ზაფხულის საგნის გამოცდაზე რეგისტრირებულ 23 ათასამდე პედაგოგში დაწყებითები ჭარბობენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის გამოცდებზე რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცენტრის მონაცემებით, წელს მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე
22 700 – ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 12 500 – ზე მეტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე – 4 000 – მდე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 500 – ზე მეტი.
წინა წლებისგან განსხვავებით მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე წელს ყველაზე მეტმა აპლიკანტმა 22 700-მა შეიტანა განაცხადი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის თქმით, აღნიშნული ტენდენცია იმ შეთავაზებამ განაპირობა, რომელიც გამოცდაჩაბარებულებისთვის გაკეთდა.
„მასწავლებელთა ასეთი დიდი დაინტერესება, ვფიქრობ, იმან გამოიწვია, რომ წელს ერთწლიანი მომზადების პროგრამის შეთავაზება გვაქვს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბაკალავრის პროგრამა აქვს დამთავრებული, ანუ, მინიმუმ, ფლობს ბაკალავრის დიპლომს, შეუძლია, ჩააბაროს საგნის გამოცდა, შემდეგ მიმართოს უმაღლეს სასწავლებელს და გაიაროს ერთწლიანი პროგრამა, რაც მას საშუალებას მისცემს, შევიდეს მასწავლებლის პროფესიაში“, – განაცხადა ივა მინდაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, დარეგისტრირებულთა შორის წელსაც დაწყებითი საფეხურის პედაგოგები ჭარბობენ.
„როგორც წესი, წელსაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების რაოდენობაა ყველაზე მეტი. ასევე ბევრი მსურველია ქართულის და მათემატიკის გამოცდებზე“, – გვითხრა ივა მინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა და ხალხის დამატება აღარ მოხდება. ივა მინდაძის თქმით, მხოლოდ მაგისტრობის მსურველებს შეუძლიათ არჩეული გამოცდის ტიპის შეცვლა, სხვა ტიპის ცვლილებების შეტანა სხვა აპლიკანტებს აღარ შეეძლებათ.
ვის აქვს პედაგოგთა გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:
- პრაქტიკოს მასწავლებელს;
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
- მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში აქვთ.
სიას უკვე დაემატა მუსიკისა და სპორტის საგნებიც, შესაბამისად რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს, ასევე, მონაწილეებს შესაძლებელობა ექნებათ საგნის გამოცდა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ. თუმცა მუსიკისა და სპორტის საგნების შესაბამისი საგამოცდო კრებულები ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის. edu.aris.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოქვეყნება უახლოეს მომავალში იგეგმება.
საგნის გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ტარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
- მათემატიკა (I-VI კლასები);
- ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
- ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
- მათემატიკა (VII-XII კლასები);
- ისტორია;
- გეოგრაფია;
- სამოქალაქო განათლება;
- ფიზიკა;
- ქიმია;
- ბიოლოგია;
- ინგლისური;
- გერმანული;
- ფრანგული;
- რუსული;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- მუსიკა;
- სპორტი.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება