ხარისხის ცენტრი საჯარო და კერძო სკოლების განმავითარებელი შეფასებების დაწყებაზე საუბრობს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2020 წელს აქტიურად გეგმავს როგორც უმაღლეს სასწავლებლებთან და პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობას, ისე საჯარო სკოლების დირექტორებთან მუშაობას. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თამარ მახარაშვილი ამბობს, რომ ცენტრისთვის მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის ხარისხიანი განათლების მიღება. ისმის კითხვა, სად შეძლებს მოსწავლე ხარისხიანი განათლების მიღებას? – მაშინ, როცა ამ დრომდე კონკრეტული ვადების ინტერვალით მხოლოდ კერძო სკოლები გადიან ავტორიზაციის პროცესს, საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადებმა კი რამდენიმეჯერ გადაიწია.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ცენტრმა უკვე დაიწყო ფიქრი კერძო და საჯარო სკოლების განმავითარებელი შეფასებების განხორციელებაზე.
“ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი მიდგომა უმაღლესებთან, განსხვავებული პროფესიულებთან და სკოლებთან. ერთი და იგივე მიდგომაზეა საუბარი. მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან, ხარისხს რაც ეხება, რა თქმა უნდა, ის საკითხები. აქაც ჩვენ მოგვიწევს თვითშეფასებით, ტრენინგებით, “ვორქშოფებით” სკოლებს ვასწავლოთ, რომ საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირების და ჩვენთან გაზიარების არ შეეშინდეთ და გვითხრან. აქაც, მოგეხსენებათ, თქვენ, რომ გეოგრაფიულად დიდი დაფარვის არეალზე და რაოდენობრივადაც ძალიან ბევრ დაწესებულებაზე ვსაუბრობთ და რასაკვირველია, ჩვენ მოგვიწევს მათთან თანამშრომლობა, ზედაპირზე წამოღება პრობლემების. ერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გავაჟღერო, უკვე სისტემამ დაიწყო ფიქრი, მათ შორის საჯარო სკოლების მიმართულებითაც, რომ განმავითარებელი შეფასებები დავიწყოთ, დავაიდენტიფიციროთ საჯარო სკოლების შემთხვევაში რა ტიპის სისტემური ხასიათის პრობლემები გვაქვს, რომ ნელ-ნელა ამ მიმართულებითაც იმუშაოს სისტემამ და მიხედოს ჩვენს საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებსაც”, – აღნიშნა თამარ მახარაშვილმა გადაცემაში “დილის აქტუალური თემა”.
მისივე თქმით, საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის გახანგრძლივება არის ხელშემწყობი ფაქტორი ასეთ სკოლებში სისტემური ხარვეზების აღმოსაჩენად და პრობლემებზე მუშაობის დასაწყებად.
ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამინისტროც, ასე ფიქრობს და მათი ინიცირებაა, რომ “ვნახოთ იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც კონკრეტულ პერიოდამდე ჩათვლილია ავტორიზებულად, რა პრობლემები გვაქვს, რომ არაფერი გამოგვრჩეს”.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლების სავალდებულო ავტორიზაციის პროცესი, კანონში განხორციელებული ბოლო ცვლილების თანახმად, გადავადდა და მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლამ ავტორიზაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის უნდა განახორციელოს.
“2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია”, – ვკითხულობთ საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.
საავტორიზაციო პერიოდის მოახლოებასთან ერთად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კონკრეტულ სამუშოებსა და მისაღწევ შედეგებზე არ საუბრობს. ეყოფა თუ არა საჯარო სკოლებს განახლებული სტანდარტებით ავტორიზაციის გასავლელად დათქმული “გადავადებული ვადები” დრო გვიჩვენებს.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება