„ყველა მშობლის მთავარი სურვილია, ბავშვის სკოლაში დატოვების არ ეშინოდეს“ – მოლოდინები პირველ სასწავლო დღეს
ახალი სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო. ამ დღეს განსაკუთრებით პირველკლასელები და მათი ოჯახის წევრები ელოდნენ. 2022-2023 სასწავლო წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 55 717 პირველასელისთვის დაირეკა სკოლის ზარი.
სკოლის ეზოში შეკრებილთა შორის მშობელთა მრავალფეროვნება იგრძნობა. პირველკლასელთა გულშემატკივრებთან ერთად აქ სხვადასხვა ასაკის შვილის მშობელს შეხვდებით. მიუხედავად განსხვავებებისა, მათ ერთი საერთო აქვთ – სურვილი, ყველა ბავშვს ჰქონდეს საუკეთესო მომავალი.
EDU.ARIS.GE-მ სკოლებთან მომლოდინე მშობელთა სიმრავლით ისარგებლა და გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა განწყობით ხვდებიან ისინი ახალ სასწავლო წელს. შერჩეულ რესპონდენტებს ვკითხეთ, მათი აზრით, რა უნდა მისცეს სკოლამ ბავშვს და რას ელიან შერჩეული სკოლისგან.
თეო ლომია, რომელიც თბილისის #23 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელია ამბობს, რომ სკოლამ და მშობელმა ერთად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის საინტერესო და წარმატებულ ადამიანად გარდაქმნის პროცესს.
„ჩემი შვილები პირველი და მესამე კლასის მოსწავლეები არიან. მათ განსაკუთრებით ახარებთ სკოლის დაწყება. ახლა უკვე ერთად მივლნენ და წამოვლნენ სკოლიდან. თავადაც ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის როლი ბავშვის განვითარებისთვის. სკოლამ და მშობელმა ერთად უნდა ჩავუყაროთ საფუძველი ბავშვის საინტერესო და წარმატებულ ადამიანად გარდაქმნის პროცესს. ალბათ, ესაა მთავარი მოლოდინი, რომელიც სკოლისგან მაქვს. ბავშვს უნდა ვენდოთ და ვაღიაროთ ინდივიდად. მინდა ყველა მშობელს ვუთხრა, განსაკუთრებით კი პირველკლასელების მშობლებს, რომ სკოლასთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ, მხოლოდ სკოლის მიმართ არ უნდა გქონდეს მოლოდინი, თავად ჩვენც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და ბოლომდე ჩავერთოთ სასკოლო ცხოვრებაში. ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის ვიზრუნოთ როგორც სკოლაში, ასავე სახლშიც და ვეცადოთ, რომ დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, – გვითხრა თეო ლომიამ.
თბილისის #181 საჯარო სკოლის პირველკლასელის მშობელი ანანო გიგაური კი გვიხსნის, რომ მშობლებისთვის შვილების განათლებასთან ერთად მათი უსაფრთხოებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ჩვენთვისაც და ასევე ჩვენი მშობლებისთვისაც. ჩემი შვილი პირველად მიდის სკოლაში და მასზე მეტად ვნერვიულობთ, იმდენად, რომ სახლში არავინ დარჩა. მთავარი მოლოდინი რაც სკოლისგან გვაქვს არის ის, რომ ბავშვმა მიიღოს ცოდნა და განათლება, შემდეგ უკვე ვფიქრობთ, ჰყავდეს კარგი მეგობრები, თავი იგრძნოს კომფორტულად, ხალისიანად და ჰქონდეს სწავლისთვის საჭირო განწყობა. ყველა მშობლის მთავარი სურვილია, სკოლაში ბავშვის დატოვების არ ეშინოდეს, უსაფრთხოება არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სკოლას მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ასევე მშობლებიც აუცილებლად აქტიურები უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი ბავშვისთვის სასიკეთოდ წარიმართოს და მხოლოდ სკოლისგან არ გვქონდეს მოლოდინი. ჩვენც დიდი გამოწვევევები გველოდება და მზად უნდა ვიყოთ“, – გვითხრა ანანო გიგაურმა.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეეების მშობელი ეთო რაზმაძე კი ამბობს, რომ მისი სურვილია, სკოლაში სწავლის მეთოდები შეიცვალოს და ახალგაზრდა მასწავლებლებს სკოლაში დასაქმების საშუალება მიეცეთ.
„9 და 13 წლის ბავშვები მყავს, უფროსი მეცხრე კლასშია, უმცროსი მეოთხეში. სკოლა უნდა ცდილობდეს, მოსწავლეს ხელი შეუწყოს დაძლიოს ახალი გამოწვევები, უნდა აძლევდეს უფასო ზოგად განათლებას, როგორც ეს კონსტიტუციურადაა აღიარებული. ბავშვები დაწყებითი კლასებიდანვე ემზადებიან, არის უამრავი ხარვეზი, რასაც სკოლას ვერ დავაბრალებ, ეს უფრო განათლების სისტემას ეხება. მე, როგორც მშობელს, სურვილი მაქვს, შეიცვალოს სწავლების მეთოდები, ბავშვი სკოლაში თავს გრძნობდეს ინდივიდად და თავისუფალ ადამიანად“, – გვითხრა მოსწავლის მშობელმა.
მისი თქმით, ისურვებდა, რომ ახალგაზრდა მასწავლებლებს სკოლაში დასაქმების საშუალება მიეცეთ, რადგან მოსწავლეებმა თანამედროვე მიდგომებით ისწავლონ.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ასაკოვან მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ საკუთარ თავზე და ცდილობენ, შეცვალონ მოსწავლესთან მიდგომა და ახალ ცოდნას იღებენ, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს ამას სამწუხაროდ და ძველი, ე.წ. „კომუნისტური“ მეთოდებით სწავლებას განაგრძობს, რაც ძალიან ცუდად აისახება სწავლის ხარისხზეც და მოსწავლის დამოკიდებულებაზეც საგნისადმი. ყოველთვის მიჩნდება ასეთი შეკითხვა: მე როგორც ვისწავლე, ჩემმა შვილებმაც ისე უნდა ისწავლონ? დღეს ხომ სხვა საუკუნე და სხვა გამოწვევებია. ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს წარმატებულ სასწავლო წელი მინდა ვუსურვო, მიხარია, რომ სკოლის კედლები ბავშვებს სოციალიზაციის საშუალებას აძლევენ, მაგრამ ამის გარდა, კიდევ ძალიან ბევრის მიცემა შეუძლიათ. ყველა წელი მშობლისთვის ამ მოლოდინით იწყება და იმედი გვაქვს, რაღაც მაინც შეიცვლება“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მოსწავლეების მშობელმა, ეთო რაზმაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასწავლო წელი 632 726 მოსწავლისთვის დაიწყო, მათგან 55 717 პირველკლასელია.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება