GE

ვინ არის ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორად სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე აირჩიეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 10 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2020 წლის 27 იანვარს, დილის 10:00-დან 17:00 საათამდე, საარჩევნო კომისიის 15 წევრის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.

საარჩევნო კომისიის მიერ გასაჯაროებული შედეგებით, დღევანდელ ფარულ კენჭისყრაზე საბჭოს 39 წევრიდან, მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საარჩევნო ყუთში 38 ბიულეტინი აღმოჩნდა, გამოუყენებელი კი 1 ბიულეტინი დარჩა. აკადემიურ საბჭოში ამომრჩეველთა 38 ხმა რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, პროფესორმა ნოდარ ქევხიშვილმა კი ვერცერთი ხმა ვერ აიღო.

არჩევნებამდე, კანდიდატების მოსმენაზე სამოქმედო პროგრამა ორმა პრედენდენტმა, პროფესორებმა – დავით გურგენიძემ და ნოდარ ქევხიშვილმა წარადგინეს. მესამე პრეტენდენტმა – პროფესორმა გელა ყიფიანმა სამოქმედო პროგრამის წარდგენამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე აკადემიურ საბჭოში არჩეული კანდიდატურის მოკლე ბიოგრაფია უნივერსიტეტის ინფორმაციით ასეთია:

დავით გურგენიძე – ინჟინერ ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრი, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების საპატიო წევრი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთის რესპუბლიკა). არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის ავტორი და რედაქტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო დისერტაცია და სამაგისტრო ნაშრომები.

ჯილდოები:

1999 – ღირსების ორდენი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის №1518 განკარგულება);
2007 – „ოქროს ფრთა“ – განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობისათვის – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი.
განათლება/ხარისხი/რეგალიები:

1981-1983 – მოსკოვის ვ.ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ფაკულტეტი;
1983-1987 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით;
1999-2001 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – სამოქალაქო სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი და წოდება;
2005 – საქართველოს გ. ჩოგოვაძის სახ. ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის – აკადემიური დოქტორის ხარისხი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური