ხარისხის ცენტრი: სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმს უარი ეთქვა ავტორიზაციის მინიჭებაზე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 28 ივნისს შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს და განმარტავს, რომ 2022 წლის 27 ივნისს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმს უარი ეთქვა ავტორიზაციის მინიჭებაზე. შესაბამისად, დაწესებულებამ დაკარგა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
უწყების ინფორმაციით, საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნა სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ თვითშეფასების ანგარიშს, საავტორიზაციო დოკუმენტაციას, არგუმენტირებულ პოზიციას, ზეპირ მოსმენაზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ლიტვიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ხარისხის ცენტრი აცხადებს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საფუძველზე, დაწესებულებას მიეცა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრი სტუდენტებს დაასრულებინოს. აქედან გამომდინარე, ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ამოქმედდება 2022 წლის 1 აგვისტოდან.
ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებისთანავე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ერთად სტუდენტებისთვის დაგეგმავს რიგგარეშე მობილობის პროცესს და სტუდენტს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ სწავლა გააგრძელოს სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გამარტივებული წესით (რიგგარეშე მობილობა) იქნება გადაყვანილი.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის არცერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი არ დარჩება განათლების უფლების მიღების გარეშე და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელოს ავტორიზებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. რიგგარეშე მობილობის პროცესთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უახლოეს მომავალში დაგეგმავენ შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას.
“დამატებით აღვნიშნავთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი” და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი და დაცული იყოს სტუდენტების უფლება, ერთის მხრივ მიიღონ ხარისხიანი განათლება და მეორეს მხრივ, თუკი, დაწესებულებას გაუუქმდება ავტორიზაცია – ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ ავტორიზებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში”, – ვკითხულობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება