GE

„ყველა, მეტ-ნაკლებად, გაქცევაზე ვართ, სამწუხაროდ“ – რატომ აბარებენ მაგისტრატურაზე საქართველოში

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეთა პირველადი შედეგები, როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 1-ელ აგვისტოს განუცხადეს, დაახლოებით 20 აგვისტოს შემდეგ გამოქვეყნდება.

რატომ გადაწყვიტეთ მაგისტრატურაზე ჩაბარება საქართველოში და გეგმავთ თუ არა კარიერის აქ აწყობას? – ეს კითხვა EDU.ARIS.GE-მ იმ ახალგაზრდებს დაუსვა, რომლებიც 2023 წლის სამაგისტრო გამოცდაზე გავიდნენ. მათი პასუხებიდან გამომდინარე კი აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას სამშობლოში აგრძელებენ ისაა, რომ საზღვარგარეთ წასვლა, ჯერ-ჯერობით, ვერ მოახერხეს. თუმცა, ჩვენი რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა გეგმავს, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად და შემდგომ სამუშაოდ, უახლოეს მომავალში მაინც გაემგზავროს.

„იქ მეტი პერსპექტივაა“, „იქ უკეთესი განათლებაა“, „იქ მეტი ანაზღაურებაა“, „აქ დარჩენა რატომ უნდა მინდოდეს?“ – ამ ფრაზებს ვისმენდით ახალგაზრდებისგან, რომელთაც წასვლასთან დაკავშირებით მათი სურვილის მიზეზებზე ჩავეძიეთ. ამბობდნენ იმასაც, რომ მათმა უამრავმა თანატოლმა წასვლა უკვე მოახერხა, ხოლო ვინც დარჩა, ისინიც ამაზე ოცნებობენ და პირველივე შესაძლებლობას ელიან.

ხატია, რომელმაც გვარის გამხელისგან თავი შეიკავა, მაგისტრატურაზე უკვე მეორედ აბარებს. ამჯერად – პროფესიის შეცვლის მიზნით. პირველადი პროფესიით ჟურნალისტია და ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც, ამ განხრით, უკვე გაიარა. ამჟამად პიარის სპეციალობის დაუფლება სურს და სამაგისტრო გამოცდებზეც ხელახლა გავიდა. მის გარშემო არსებულ მაგალითებზე დაყრდნობით ხატია ფიქრობს, რომ მაგისტრატურაზე საქართველოში, ძირითადად, ის კატეგორია აბარებს, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, წასვლა ვერ შეძლო.

„საზღვარგარეთზე ვფიქრობ. სამომავლოდ ვაპირებ წასვლას და კიდევ ერთხელ ჩაბარებას. თუ წავალ, აუცილებლად დავბრუნდები. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. საზღვარგარეთ სწავლა, ჩემს გარშემო, საკმაოდ მოთხოვნადია, ბევრს ვიცნობ ასეთს. არ მგონია ისინი უკან ბრუნდებოდნენ, უმეტესწილად რჩებიან“ , -ამბობს ხატია.

გიორგი ბერიანიძე ბიზნესისა და ეკონომიკის განხრით აგრძელებს სწავლას. ამბობს, რომ საქართველოში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება „ცხოვრებამ“ მიაღებინა:

„ამ ეტაპზე სხვაგან წასვლა არ მიხერხდება. რომ მიხერხდებოდეს, ამ შანსს გამოვიყენებდი. კარიერის აწყობასაც არ გამოვრიცხავდი იქ, რა თქმა უნდა. თუ წავედი, კარიერაზე ვიფიქრებდი, ლოგიკურია. მეტ-ნაკლებად გაქცევაზე ვართ ყველა, სამწუხაროდ. მეც გული მტკივა, მაგრამ ასეა“, – გვეუბნება გიორგი.

„უმეტესობას უნდა (წასვლა -ავტ). სურვილი, ძირითადად, დიდია. მეც მოვახერხებდი, მაგრამ ჯერ აქ მომინდა სწავლა,“ – ეს სოფია ტარტარაშვილის სიტყვებია. სოფია ინგლისურ ფილოლოგიის ფაკულტეტზე აბარებს, იმავე უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა. გადაწყვეტილი აქვს, რომ საზღვარგარეთ დოქტორანტურის საფეხურისთვის გაემგზავროს. სწავლის შემდეგ დაბრუნებას და კარიერის სამშობლოში აწყობას ისურვებდა, თუმცა ჩვენს ჩაკითხვაზე, რას გადაწყვეტდა, თუკი საზღვარგარეთ ხელსაყრელ შემოთავაზებას მიიღებდა გვპასუხობს – „ვნახოთ“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგივე მოვისმინეთ ყველა იმ ახალგაზრდისგან, რომელთაც ვესაუბრეთ. მათ შორისაა სალომე ჩიჩუაც, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულია და მაგისტრატურას იმავე უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე აგრძელებს.

„საქართველოში ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე არ მაქვს საშუალება, სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო. თუ მექნება, პირველივე შესაძლებლობას გამოვიყენებ და აუცილებლად წავალ. მერე კი, გააჩნია რა შესაძლებლობები მომეცემოდა – თუ იქ უკეთესი შემოთავაზებები მექნებოდა, გარკვეული პერიოდი, წლები დავრჩებოდი, კარიერას ავიწყობდი, პროფესიაში ცოდნას გავიღრმავებდი. მერე, ალბათ, ისევ ჩამოვიდოდი. თუმცა, ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. თუ იქ უკეთესი შესაძლებლობა მექნება, რომ საკუთარი თავი განვავითარო, პროფესიაში მეტს მივაღწიო, დიდი ალბათობით, დავრჩებოდი“, – გვეუბნება სალომე.

ნინო ბაღდოშვილი. ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული: „იმისთვის ვსწავლობ, რომ ჩემს ქვეყანას ხელი შევუწყო, განვავითარო. ამ ქვეყანას განვითარებისთვის ჩვენნაირი ახალგაზრდები სჭირდება. სხვა ქვეყანაშიც ვისურვებდი სწავლას, მაგრამ ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული. იქ სწავლა ძალიან ძვირი ჯდება. თუ მომეცემა შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, წავალ და ვისწავლი, მაგრამ ჩამოვიდოდი და ჩემ ცოდნას აქ გამოვიყენებდი, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს.“

ცნობისთვის, 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, რომელიც 27-28 ივლისს ჩატარდა, 10 000-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური