GE

„ვინ გაზომა და შეაფასა ამ პედაგოგის გაკვეთილების ხარისხი?“ – უნდა მუშაობდეს თუ არა მასწავლებელი ორ და მეტ სკოლაში

მასწავლებელთა დაგეგმილი სახელფასო მატების საკითხზე პარლამენტში საუბრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ახსენა, რომ მათი სურვილია, მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი გადანაწილების პრინციპს დაეფუძნოს: “ვინც სრულ დატვირთვაზეა, კონცენტრირებულია ერთ სკოლაში, იყოს ერთ სკოლაზე კონცენტრირებული და არა ორ და სამში, ეს პირდაპირ დაკავშირებულია სწავლის ხარისხთან…“.

მოგვიანებით ეს აზრი კიდევ უფრო განავრცო სამინისტროს წარმომადგენელმა, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც დაეთანხმა პედაგოგის მოსაზრებას, რომ მასწავლებელი, კარგი ანაზღაურების პირობებში, არ მოინდომებს, ერთდროულად ორ ან მეტ სკოლაში ასწავლოს. სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, ორ სკოლაში სწავლებით ხარისხს ვერ მიიღებენ.

ლალი კალანდაძე (29 ნოემბერი): „ყველა მასწავლებელი, მიუხედავად სტატუსისა, ერთნაირად იხარჯება სკოლაში მოსწავლეებთან და როგორც ახსენეთ, მთავარი არის, ერთ სკოლაში დავკონცენტრირდეთ, მთავარი არის, რომ თქვენი დრო, როგორც კონტაქტური, ასევე არაკონტაქტური საათები დაუთმოთ მოსწავლესთან ურთიერთობას, მშობელთან ურთიერთობას და უკუკავშირს, და ა.შ ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, იმიტომ, რომ სხვანაირად ხარისხს ვერ მივიღებთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მიუხედავად იმისა, რომ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რატომ უწევს მასწავლებელს ორ, სამ და სხვათა შორის, ჩვენდა სამწუხაროდ ოთხ სკოლაში მუშაობა, გასაგებია და ძალიან ბუნებრივი მოთხოვნა არის ის, რომ უფრო მეტი ანაზღაურება მიიღოს, მაინც ყველა ერთხმად ვამბობთ იმას, რომ ეს ხარისხს ვერ უზრუნველყოფს და იქ ვერ ვიჭერთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად იმ ერთ ადგილას შევუწყოთ ხელი მასწავლებელს და პირველ რიგში, ბუნებრივია, რომ ხლფასების ზრდით უნდა განხორციელდეს ეს აქტივობები“.

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი ახალგაზრდა პედაგოგების ნაწილი კი ასე სულაც არ ფიქრობს. მეტიც, პედაგოგების ნაწილში ამ საუბრების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ მინისტრის მიერ ნახსენები ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედების შემდეგ, ერთზე მეტ სკოლაში სწავლების უფლება აღარ ექნებათ, რაც მათთვის მიუღებელია და ეს სულაც არ არის მიბმული ხარისხზე, ან კარგი გაკვეთილის ჩატარების უნარზე.

განათლების მეცნიერებების მაგისტრი, ქართული ენისა ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი თამარ ლომიტაშვილი, რომელიც თავად ერთ სკოლაში ასწავლის და მასწავლებლობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს ამბობს, რომ მასწავლებლის მხრიდან სასურველი სწავლების ხარისხის მიღწევა იმ სკოლების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული, სადაც ის ასწავლის, თუმცა თვლის, რომ ყველას ურჩევნია, ერთ სკოლკაში ასწავლიდეს.

“ბოლო დროს, სამინისტროს მხრიდან, რამდენჯერმე გაჟღერდა მოსაზრება, რომ ორ და რამდენიმე სამსახურში მომუშავე პედაგოგის ხარისხი იკლებს და სასურველია, მასწავლებელი ერთ სკოლაში კონცენტრირდეს. ხარისხზე ასე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, ეს საკითხი ინდივიდუალურია. შეიძლება, რომელიმე კონკრეტული პედაგოგი ვერცერთ სკოლაში, ვერცერთ გაკვეთილზე აღწევდეს შედეგს; მას კვალიფიკაციაც ჰქონდეს და სქემაშიც მოწინავე პოზიციაზე იყოს, მაგრამ უჭირდეს კლასის მართვა, საინტერესო აქტივობების დანერგვა, გაკვეთილის ინტეგრირებულად წარმართვა და აკლდეს ის უნარ-ჩვევები, რაც თანამედროვე გამოწვევებისათვის მზადმყოფი მოქალაქის აღსაზრდელად არის საჭირო. სხვა მასწავლებელი კი კი ამ ყველაფერს ორ სკოლაშიც ახერხებდეს”, – აცხადებს პედაგოგი.

რაც შეეხება პედაგოგის გადაღლის საკითხს, თამარ ლომიტაშვილი საკუთარ მაგალითს იხსენებს და იმ გამოსავალს, რომელიც მან აირჩია:

“რასაკვირცელია, მასწავლებელი რობოტი არ არის და მას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, თუნდაც ერთ სკოლაში, მით უმეტეს -მეორესა და მესამეში, რათა ხარისხიანად წარმართოს საგაკვეთილო პროცესი, მაგრამ, ვიღაც მაქსიმალურად ინდომებს და გამოსდის კიდეც.
პირადად მე, ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე ორ სკოლაში. ძალიან რთული იყო და, ალბათ, ხარისხზეც უარყოფითად აისახებოდა. ამას კვლავ რეპეტიტორობა ვარჩიე, თუმცა, წარმოიდგინეთ, პედაგოგს, რომელიც მეორე დღეს უნდა გეგმავდეს და საინტერესო აქტივობებზე ფიქრობდეს, ჯგუფებთან მუშაობა უწევს. რეპეტიტოტობა კიდევ ცალკე ტკივილია და ეს ყველაფერი ერთი დიდი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ასევე კომპლექსური მიდგომებით უნდა გადაიჭრას.

“ხარისხი რომ გვინდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მის მისაღწევად სწორი მიმართულება და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. ყველა პედაგოგს ურჩევნია ერთ სკოლაში იმუშაოს და მეორე დღისთვის მობილიზებული, დასვენებული იყოს. მასწავლებლებს განსაკუთრებული მოფრთხილება და მხარდაჭერა სჭირდებათ, მათ ხომ ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა აბარიათ”.

განათლების მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენელის მიერ ხსენებულ სიტყვას – “ხარისხი”, კითხვით პასუხობს ბიჭიკო ოჩიგავა, რომელიც ორი სკოლის მენტორი მასწავლებელია: “საინტერესოა, ვინ გაზომა და შეაფასა ორ სკოლაში მომუშავე მასწავლებელთა გაკვეთილების ხარისხი?”

ალექსანდრე თანდაშვილისა და ბესარიონ კივილაძის სახელობის 32-ე და 166-ე საჯარო სკოლებში ინგლისურსა და სპორტის მასწავლებელი ფიქრობს, რომ ორ სკოლაში მომუშავე მასწავლებელი ორივეგან ბოლომდე იხარჯება. წლებია, სხვადასხვა სკოლებში ასწავლის, მაგრამ არასდროს გასჩენია განცდა, რომ ერთ ან მეორე სკოლაში უკეთესი გაკვეთილი ჩაატარა. მისი თქმით, შესაძლოა, მხოლოდ ერთ სკოლაში ასწავლიდე და ისე აეწყოს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში საკუთარი თავით უკმაყოფილო იყო.

“ათწლეულებია პედაგოგები სხცადასხვა სკოლებში ასწავლიან, მაგრამ არაჩვეულებრიბრივი თაობები ჰყავთ აღზრდილი და არც კოლეგებთან ურთიერთობაზე, მშობლებთან თანამშრომლობაზე და პროფესიულ განვითარებაზე უთქვამთ უარი. საინტერესოა, ვინ გაზომა და შეაფასა ორ სკოლაში მომუშავე მასწავლებელთა გაკვეთილების ხარისხი?. ხელფასის მატების გადაწყვეტილებას, რომელსაც მივესალმები, ძალიან ბევრი გადაცემა მიეძღვნა, სადაც ბევრჯერ გაჟღერდა, რომ სახელფასო პოლიტიკის გადახედვის მიზანია, მასწავლებელს არ უწევდეს სხვადასხვა სკოლებში მუშაობა, რამაც თავიდანვე კითხვის ნიშნები გამოიწვია. გაჩნდა შიში და მოსაზრება, რომ მასწავლებელს არ ექნება სხვა სკოლაში შეთავსებით მუშაობის შესაძლებლობა. მართალია, ეს მოსაზრება დაუდასტურებელ წყაროებს ეყრდნობა, თუმცა მაინც მუსირებს.

როგორც ბიჭიკო ოჩიგავა გვიხსნის, მასწავლებელთა აღელვებას ნამდვილად აქვს ობიექტური საფუძველი და ამისდასადასტურებლად მას მაგალითიც მოჰყავს:

“პირობითად, თუ ორ სკოლაში ვმუშაობ და თითოში 1000 ლარი მაქვს ხელფასი, გამოვა, რომ თუ ერთ სკოლაში მომემატება 500 ლარი და მეორე სკოლიდან წასვლა მომიწევს, 500 ლარით ვზარალდები. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწვალებელს მოუწევს, დანაკლისი ისევ კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტის ფარგლებში, მოსწავლეების რაოდენობის ზრდის ხარჯზე შეივსოს, რაც თავისთავად ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რომ ორ სკოლაში ძალიან იტვირთებოდა. იმედი მაქვს, ეს მოსაზრება მოარული მოსაზრების დონეზე დარჩება. რაც შეეხება ჩვენს პროფესიულ გადაღლას, ჩვენს უკან ოჯახები დგანან და მათზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა. ვიღლებოდით ადრეც, ვიღლებით ახლაც და იმის იმედით, რომ ჩვენი შრომით მოსწავლეებსაც არაფერს დავაკლებთ და ოჯახების შენახვასაც შევძლებთ, მომავალშიც დავიღლებით ბატონო”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მენტორმა მასწავლებელმა.

ასევე იხილეთ:

„გამოდის, მასწავლებელთა ხელფასი 35%-იანი ზრდის შემდეგაც არ იქნება, მხოლოდ დაუახლოვდება საშუალო ხელფასს?“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური