GE

„გამოდის, მასწავლებელთა ხელფასი 35%-იანი ზრდის შემდეგაც არ იქნება, მხოლოდ დაუახლოვდება საშუალო ხელფასს?“

ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი (სრული დატვირთვის შემთხვევაში), 500 ლარით ან მეტით 2024-2025 სასწავლო წელს მოიმატებს, მასწავლებლებში გულისწყვეტისა და მოტყუების განცდა გააჩინა, რადგან ამბობენ, რომ სახელფასო მატების მოლოდინი 2024 წლის იანვრიდან ჰქონდათ. ახალი წლიდან სახელფასო ზრდის მოთხოვნით პედაგოგებმა წერილი შეიტანეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამავე მოთხოვნით შექმნილ პეტიციას კი უკვე ათასობით მასწავლებელი აწერს ხელს.

EDU.ARIS.GE თემის ირგვლივ სხვადასხვა მასწავლებლის პოზიციას რეგულარულად აქვეყნებს და მათ შორის არის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი ირმა სტეფნიაშვილი, ვის ხედვასაც ჩვენ ამჯერად უცვლელად წარმოგიდგენთ:

მეც, ჩემი კოლეგების მსგავსად, ხელფასის მატებას იანვრის თვიდან ველოდი და ფინანსთა მინისტრის მიერ სექტემბრის თვის დასახელებამ ნამდვილად დიდი გულისწყვეტა გამოიწვია ჩემში. არ მინდა რადიკალური ვიყო, მაგრამ გულწრფელად არ მესმის, რატომ არის მუდამ ამდენი აჟიოტაჟი ან ხმაური მასწავლებლების ხელფასების ან არარსებული პრემიების შესახებ. მინდა, ბატონი ლაშა ხუციშვილის გამოსვლიდან ამონარიდი მოვიყვანო. მაგალითად: „2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარის ოდენობით და 1900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასების დაახლოებით, საშუალო მაჩვენებლის 35%-იანი სახელფასო ზრდა, რის შედეგადაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად დაუახლოვდება და გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს“.

ანუ რა გამოდის, მასწავლებელთა ხელფასი 35%-იანი ზრდის შემდეგაც არ იქნება, მხოლოდ დაუახლოვდება საშუალო ხელფასს. ქვეყანა, რომელსაც განათლებაზე და მის ხარისხზე პრეტენზია აქვს და განათლების პრიორიტეტულობაზე საუბრობს, რამდენად შესაბამის ანაზღაურებას აძლევს ამ სფეროში მომუშავეებს? (მხოლოდ კითხვას ვსვამ, არაფერი შეკითხვის იქით)!

მასწავლებლის ანაზღაურება არ არის მხოლოდ მასწავლებლის წახალისება და დაფასება. აი, რას ვგულისხმობ:

მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად, აუცილებელია მათში შინაგანი მოტივაციის გაჩენა. დაწყებით საფეხურზე მყოფ ბავშვებს შეკითხვა რომ დაუსვათ, რატომ უნდა ისწავლონ, ყველას პასუხი ერთნაირი იქნება: კარგად რომ ისწავლის კარგი სამსახური ექნება და კარგი ხელფასი. მაგრამ ეს წარმოდგენა თანდათან იცვლება, რადგან მათთვის განათლებული ადამიანის ცოცხალი მაგალითი, მოდელი არის მასწავლებელი, რომელსაც არანაირი სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა და არანაირი ბერკეტი არ აქვს თუნდაც მათ წინაშე…

ჩემი კოლეგებისგან ხშირად გამიგონია, რომ ზედა საფეხურის მოსწავლეებს სწორედ ეს სიტყვები უთქვამთ მათთვის: აი, თქვენ ხომ ისწავლეთ მასწ, და რა მერე? ან რა შორს წავიდე, პირადად მე, ჩემი შვილებისთვისაც კი, აქამდე ვერ, არ ვიყავი მაგალითი იმისა, რომ კარგად სწავლამ ნახე, რა კარგი შედეგი გამოიღო… როდესაც მოსწავლე დაინახავს წელში გამართულ, ავტორიტეტულ, დაფასებულ (დიახ, სახელმწიფოს მხრიდან) მასწავლებელს, მას შეკითხვაც არ გაუჩნდება რა საჭიროა სწავლა ან რატომ უნდა ისწავლოს.

მასწავლებელი სწორედ „ფარისევლის“ როლში მესახება – პედაგოგი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე, პორტფოლიოზე და არამხოლოდ

აქვე მინდა, მასწავლებელთა პრემირების თემას შევეხო. წინასაახალწლოდ ყველას გვხვდება სტატიები სათაურით: „მიიღებენ თუ არა მასწავლებლები საახალწლოდ პრემიებს“. მართლა მაინტერესებს, განა ეს მიზერული თანხა, რომელიც ყველაზე მეტი ამიღია 70- 80 ლარი, ამდენ განხილვას იმსახურებს? ან სტატიების მიძღვნად ღირს? და ბოლო ოთხი წელია, არც ეს მიზერული პრემია მქონია. მაინტერესებს, საბიუჯეტო სექტორში, ახალ წელს თუ ყველას აქვს პრემია, მასწავლებლისთვის არ მოდის ახალი წელი?

დაპირებული სახელფასო მატების იანვრიდან განხორციელების შემთხვევაში, პირადად მე, იმედი გამიჩნდება, რომ განათლება მართლაც პრიორიტეტული სფერო ხდება და რეალურად დაიწყო ამ სფეროში მომუშავე ადამიანებზე ზრუნვა და კვლავ ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, პასუხად ხალხურ ანდაზას მოვიყვან: წისქვილმა თქვაო: „ვინაც რა უნდა თქოს, წისქვილმა უნდა ფქოს“.

პირადად მე, ადრეც და ახლაც, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში რაც შემიძლია, ვაკეთებ. ვერ წარმომიდგენია საქმის ღალატი და მოვალეობისადმი უსულგულო, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.(ვიცი, ჩემ კოლეგებსაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ). ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურ ნაბიჯს გადავდგამ, უბრალოდ კიდევ კარგად შევიცნობ და გავითავისებ ჩემი და ჩემი კოლეგების ძალიან უმნიშვნელო ფუნქციას და როლს ამ ქვეყანაში!

რაც შეეხება სრული დატვირთვის არმქონე მასწავლებლების შემთხვევაში ხელფასის მატების საკითხს, მე პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზას ვერ დავასახელებ. ვფიქრობ, რომ ეს სხვა რგოლის ფუნქციაა, მაგრამ მინდა, ბოლოსდაბოლოს, დასრულდეს მასწავლებლების დაყოფა და მაქსიმალურად სამართლიან პირობებში ვიყოთ ყველა.

ამავე თემაზე:

მენტორი მასწავლებელი: „პედაგოგთა ძალიან დიდი ნაწილი ერთადერთი შემომტანია ოჯახში, ხელფასი ყველას თანაბრად უნდა გაეზარდოს!“

„მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან, საბაზო ხელფასმა უნდა მოიმატოს“ – წამყვანი მასწავლებლის ხედვა ხელფასის მატების ფორმაზე

პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური