მქონდა და ვფიქრობდი, რომ წელს ეს ,,კრედიტებისადმი ლტოლვა“ დასრულდებოდა, დამშვიდდებოდა სიტუაცია და სხვა ეტაპზე გადავიდოდით. ახლა, კი როცა სისტემაში 14 ათასი პრაქტიკოსი რჩება, ფერხდება სამომავლო მიზნებისკენ სვლა. მაგრამ ასეთია რეალობა.
-რა პერსპექტივას ხედავთ განათლების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით?
-დრო არის საჭირო, ხარვეზებსაც დავძლევთ: მასწავლებლების ახალი ტალღა შემოვიდა სისტემაში, ის კიდევ შეივსება; გაიზრდება ანაზღაურება, გვეყოლება ახალი ტიპის დირექტორები, დაფინანსებაც უკვე 6 პროცენტია, ,,ახალი სკოლის მოდელი“ თავის სათქმელს იტყვის და ეს მაძლევს იმედს, რომ 2020 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2019, შემდეგი კიდევ უკეთესი წინაზე. ერთი ხელის დარტყმით განათლების ისეთი რეფორმის ჩატარება, რომ ქვეყანა ,,გაფრინდეს“, მსოფლიოს არ ახსოვს, მაგრამ თუ ამ ცვლილებებს თანმიმდევრულად გავაგრძელებთ, შედეგებიც იქნება. სხვათა შორის, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ უნივერსიტეტებში დავაბრუნეთ მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა. ვთქვათ, რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდა სწავლობს ევროპათმცოდნეობაზე, ეს 60 კრედიტიანი პროგრამა ჩაერთვება შიგნით, 180 კრედიტი მიეცემა თავის სპეციალობაში და 240 კრედიტამდე შეივსება. თუ თავის რეგიონში მასწავლებლის ხელფასიც მიმზიდველი იქნება, ჩააბარებს გამოცდას და შევა სკოლაში. ასევე, ჩვენი ინიციატივით, შეიცვალა 300 კრედიტიანი პროგრამა, ფიზიკის, ქართულის მასწავლებელს არ სჭირდება 5 წელი სწავლა, არ გვაქვს ამის ფუფუნება. ზოგადად უნდა ვზრუნავდეთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე და ჩვენი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეწყობა მასწავლებელთა, კონკურსები და დაჯილდოება, ამ მიზანს ემსახურება.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება