GE

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ საკუთარი დედის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში დაარეგისტრირა.

„შენგელია საქართველოს წინააღმდეგ ასეთი სახელწოდების სარჩელი დარეგისტრირდა ევროსასამართლოში, სტრასბურგში.

„არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.

„ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბუგრში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას.

ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“-წერს ბაჩანა შენგელია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგიდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება მიმიდინარე წლის აგვისტოში შეწყვიტა და განაცხადა, რომ მოკვლევის შედეგად ვინმეს დანაშაული არ გამოკვეთილა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა.  შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა.

განათლების სამინისტროს განმარტებით, სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა და გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. თუმცა საბჭომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური