GE

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

ამირან გამყრელიძეს განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხევევები, რაც გამოწვეულია საკვების არასათანადოდ შენახვის და არასათანადოდ შენახული საკვების მიღებით.

„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის დირექტორის თქმით, ყველაზე მოწყვლადი მომატებული ტემპერატურის მიმართ არიან ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, როგორებიცაა – გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებით ავადმყოფები.

„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

“ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

იხილეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი რეკომენდაციები.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური