GE

„ყველა, გამონაკლისის გარეშე, განათლების პრობლემაზე საუბრობს“ – რას წერენ მოსწავლეები თავიანთ ესეებში

„დისტანციური სწავლებით განათლების მიღებაში სისტემური პრობლემებია – რომ რეგიონებში ინტერნეტი არ აქვთ, რომ კომპიუტერი არ აქვთ, ან თავად აქვთ მაგრამ მათ კლასელებს არ აქვთ“, – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით ვახუშტი მენაბდე. პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი განათლების პროცესში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„რამდენიმე დღის წინ, მოსწავლეების ესეებს ვკითხულობდი პანდემიის პირობებში მათი პრობლემების შესახებ და იცით რას წერენ? ყველა, გამონაკლისის გარეშე, განათლების პრობლემაზე საუბრობს. დისტანციური სწავლებით განათლების მიღებაში სისტემური პრობლემებია – რომ რეგიონებში ინტერნეტი არ აქვს; რომ კომპიუტერი არ აქვთ; ან თავად აქვთ მაგრამ მათ კლასელებს არ აქვთ (გულისამაჩუყებელია ეს ემპათია); რომ ჩამორჩენის გამო ზოგიერთი საკუთარი თავის რწმენას კარგავს; რომ როცა ოჯახში რამდენიმე მოსწავლეა ტექნიკური აღჭურვილობა არ ყოფნით – ეს კი კონფლიქტებს იწვევს; ზოგი ტელეფონის ინტერნეტზეა – ბუნებრივად ჩნდება კითხვა რა უჯდება მობილური ინტერნეტი მშობლებს. სახელმწიფოს მიზანი კრიზისის გამკლავებაა. ამიტომ არ შევქმენით ამგვარი პოლიტიკური მოწყობა, რომ არსებული პრობლემები ერთად გადაგველახა? რაც უფრო დიდია გამოწვევა მით უფრო დიდია გამოცდა. ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ შეფასება როგორ გაუმკლავდა ჩვენი ქვეყანა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს. მეტიც რამდენად იყო ჩვენი სისტემა ამა თუ სფეროში მზად ამისთვის. საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას კოლეგებთან ერთად ბევრი ვეცადეთ რომ კონსტიტუციაში ინტერნეტზე წვდომის უფლება ჩაგვეწერა.

მიხარია, ამან შედეგი გამოიღო და დღეს მე-17 მუხლში წერია: „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა […] უფლება.“ ამავდროულად მახსოვს დამცინავი სახეები და კომენტარები ამაზე საუბარი, რომ დავიწყეთ. ალბათ ახლაც გამოჩნდებიან ასეთები. „თქვენ გინდათ თქვათ რომ სახელმწიფო ვალდებულია სახლში ინტერნეტი შემომიყვანოს?!“ „HD ტელევიზორიც ხომ არ უნდა მიყიდოს?!“ „უფასოც ხომ არ უნდა იყოს ეს ინტერნეტი?!“ და ა.შ. დღეს გამოჩნდა, როგორი მნიშნველოვანია ეს უფლება. თანამედროვე სამყაროში ინტერნეტზე წვდომის გარეშე განვითარების პროცესში სრულყოფილად ვერ ჩაერთვები. ამიტომ თუ ინტერნეტი ძვირია, თუ ის ხელმისაწვდომი არ არის ცენტრიდან ყველაზე დაშორებულ დასახლებებში, თუ ოჯახებს ტექნიქკური აღჭურვილობა არ აქვთ ისინი განვითარების პროექტის მიღმა რჩებიან. სახელმწიფო იმისთვის არსებობს რომ ყველამ ღირსეულად იცხოვროს და არა ზოგიერთებმა.

ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების მიმართულებამ სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ესეების კონკურსი „რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?“ მადლობა ორგანიზატორებს რომ ამ კონკურსის კომისიაში ყოფნის პატივი მერგო. სწორედ იქ წავიკითხე ეს ესეები“, – წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური