„ხშირად სტუდენტები 30-40 საათი მუშაობენ თავის გადასარჩენად და ეს დრო აკლდება მათ პროფესიულ განვითარებას“ – ესმა გუმბერიძე
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუდენტები საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ გადაუდებელი საჭიროების ობიექტებში და ეს სიტუაცია პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მძიმდება. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა), 2019-2020 წლის საქმიანობის შეჯამების დროს ისაუბრა.
როგორც ესმა გუმბერიძე ამბობს, ახალგაზრდობის სახელმწიფო სააგენტოში საქმიანობის ფარგლებში ის პანდემიის დაწყებამდე და შემდეგაც ფიზიკურ თუ ონლაინ რეჟიმში ათასობით ახალგაზრდას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„2000-მდე ახალგაზრდას შევხვდი სხვადასხვა რეგიონში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამ პროცესში ბევრ გამოწვევას გადავაწყდი. ახალგაზრდები ძალიან ბევრს აკეთებენ მოხალისეობრივი კუთხით, მათ შორის პანდემიის პირობებში. ისინი საკუთარი ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკავენ, ეხმარებიან სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, მიაქვთ მათთან პროდუქტები და სხვადასხვა ნივთები. ასევე, ისინი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ გადაუდებელი საჭიროების ობიექტებში, მაგალითად მაღაზიებში. სკოლებში და უნივერსიტეტებში ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში, ქმნიან სოციალურ საწარმოებს და მიღებული შემოსავლით ახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას. მათ ადარდებთ გარემო, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და განსაკუთრებით განათლების საკითხები, თითქმის ყველამ ახსენა განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობა. სასკოლო დონეზე ეს შეეხება განსაკუთრებით არჩევით საგნებს და კარიერულ დაგეგმვაში დახმარებას. აუცილებელია ბავშვებთან მუშაობდნენ სპეციალურად გადამზადებული პედაგოგები, რომ დაეხმარონ მათ სამომავლო პროფესიის არჩევაში“, – ამბობს ესმა გუმბერიძე.
მისივე თქმით, სტუდენტები ფინანსური პრობლემების გამო იძულებულები არიან იმუშაონ ისეთ სამსახურებში, რაც მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას არ აძლევს.
„ახალგაზრდები საზოგადოებაში ხშირად მიიჩნევიან უცოდინრებად და გამოუცდელებად, რომ მათ არ აქვთ ჯერ უნარები, რომ რაიმე გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ძალიან ბევრი ცენზი, რაც ახალგაზრდებს უზღუდავს გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებას. მაგალითად პარლამენტის წევრობაზე არის 25 წლამდე ცენზი, მაგ.: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ისეთი მოთხოვნებია, რაც იქ 27-წლამდე ახალგაზრდის ჩართულობას გამორიცხავს. სტუდენტები მასობრივად მუშაობენ იმისთვის, რომ თავი ირჩინონ, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიული გამოცდილება მიიღონ. ქვეყანაში ძირითადად მოხალისეობრივი პროგრამები და სტაჟირებები არის არაანაზაღაურებადი. ძალიან ხშირად სტუდენტები 30-40 საათი მუშაობენ თავის გადასარჩენად და ეს დრო აკლდება მათ პროფესიულ განვითარებას, სწავლას, არაფორმალურ განათლებას, რომელიც პროფესიით დასაქმებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს ახალგაზრდას. ასევე ბევრი სტუდენტი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია ძალიან შორს იცხოვროს თავის სამუშაო და სასწავლებელი ადგილიდან და საყოფაცხოვრებო პრობლემებში და გზაში ხარჯავს დიდ დროს“, – ამბობს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება